რამდენი ადამიანი სჭირდება მარსის კოლონიზაციას

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა SpaceX პროგრამის ფარგლებში მარსის კოლონიზაციის მიმართულებით ინვესტიციების გაზრდასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, ბორდოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორმა ჟან-მარკ სალოტიმ ახალი კვლევა გამოაქვეყნა.

მისი ნაშრომი მათემატიკურ მოდელზეა აგებული და იკვლევს მინიმუმ რამდენი ადამიანია საჭირო მარსზე კოლონიის შექმნისთვისა და ახალი ცივილიზაციის ჩამოყალიბებისათვის.

ის განიხილავს მარსზე განვითარებული შესაძლო სცენარების მთელ რიგს, მათ შორის დედამიწასთან კავშირის მოულოდნელ გაწყვეტას, პლანეტაზე რესურსების დეფიციტსა და მარსის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ჩამოყალიბებას.

კვლევისას ასევე გათვალისწინებულ იქნა მოსახლეთა საშუალო ფიზიკური მონაცემები, სოციალური მახასიათებლები და შრომისუნარიანობა.

შედეგად დადგინდა, რომ მარსის კოლონიზაციისთვის საჭირო საორგანიზაციო და საინჟინრო საკითხების მოსაგვარებლად სულ მცირე 110 ადამიანიც კი საკმარისია. პროფესორი სალოტი აცხადებს, რომ თუ ეს რიცხვი რეალობაშიც ზუსტი აღმოჩნდება, მარსზე გადარჩენისა და ახალი ცივილიზაციის შექმნის შანსები გაცილებით მაღალია, ვიდრე წარმოგვედგინა.