ქართველები უკრაინისთვის | 9-10 აპრილს უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო მარკეტი გაიმართება

9-10 აპრილს ღვინის ქარხანაში უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება. საქველმოქმედო მარკეტის მიზანია, ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად საჭირო თანხის მობილიზება და საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების გაწევა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, საქველმოქმედო მარკეტი ძალიან მცირე დროში დაიგეგმა. მიუხედავად ამისა, კომპანიებისა და ვენდორების ჩართულობამ მოლოდინს გადააჭარბა და მოკლე დროში საერთო მიზნის ქვეშ მრავალი მხარდამჭერი გაერთიანდა.

„საქველმოქმედო მარკეტის მთავარი მიზანია, ჰუმანიტარულ დახმარებას მიეცეს სისტემური სახე და აღარ იყოს წერტილოვანი ან დაფანტული.  იმედი გვაქვს, ომი მალე დამთავრდება და უკრაინა გაიმარჯვებს, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანას და ხალხს ამის შემდეგაც დასჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. სასიხარულოა იმის აღმოჩენა, თუ რამდენ ადამიანს, ორგანიზაციასა და ბიზნესს აქვთ სურვილი მხარში დაუდგნენ უკრაინელ ხალხს. გვჯერა, რომ ერთად ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ“ – აცხადებენ ორგანიზაციაში „ქართველები უკრაინისთვის“.

აქვე გაცნობებთ, რომ საქველმოქმედო მარკეტის ორგანიზებაში უკვე ჩაერთნენ როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ვენდორები – ორგანიზატორების თქმით, თითოეული მათგანი იაზრებს პასუხისმგებლობას და ამასთან, აქვთ დიდი სურვილი მხარში დაუდგნენ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. ცნობისთვის, მათი უმრავლესობა 100%-იანი დონაციით შეუერთდა კამპანიას.

„მჯერა, რომ ეს საქველმოქმედო მარკეტი მრავალი კარგი წამოწყების წინაპირობა გახდება. დარწმუნებული ვარ, ამ ღონისძიების მეშვეობით გავიცნობთ აქ მყოფ უკრაინელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მარკეტის დახმარებით საზოგადოება გაერთიანდება ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის ირგვლივ – უკრაინისა და უკრაინელების დასახმარებლად“ – რუსკა ზაალიშვილი, საქველმოქმედო მარკეტის ორგანიზატორი და „ქართველები უკრაინისთვის“ წარმომადგენელი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღონისძიება უკრაინიდან ჩამოსული ხალხისა და აქ არსებული თემის გაერთიანებას ისახავს მიზნად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ღონისძიებაზე გაიხსნება საინფორმაციო დახლი, სადაც ერთობლივად იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოში არსებულ სხვადასხვა რესურსებთან დაკავშირებით – მაგალითად, სამართლებრივი და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

საქველმოქმედო მარკეტის ორგანიზატორია „ქართველები უკრაინელებისთვის“, რომელიც ქართველი მოხალისეებისგან დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფია. გაერთიანების მიზანია, ერთი მხრივ, გაუწიოს ორგანიზება კომპანიებისა და ხალხის სახელით ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას, უკრაინის საელჩოს მიერ მოწოდებული პრიორიტეტული საჭიროებების სიის მიხედვით. მეორე მხრივ კი, დაეხმაროს საქართველოში მყოფ უკრაინელებს საჭირო რესურსებით. ომის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროებები და პრიორიტეტები მუდმივად ცვალებადია. ორგანიზაცია ცდილობს, მყისიერად იქონიოს რეაგირება შეცვლილ მოთხოვნებზე. ამის გათვალისწინებით, მარკეტზე შემოსული თანხა გადაირიცხება ფონდში, რომელიც პრიორიტეტულ ნივთებს შეიძენს და უკრაინაში გაგზავნის. საგულისხმოა ისიც, რომ ორგანიზაცია თანამშრომლობს სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებთან და შესაბამის პროდუქციას შეღავათიან ფასებში იღებენ.

ღონისძიების გვერდი Facebook-ზე.