ქალი – ტექნოლოგიური ინდუსტრიის სადარაჯოზე | ინტერვიუ თეონა მარტაშვილთან

ყველაფერი საჭიროებით დაიწყო: ერთ დღეს, საინტერესო პროექტით შთაგონებულმა თეონა მარტაშვილმა აღმოაჩინა, რომ საქართველოში არ იყო დატაცენტრი, რომელიც მისი პროექტის მინიმალურ ტექნიკურ პირობებს დააკმაყოფილებდა. თეონა მარტო არ იყო ‒ ამგვარ სიტუაციაში იყვნენ სხვა ქართული კომპანიებიც, რომლებიც სერვისების მისაღებად ევროპულ დატაცენტრებს მიმართავდნენ. თეონამ შესაძლებლობა დაინახა და ტექნოლოგიური კომპანია Cloud9 შექმნა, რომელიც, დაარსებიდან მალევე, რეგიონის მთავარ დატაცენტრად იქცა.

კომპანიის მიზნის, მისი კლიენტებისა და კონკურენტების, კიბერდანაშაულთან ბრძოლისა და, რაც მთავარია, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ქალის როლის შესახებ Cloud9-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ ხელმძღვანელს, თეონა მარტაშვილს ვესაუბრეთ.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

თეონა, მოდი, ყველაზე რთული შეკითხვით დავიწყოთ: რა არის Cloud9?

Cloud9 ქართული დატაცენტრ-ოპერატორია, რომელიც კომპანიებისა და ფიზიკური პირების კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს და თან, ყველანაირ პირობას უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებს მათ ინფორმაციაზე უწყვეტი წვდომა ჰქონდეთ.

Cloud9-ის დატაცენტრის შექმნის იდეა, საჭიროებამ გვიკარნახა: საქართველოში ვერ ვიპოვეთ კომპანია, რომელიც ჩვენს ტექნიკურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა, რის გამოც, გარკვეული დროის განმავლობაში, ევროპული დატაცენტრების სერვისებს ვიყენებდით. თუმცა, პარალელურად ამისა, საქართველოში დატაცენტრის შექმნის იდეა არ გვასვენებდა – ისეთი დატაცენტრის მოწყობა გვინდოდა, რომელიც ყველა იმ მომხმარებლის პირობებს დააკმაყოფილებდა, რომლებიც მომსახურებისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ საერთაშორისო დატაცენტრებს მიმართავდნენ.

სულ მალე, იდეა რეალობად იქცა: 2016 წლის სექტემბერში, Cloud9-ის დატაცენტრი ექსპლუატაციაში ჩავუშვით და რამდენიმე წელიწადში, ქართული ბაზრის ლიდერებიც გავხდით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს, Cloud9 ქართული ინტერნეტ-ტრაფიკის აგრეგაციის მთავარ წერტილად იქცა.

რა მდგომარეობაა დატა ცენტრების ინდუსტრიაში საქართველოში, გყავთ თუ არა პირდაპირი კონკურენტი?

დატაცენტრების კუთხით, საქართველოში არასახარბიელო მდგომარეობაა: შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებლებს მრავალფეროვანი არჩევანი არ აქვთ, ხოლო უშუალოდ სფეროს – განვითარება სჭირდება. ამ მიმართულებით ჩვენც ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში, საქართველოში რეგიონალური მნიშვნელობის დატაცენტრის შექმნას ვგეგმავთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ციფრული ჰაბი გახდება. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, საერთაშორისო ბაზარზე წარმოვადგინოთ.

ვფიქრობ, რომ საქართველოში პირდაპირი კონკურენტები არ გვყავს – მომხმარებლებს უნიკალურ სერვისებს ვთავაზობთ და თან, ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ნიშა გვიჭირავს.

დატაცენტრებს სხვა გლობალური კომპანიებიც ფლობენ, მათ შორის Apple-ი, Amazon-ი და Microsoft-ი. თან, წვდომა მათ სერვისებზე ‒ საკმაოდ იაფია. რა არის „ქლაუდცხრას“ კონკურენტული უპირატესობა?

გლობალურ გიგანტებთან შედარებისთვის, მადლობას გიხდით – ჩვენთვის, ეს სწორი განვითარების მანიშნებელია. თუმცა, ჯერ მათგან საკმაოდ შორს ვართ, პირველ ნაბიჯებს ხომ ახლა ვდგამთ. ისე კი, აღნიშნულ კომპანიებს განხსვავებული სტრატეგია აქვთ: ერთადერთი სერვისი, რომლითაც მათ კონკურენციას ვუწევთ – კოლოკაციის მომსახურებაა. თქვენ მიერ დასახელებული კომპანიების დატაცენტრებში, რიგით ადამიანებსა და კომპანიებს საკუთარი სერვერების განთავსება, უბრალოდ არ შეუძლიათ, რადგან ამ კომპანიებს ამგვარი სერვისი არ აქვთ.

