მარჯანიშვილის 7-ის ახალი სიცოცხლე

თიბისი კონცეპტის განახლებული მულტიფუნქციური სივრცე მარჯანიშვილის 7-ში სამი სხვადასხვა ფორმატის საგამოფენო ქვესივრცეს აერთიანებს და კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს ქმნის ხელოვნებისა და კულტურის პროექტების მხარდასაჭერად. გამოფენებთან ერთად, თიბისი კონცეპტის სივრცე ღიაა საგანმანათლებლო ფორუმებისა და დისკუსიებისთვის, მოიცავს საერთო სამუშაო სივრცეს, ბიბლიოთეკას – პრაქტიკულად ყველა კომპონენტს, რაც მომხმარებელს თვითგანვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებს უქმნის.

მარჯანიშვილის 7 ამჟამად ორ გამოფენას მასპინძლობს. ერთ-ერთი თიბისის სახელოვნებო კოლექციიდან შერჩეული ფოტო და მულტიმედია ხელოვნების ნამუშევრების გამოფენაა. მისი, ისევე, როგორც, ზოგადად, თიბისი ბანკის მიზანი საქართველოში თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. თიბისი წლების განმავლობაში უჭერს მხარს კულტურის განვითარებას და ამ მიმართულებით არაერთი ინოვაციური პროექტისა თუ ინიციატივის ავტორია.

ფოტო: გურამ კაპანაძე

„სიზმარს ვხედავდი“ ფოტოგრაფ დარო სულაკაურის პანდემიის დღიურებია. გამოფენა განსაკუთრებით ემოციურ გავლენას ახდენს მნახველზე, რამდენადაც ტექსტებითა და ფოტომასალით მკაფიოდ აცოცხლებს პანდემიასთან დაკავშირებულ შეგრძნებებსა და გამოცდილებას.

თიბისი კონცეპტის განახლებული სივრცისა და მიმდინარე გამოფენების შესახებ თიბისის არტ კურატორი ნინა ახვლედიანი და თიბისი კონცეპტის მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ თავბერიძე გვიყვებიან.

რა დატვირთვასა და შესაძლებლობებს ითავსებს თიბისი კონცეპტის განახლებული მულტიფუნქციური სივრცე?

მარიამი: აქაურობის მთავარი დანიშნულება და მიზანი არის ის, რომ თიბისი კონცეპტის ღირებულებები მაქსიმალურად გააცოცხლოს და მომხმარებელს ის გამოცდილება შესთავაზოს, რომელიც რელევანტურია მისთვის და მნიშვნელოვანია ბრენდისთვის. ესაა, უპირველეს ყოვლისა, მრავალფეროვნება. ჩვენ ვიცნობთ ჩვენს მომხმარებლებს და ვიცით, რომ მათ მრავალფეროვანი საჭიროებები და ინტერესები აქვთ. ზოგადად, ყველა ადამიანს საკუთარი კონცეფცია აქვს. ჩვენც გვინდა მათი ეს უნიკალურობა გავითვალისწინოთ და ეს ჩვენს აქტივობებში ავსახოთ. ამ სივრცეში შემოსვლისთანავე ხვდები, რამდენად საინტერესო ადგილას აღმოჩნდი. აქ ყველა კუთხეში შეგიძლია რაღაც ახალს მიაგნო, ბევრ განსხვავებულ ადამიანს შეხვდე, იმუშაო, იკითხო და შენთვის საინტერესო ისტორიები, ამბები თუ სიახლეები აღმოაჩინო. ჩვენი ჩანაფიქრია ამ სივრცეში ყოველთვის ხდებოდეს რაღაც მნიშვნელოვანი, იყოს მოძრაობა. გვექნება ბევრი საინტერესო ღონისძიება, მაგალითად, გამოფენები, შეხვედრები და ა. შ. ზოგადად, სივრცის კონცეფცია დიდწილად განსაზღვრა იმან, რომ თიბისი იყო და იქნება ხელოვნების, კულტურის, თანამედროვე არტისტების აქტიური მხარდამჭერი. ამიტომ ყოველთვის, როცა თიბისი კულტურის მიმართულებით მხარდაჭერის პროექტებს განახორციელებს, ამ პროექტების ნაწილს მარჯანიშვილის სივრცეც უმასპინძლებს.

განახლებული თიბისი კონცეპტის სივრცის გახსნა პანდემიას დაემთხვა. შეგაფერხათ თუ არა ამან რაიმე თვალსაზრისით?

