Google, Yahoo!, საკუთარი დაფუძნებული კომპანიები და რამდენიმე ასეული მილიონი – ეს მარისა მეიერის თავბრუდამხვევი კარიერის მოკლე აღწერაა. STEM მიმართულებები რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალების სიმცირით გამოირჩევა, ყველასათვის ცნობილია. თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც მოიძებნებიან მშრომელი, პროფესიონალი და განსაკუთრებული ქალები. ტექნოლოგიების სფერო კი ნამდვილად წარმოუდგენელი იქნებოდა 45 წლის მარისა მეიერის გარეშე. Forbes-ის ყველაზე მდიდარი ამერიკელი Self-Made ქალების სიაში მეიერი 33-ე ადგილზეა. ქალის ქონება 2019 წელს 620, ახლა კი 600 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
მორცხვი გოგონა ვისკონსინიდან ბალერინობაზე ოცნებობდა, თუმცა მათემატიკისა და სხვა ზუსტი მეცნიერებების მიმართ ინტერესს ადრეული ასაკიდანვე ამჟღავნებდა. მარისა მეიერი სკოლის დამთავრების შემდგომ, რამდენიმე უნივერსიტეტში აგრძელებს განათლების მიღებას. მათგან პირველი სტენდორდის უნივერსიტეტია. თავდაპირველად, ამ უნივერსიტეტში მარისა პედიატრად გახდომის სურვილით მივიდა და მოსამზადებელი კურსიც გაიარა. მაგრამ, გადაწყვეტილება მალევე შეცვალა და ხელოვნებისა და სხვადასხვა მეცნიერების შესწავლას შეუდგა. საბოლოოდ, მარისამ სტენფორდის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით მიიღო ხარისხი. ამის შემდგომ კი მან ილინოისის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა.
უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდგომ, წარმატებამაც არ დააყოვნა. როგორც ქალის რეზიუმეში წერია, უნივერსიტეტებისა და კომპანიებისაგან სულ 14 შემოთავაზება მიიღო. მარისამ Google-ში მუშაობა არჩია და ახლადშექმნილი კომპანიის პირველი ქალი ინჟინერი და მეოცე თანამშრომელიც გახდა. თავდაპირველად, მეიერს კოდების წერა და Google-ის საძიებო შეთავაზებების შექმნა ევალებოდა. ამასთანავე, იგი კომპანიის ინჟინრების მცირე გუნდს ხელმძღვანელობდა. რამდენიმე წელში მეიერი Google Search Product-ის ვიცე პრეზიდენტი ხდება. ქალს უდიდესი როლი აქვს Google-ის შექმნილი აპლიკაციების დახვეწაში. მარისა მეიერი დიდხანს ამავე კომპანიის მთავარი სპიკერის მოვალეობასაც ითავსებდა.
Google-ის შემდგომ თავგადასავალი Yahoo!-ში გრძელდება. ალბათ, ამ უკანასკნელთან მარისა მეიერის ფიგურა მეტადაა ასოცირებული. Yahoo! ინტერნეტ სერვის პროვაიდერია. ქალი თავდაპირველად მათი მმართველი საბჭოს წევრიც იყო. ხოლო, 2012 წელს მარისა მეიერი კომპანიის პრეზიდენტად და აღმასრულებელ დირექტორად გამოაცხადეს. ამ წლებში კი Yahoo!-ს მდგომარეობა სახარბიელო არაა. ახალმა CEO-მ ბიუროკრატიული მმართველობის მოშლა და მეტად კულტურული სამუშაო გარემოს შექმნა დაისახა მიზნად. მარისა მეიერის Yahoo!-ში საქმიანობას სხვადასხვა გამოცემა მუდმივად აკრიტიკებდა. თუმცა, მისი მმართველობის პერიოდში Yahoo! დიდად გაიზარდა: გაიზარდა კომპანიის შემოსავალი და მასშტაბები.