ფასებთან შედარებით გეტყვით, რომ ამ კომპანიების მიერ შემოთავაზებული სერვისების ღირებულება, ერთი შეხედვით, მართლაც იაფია – საზოგადოებაში სწორედ ეს წარმოდგენაა გავრცელებული. თუმცა, რეალობა განსხვავებულია და სამწუხაროდ, მას მხოლოდ სერვისის შეძენის შემდეგ ხვდები, რადგან აცნობიერებ, რომ იმ სერვისის მისაღებად, რომელიც რეალურად გჭირდებოდა, რამდენიმე კომპონენტი ან ფუნქცია გაქვს დასამატებელი, რაც მომსახურების ფასს საგრძნობლად ზრდის.

ჩვენი პროდუქტების ფასწარმოქმნის პროცესში, აუცილებლად ვიკვლევთ, თუ რა ფასს სთავაზობენ ამ პროდუქტისთვის უცხოური კომპანიები და ვცდილობთ, რომ ქართველ მომხმარებლებს, იგივე, ან სულაც უკეთესი პირობები შევთავაზოთ, რათა ისინი უცხოელ კონკურენტებთან არ გავუშვათ. გარდა ამისა, ჩვენი სერვისების ფასი ეროვნულ ვალუტაში დგება, რის გამოც, ჩვენთან ურთიერთობა ქართული კომპანიებისთვის ფინანსურადაც გაცილებით უფრო კომფორტულია.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

რა ტიპის ქართულ და უცხოურ კლიენტებს ემსახურებით და რა სერვისებს სთავაზობთ მათ?

პანდემიამ დაგვანახვა, რომ დღევანდელი რეალობა, კომპანიებისგან გამართულ ბიზნეს-პროცესებს მოითხოვს და თან, ამ სერვისებზე მომხმარებლებს მუდმივი დისტანციური წვდომა უნდა ჰქონდეთ, რადგან ხშირად, თანამშრომლები სახლიდან მუშაობენ და არა ოფისიდან. ბიზნეს-პროცესების მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის.

ჩვენი მომხმარებლების პორტფელი თითქმის ყველა საქმიან მიმართულებას მოიცავს: მედიის წარმომადგენლებს, სახელმწიფო სტრუქტურებს, მცირე და საშუალო ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს ვემსახურებით. ჩვენი ბიზნესის სპეფიციკიდან გამომდინარე, საშუალება გვაქვს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებულ მომხმარებლებს მოვემსახუროთ.

ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ დატაცენტრ-ოპერატორი კომპანია გვაქვს, ძალიან მოქნილნი და კლიენტზე ორიენტირებულნი ვართ. დატაცენტრის სტანდარტული სერვისების გარდა, მომხმარებლებს სხვა სახის დამატებით სერვისებსაც ვთავაზობთ: საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ, რომ კომპეტენციის ნაწილი ჩვენ გადმოგვაბარონ, რითაც თავს უფრო კომფორტულად იგრძნობენ.

პანდემიის დროს, განსაკუთრებით იმატა კიბერშეტევების შემთხვევათა რიცხვმა. რამდენად დაცულია თქვენი დატაცენტრი ამგვარი საფრთხეებისგან?

ჩვენი სფეროსთვის, კიბერუსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია – მეტიც, მისი უზრუნველყოფა კომპანიის მთავარი პრიორიტეტიც კი არის, რომელსაც ჩვენი დროისა და რესურსების უმეტესობას ვუთმობთ. ისე კი, კიბერდანაშაულის შემთხვევები მართლაც გახშირდა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობაა ან მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება.

ჩვენს სფეროში, არსებობს კიბერუსაფრთხოების არაერთი საერთაშორისო სტანდარტი და ნორმა, რომელთაგან ზოგი სავალდებულოა, ზოგი კი – რეკომენდირებული. ჩვენ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ისეთ გადაწყვეტილებებს ვნერგავთ, რომლებიც ოპტიმალურ შედეგს გვაძლევენ და თან, შექმნილი გვაქვს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი (Computer Security Incident Response Team, ანუ CSIRT), რომელიც უშუალოდ ამგვარი პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს. კომპანიაში ჩვენ მიერ შემუშავებული და დანერგილი კიბერუსაფრთხოების სისტემების მუშაობის შედეგად, ჩვენი კლიენტები, მუშაობას მასიური კიბერშეტევების დროსაც კი არ წყვეტენ.