მარიამი: რა თქმა უნდა, შექმნილმა ვითარებამ მნიშვნელოვნად შეგვაფერხა ჩვენი იდეების განხორციელების თვალსაზრისით. ახლა, შეიძლება ითქვას, პირველი ნაბიჯები გადავდგით ამ განახლებული სივრცის გასაცოცხლებლად. დასაწყისისთვის ესაა ორი გამოფენა და მათთან დაკავშირებული შეხვედრები და ტურები, რომლებსაც მარჯანიშვილის 7 მასპინძლობს.

ამ სივრცის შესაქმნელად ჩვენ, ბრიტანულ სააგენტოსთან ერთად, საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდით. სტრატეგიის შემუშავებითა და დიზაინიდან დაწყებული, მოსამზადებელმა ეტაპმა ორ წელზე მეტხანს გასტანა.

მარიამ თავბერიძე | ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

სივრცის კონცეპტი თავად ნაგებობამაც განსაზღვრა. შენობას დიდი ისტორიული ღირებულება აქვს. ჯერ ერთი, საკმაოდ ძველი ნაგებობაა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მისი ისტორია 1910 წლიდან იწყება და დროთა განმავლობაში მას არაერთხელ შეეცვალა ფუნქცია. ბოლოს, რაც ყველაზე მეტს ახსოვს, აქ თბილისის ცენტრალური უნივერმაღი იყო განთავსებული. ყველა ეტაპზე ეს ერთ-ერთი ცენტრალური შენობა იყო თბილისისთვის, სადაც უამრავი ადამიანი მოძრაობდა. როდესაც ბრიტანულ სააგენტოში ამ პროექტზე მუშაობა დაიწყეს, მათ პირველ ეტაპზე, კონცეფციის დონეზე გაიაზრეს ყველაფერი, შემდეგ ჩამოვიდნენ, თბილისი დაათვალიერეს, ჩვენს კულტურას გაეცნენ, აღფრთოვანდნენ ამ ყველაფრით და ერთობლივად მივედით იმ იდეამდე, რომ ისტორია უნდა გაგრძელებულიყო – ეს ყოფილიყო სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, იდეებს ცვლიან, ერთმანეთის მაინსპირირებელი ძალა ხდებიან. მიუხედავად იმისა, რომ შენობის ინტერიერი დროთა განმავლობაში იცვლებოდა, მნიშვნელოვანი ისტორიული ნაწილები, როგორიცაა, მაგალითად, კიბე, დღემდე შენარჩუნებულია. ასევე ფასადი, რომელიც რეკონსტრუქციის დროს აღდგა მცირედი ცვლილებებით. საბოლოოდ, ახალმა დიზაინმა ჰარმონიულობა, ბუნებრიობა და ღიაობა დაუბრუნა ნაგებობას.

იმ გამოფენებზე მოგვიყევით, რომლებსაც ამჟამად მასპინძლობს მარჯანიშვილის 7.

ნინა: პირველ სართულზე საგამოფენო სივრცეში თიბისის სახელოვნებო კოლექციის გამოფენას ვმასპინძლობთ, რომელიც სკულპტურულ, ფოტო და მულტიმედია ნამუშევრებს აერთიანებს. ესაა პირველი შემთხვევა, როცა თიბისი თავის სახელოვნებო კოლექციას საგამოფენო ფორმატში წარადგენს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს რეგიონში კორპორატიული სახელოვნებო კოლექციის წარდგენის პირველი პრეცედენტია. ბანკს, წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტებიდან გამომდინარე, სახელოვნებო ნამუშევრების საკუთარი კოლექცია აქვს, რომელიც გადავწყვიტეთ გამოგვეტანა და ექსპოზიციის სახით შეგვეთავაზებინა ჩვენი სტუმრებისთვის. გამოფენაზე 6 ხელოვანია წარმოდგენილი: ქეთი კაპანაძე, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, ანნა კე, დავით მესხი, გვანცა ჯიშკარიანი და ნატა სოფრომაძე. ექსპოზიცია მასშტაბური არაა, მაგრამ ყველა ნამუშევარი საინტერესო ისტორიას, შინაარსს ატარებს და თიბისის მიერ განხორციელებულ ძველ პროექტებს უკავშირდება. სახელოვნებო გალერეების მხარდაჭერის არაერთი პროექტი გვქონდა და დღემდე გვაქვს. გამოფენებიდან ბანკს საჩუქრად ხშირად გადმოეცემოდა ნამუშევრები, ნაწილს ვიძენდით ხელოვანების მხარდაჭერის მიზნით. მაგალითად, კოლექციის ძალიან საინტერესო ექსპონატი გახდა ანნა კე-ს (ანა ეძგვერაძე კაპანაძე) ნამუშევარი, რომელიც ბანკს მას შემდეგ გადმოეცა, რაც თიბისიმ ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონზე წარსადგენად ანას პროექტი დააფინანსა.