მეიერს Yahoo!-ს აღმასრულებელ დირექტორად ყოფნისას სასამართლო დავებშიც მოუხდა მონაწილეობა. მას რამდენიმე კაცი თანამშრომელი დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა. როგორც Yahoo!-ს მედიის აღმასრულებელი დირექტორი, სკოტ არდი ამბობდა, მარისა მეიერმა იგი უსაფუძვლოდ დაითხოვა სამსახურიდან. ეს საქმე სასამართლომ სამ წელიწადში დახურა და დაადასტურა, რომ მეიერი მამაკაცი თანამშრომლების კომპანიისაგან ჩამოშორებას ცდილობდა. მათივე თქმით, ქალი საკუთარი პოლიტიკით მისსავე სუბიექტურ მოსაზრებებს აკმაყოფილებდა. ეს კი დასაქმებული კაცების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.
როდესაც მეიერი Yahoo!-ს აღმასრულებელ დირექტორად დაასახელეს, ქალმა მაშინვე დაიწყო სამსახურეობრივ სივრცეში გენდერულ უთანასწორობაზე საჯაროდ საუბარი. მისი თქმით, სხვაობა არა მხოლოდ ქალისა და კაცის ანაზღაურებას, არამედ შვილიან ქალებსა და დანარჩენ სამუშაო ძალას შორისაცაა. იგი ფიქრობს, რომ სწორედ ესაა მიზეზი მმართველ პოზიციებზე ქალების სიმცირისა. მშობიარობის შემდგომ მათ დამსაქმებლების მიერ არანაირი ხელშეწყობა არ აქვთ. ხშირად ქალებს შვილის აღზრდა უფრო მნიშვნელოვან საქმედ მიაჩნიათ და სამსახურებსაც ტოვებენ. მეიერი მუდმივად ცდილობდა ასეთი ქალებისათვის Yahoo!-ში მაქსიმალური კომფორტი შეექმნა.
მარისა მეიერის Yahoo!-ში მუშაობის ბოლო წელს, კომპანიას დიდი ზიანი მიადგა. მათ მთავარ იურისტს მომხმარებლის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევას ედავებოდნენ: ერთ მილიარდზე მეტი ადამიანის პერსონალური მონაცემები გასაჯაროვდა. ამ არასასიამოვნო ფაქტმა, ცხადია, კომპანიას დიდი ფულადი ზარალიც მიაყენა. Yahoo!-ს CEO მარისა მეიერმა კი საკუთარ წლიურ ბონუსზე, რომელიც თითქმის 2 მილიონი აშშ დოლარი იყო, უარი თქვა. მეიერმა Yahoo!-ში საქმიანობა 2017 წელს დაასრულა. მას შემდეგ, რაც იგი Verizon-მა იყიდა.
ინტერნეტ და ტექნოლოგიური გიგანტების დატოვების შემდგომ, მარისა მეიერმა საკუთარი კომპანია – Lumi Labs – დააარსა. ის დღემდე არსებობს და ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის შექმნასა და სამომხმარებლო მედიაზე. გასულ წელს Lumi Labs-მა სახელი შეიცვალა და უკვე Sunshin-ად ცნობილმა კომპანიამ საკუთარი პირველი პროდუქტი Sunshine Contacts წარგვიდგინა. იგი მობილურში ჩამოსატვირთი აპლიკაციაა, რომელიც iOS მოწყობილობების კონტაქტებს მართავს. Sunshine Contacts-ს შეუძლია მობილურში შეყვანილი კონტაქტების ინტელექტუალური ალგორითმების მეშვეობით გაუმჯობესება.
მარისა მეიერი ტექნოლოგიების სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალია. მან Google-სა და Yahoo!-ში მუშაობით 600 მილიონზე მეტი დააგროვა და შეძლო, გამხდარიყო ერთ-ერთი პირველი ქალი მმართველი ტექნოლოგიების უდიდეს ინდუსტრიაში.