თეონა, Cloud9-ის სფეროში და ზოგადად ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, რაოდენობრივად მამაკაცები ჭარბობენ, რის გამოც, თქვენი ამგვარი წარმატება ‒ ბევრისთვის მაგალითის ტოლფასია. როგორც ქალი, რა სირთულეებს წააწყდით და როგორ გადალახეთ ისინი?

კი, დღეს, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში რაოდენობრივად კაცები ჭარბობენ, თუმცა წარსულს თუ გადავხედავთ, ეს სულ ასე არ იყო. პირიქით, ისტორიულად, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში რაოდენობრივად ქალები ჭარბობდნენ, რომელთაც წამყვანი თანამდებობებიც კი ეკავათ. სამწუხაროა, რომ დღეს, ეს ფაქტი ბევრს არ ახსოვს და ბევრმა, არც კი იცის.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

სირთულეები არსებობს, ცხადია. დაახლოებით 10-12 წლის წინ, საზოგადოებაში ჩამოყალიბებული იყო გენდერული სტერეოტიპი, რომელიც, შრომით ურთიერთობებში, როგორც წესი, ქალთა მიმართ დისკრიმინაციით გამოიხატებოდა. იმ წლებში, ეს პრობლემა მეც შემეხო: დამსაქმებელმა მითხრა, რომ ჩემს ადგილს ვერ ხედავდა ტექნიკურ განყოფილებაში, რომელშიც ყველა თანამშრომელი მამრობითი სქესისა იყო. მე კი გადავწყვიტე არ გავჩერებულიყავი და დამემტკიცებინა, რომ ის ცდებოდა, რისთვისაც ყველა საჭირო საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი გავიარე. თუმცა, მას მერე, ჩემი მდგომარეობა გადავაფასე, უკეთესი შემოთავაზება მივიღე და ტექნიკურ განყოფილებაში, ჩემთვის სასურველ პოზიციაზე მოვეწყვე.

საბედნიეროდ, დღეს, დამსაქმებლებს მსგავსი შეხედულებები აღარ აქვთ. პირიქით, ტექნიკური პერსონალის გლობალური დეფიციტის ფონზე, მთავარია, კარგი სპეციალისტი იყო – შენს სქესს კი, მნიშვნელობა აღარ აქვს. ასე რომ, მინდა ვუთხრა ქალებს, რომ თუკი თქვენმა კომპანიამ ტექნიკურ განყოფილებაში თანამშრომლად თქვენი სქესის გამო არ აგიყვანათ, ამ გადაწყვეტილებით, კომპანია იზარალებს: ის კარგ სპეციალისტს დაკარგავს და თან, ამგვარი მიდგომით, წარმატებასაც ვერასდროს მიაღწევს.

რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც საკუთარ თავს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ხედავენ?

ახალგაზრდა გოგონებს ვურჩევდი, გაიხსენონ ისტორია, რომლის მიხედვით, მე-20 საუკუნემდე, ქალებს, ტექნოლოგიურ სამყაროში, წამყვანი და მეტად საპასუხისმგებლო პოზიციები ებარათ – მეტიც, ისინი სამუშაო ძალის 75%-ს შეადგენდნენ. ასევე ვურჩევდი, გადახედონ იმ ქალების ისტორიებს, რომელთაც მსოფლიო შეცვალეს.

დღეს, ტექნოლოგიურ სფეროში წარმატებული ქალის არაერთი მაგალითი გვაქვს: ისინი მსოფლიოს წამყვან კომპანიებში, მათ შორის Apple-ში, Google-ში, Microsoft-ში, Amazon-სა, და Facebook-ში მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ ქალები, ამ კომპანიების სამუშაო ძალის თითქმის 33%-ს შეადგენენ, რაც არც თუ ისე მცირე მაჩვენებელია, ამ კომპანიათა მასშტაბებს თუ გავიხსენებთ. ვფიქრობ, რომ ამ ფაქტზე დაფიქრებით, სტიმულს მიიღებთ და საკუთარი სურვილების აღსასრულებლად საჭირო თავდაჯერებულობით აღივსებით.

გოგონებო, ვინც თავს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ხედავთ, გირჩევთ, რომ თქვენი მიზნების მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყოთ, პირველ დაბრკოლებებს არ შეუშინდეთ, არ გაჩერდეთ, არ დანებდეთ და აუცილებლად გადადგათ შემდეგი ნაბიჯი, რადგან ამგვარად, წარმატება გარდაუვალი გახდება.