შესაბამისად, ყველა ეს ნამუშევარი გარკვეულ ისტორიას ატარებს და ჩემი ბოლო წლების საქმიანობის ერთგვარი შეჯამებაცაა, იქიდან გამომდინარე, რომ ბანკს კონსულტაციებს ვუწევ ამ კოლექციისთვის ახალი ექსპონატების დამატების მიმართულებით.

კონკრეტულად ამ გამოფენისთვის ქართველი არტისტების ნამუშევრები შეირჩა, მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია უცხოელ ავტორებსაც მოიცავს. მათ შორის რობერტ კაპას შავ-თეთრი ფოტოები. თიბისი უვლის ამ კოლექციას, მის კონსერვაციაზეც იზრუნა, უზრუნველვყოფთ ამ ფოტოების სწორად შენახვას. გარდა ამისა, თიბისის კოლექციაში დაცულია საერთაშორისო მნიშვნელობის ქართველი ხელოვანების ნამუშევრები. გამოფენის ექსპოზიციის ავტორთა ნაწილიც უცხოეთში მოღვაწეობს. მაგალითად, ანნა კე ნიუ-იორკშია, დათო მესხი და ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი – ბერლინში. გამოფენა 19 მაისს გაიხსნა და სამი თვის განმავლობაში უმასპინძლებს დამთვალიერებელს.

და კიდევ ერთი, თიბისის მზაობა აქვს, რომ მომავალში ამ ნამუშევრების გათხოვებაც მოხდეს. ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. სახელოვნებო კოლექცია ხელმისაწვდომი იქნება სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებისთვის და, იმედია, დიდ სიამოვნებას მიანიჭებს მნახველს.

მარიამი: რაც შეეხება მეორე გამოფენას. როგორც აღვნიშნე, თიბისი აქტიურად მუშაობს კულტურის მხარდაჭერის მიმართულებით. მათ შორის, მხარს უჭერს ფოტოკონკურს „ქოლგას“. სწორედ „ქოლგასთან“ თანამშრომლობის ფარგლებში გავაკეთეთ დარო სულაკაურის არაჩვეულებრივი, როგორც ექსპოზიციის, ისე დიზაინის მხრივ ძალიან საინტერესო გამოფენა. ნამუშევრები მეორე სართულზე მრგვალ გალერეაშია გამოფენილი. მათი შინაარსი, ვფიქრობ, განსაკუთრებით ემოციური იქნება თითოეული მნახველისთვის. „დარო სულაკაურის პანდემიის დღიურები“ აღწერს ჩვენს ბოლოდროინდელ რეალობას, გარემოს, რომელიც მოულოდნელად შეიცვალა და პერიოდს, რომელთან გამკლავება ყველამ სხვადასხვანაირად შეძლო.

ნინა ახვლედიანი | ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ნინა: თიბისი ძალიან აქტიური აგენტია არა მხოლოდ კულტურული პროექტების ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით, არამედ კოლაბორაციული მიდგომებითაც, რაც თანამშრომლობის პროცესში აქტიურ და საინტერესო თანამონაწილეობას გულისხმობს. ამ შემთხვევაში „ქოლგამ“ შემოგვთავაზა ექსპოზიციის გაკეთება მათი პროგრამის ფარგლებში და მე შევარჩიე უშუალოდ ის პროექტი, რომელიც ახლაა წარმოდგენილი მარჯანიშვილის 7-ში. ესაა დარო სულაკაურის გამოფენა, რომელიც მისმა სახელოვნებო წიგნმა გვიკარნახა. ეს ხელნაკეთი წიგნი ავტორის დღიურების ამონარიდებისა და ფოტოების სინთეზია. ამ საკოლექციო, უნიკალური ნივთის სულ ხუთი ეგზემპლარია. სწორედ ეს წიგნი იქცა გამოფენის შთაგონებად. მისი შემადგენელი არაერთი ფოტოდოკუმენტი და ჩანაწერი წარმოვადგინეთ საექსპოზიციო სივრცეში. ავტორი პანდემიის პერიოდში ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებდა ჩანაწერებს, როგორც საკუთარ, ისე ოჯახის წევრების თითოეულ დღეს აღწერდა. ამ ტექსტუალურ მასალას ფოტოდოკუმენტაცია აქვს დართული, რაც დღიურს ძალიან საინტერესო ნამუშევრად აქცევს. დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ ეს წიგნი და ფოტომასალა განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს, რადგან ექსპოზიცია ახლაც უკვე განვლილის ნახვის ეფექტს იძლევა და ძალიან ემოციურია დამთვალიერებლისთვის. ფოტოები პანდემიის დაწყებიდან ყველაზე კრიტიკულ პერიოდებს ასახავს და საოცრად საინტერესოდ გადმოსცემს ჩვენს სოციალურ ცხოვრებას. ყველას შეგვიძლია საკუთარი გამოცდილების იდენტიფიცირება მოვახდინოთ დაროს ნამუშევრებთან.

რა არის ის ქვესივრცეები, რომლებსაც ეს შენობა და განახლებული სივრცე აერთიანებს?

მარიამი: Flagship-ის ტიპის მულტიფუნქციური სივრცე შენობის ოთხ სართულზე 2400 კვ.მ.-ზეა გადანაწილებული და 11 ქვესივრცედ იყოფა: საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცეები, თვითმომსახურებისა თუ პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები. აქაურობა სხვადასხვა ტიპის და განსხვავებული მიზნების მქონე ადამიანებისთვის შეიძლება იყოს საინტერესო. აქვეა ბიბლიოთეკა. ის განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ახლის გაგება, სხვადასხვა მიმართულებით განვითარება სურთ. გვაქვს ლიტერატურა ხელოვნების, კულტურის, მაგალითად, არქიტექტურის, მხატვრობის მიმართულებით. ასევე ბიზნესლიტერატურა ინგლისურ ენაზე. გვაქვს პატარა საკოლექციო მუზეუმ-შოპის სტილის მაღაზია და კაფე, რამდენადაც სამუშაო სივრცეში დიდხანს დარჩენის დროს მნიშვნელოვანია საკვები ობიექტი ახლოს იყოს. შესაბამისად, როცა აქ შემოდიხარ, სხვადასხვა ვერსია გაქვს, რომელი მიმართულება აირჩიო. ჩვენი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია თვითგანვითარება და, ზოგადად, განვითარება. ამიტომ ჩვენი სურვილია ეს სივრცე ადამიანების შეხვედრისა და თანამშრომლობის გამორჩეული, ცენტრალური ადგილი იყოს.

ყველა სივრცე უკვე ხელმისაწვდომია. ვმუშაობთ ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, აქაურობა ნებისმიერი სტუმრისთვის ღიაა, თუმცა თიბისი კონცეპტის მომხმარებლები განსაკუთრებული პირობებით სარგებლობენ.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ მასშტაბის მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში პირველია. ვამაყობთ, რომ პირველებმა შევძელით საქართველოში ამ იდეის განხორციელება. უკვე რამდენიმე საერთაშორისო გამოცემაში დაიწერა ჩვენს პროექტზე. დაგეგმილი გვაქვს სივრცის უფრო აქტიურად დატვირთვა, გვინდა კიდევ უფრო გავამდიდროთ აქ მოსული ადამიანების გამოცდილება.

ნინა: ამ სივრცის მულტიფუნქციურობა იმაში მდგომარეობს, რომ გამოფენების გარდა, აქ სალექციო პროგრამების, შეხვედრების, სხვადასხვა ტიპის ღონისძიების გამართვის საშუალება გვეძლევა. შემოქმედებითი, საგანმანათლებლო თუ საჯარო სივრცეები დაემატა კონცეფციას. ახლა უფრო მეტი შესაძლებლობები გვაქვს. მარჯანიშვილის 7-ში სისტემატურად, მუდმივ რეჟიმში იქნება წარმოდგენილი ან გამოფენა, ან საგანმანათლებლო პროექტი თუ სხვა. ვრცელი პროგრამა შევადგინეთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მომდევნო წლის მარტამდე გაწერილი გვაქვს კულტურული პროგრამა და ეს გულისხმობს არაერთ გამოფენას თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივას.

მარიამი: გეგმაში გვაქვს, რომ გამოფენების, შეხვედრების მიმართულების გარდა, სხვა სფეროებიც მოვიცვათ. აქტივობების თემატური კალენდარი შევადგინეთ: კინო, ლიტერატურა, აღმოჩენები, თავგადასავლები, თვითგანვითარება და მომავლის სამყარო. ამ თემების ირგვლივ ბევრ საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ, რომელთა ფიზიკური ხორცშესხმის ადგილი ყოველთვის იქნება მარჯანიშვილის 7. თიბისი კონცეპტის სივრცე შემოქმედებით-შემეცნებითი ცენტრი და საუკეთესო გარემოა ერთმანეთთან შესახვედრად და იდეების გასაზიარებლად ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრების სტილი, საქმიანობა და ინტერესები აქვთ.

ფოტო: გურამ კაპანაძე