წარმატებული ქალები მოდის ინდუსტრიაში: მარინ სერე

გარემოს დაცვაზე განსაკუთრებით ფოკუსირებული დიზაინერი, მარინ სერე, ჰიბრიდული მოდის ერთ-ერთი პიონერია. მისი უჩვეულო სპორტული ტანსაცმლისა და განსხვავებული ხედვის გამო ის მოდის ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილი გახდა. 2017 წელს 26 წლის ფრანგმა დიზაინერმა LVMH-ის პრიზი მოიპოვა და ისეთი კომპანიების ყურადღება მიიპყრო, როგორებიცაა Dover Street Market და Joyce.

Photo Credits to Thomas Chéné/WWD

სერე საფრანგეთში, პატარა სოფელ კორეზში დაიბადა. ის ბავშვობიდანვე ამბიციური იყო, კარგად თამაშობდა ტენისს და არაერთ ტურნირშიც მიუღია მონაწილეობა. 2004 წლის შემდეგ მარინი მოდის სამყაროთი დაინტერესდა და ვიზუალური ხელოვნების სკოლაში დაიწყო სიარული. დიზაინერის ბაბუა მეორეული ტანსაცმლით ვაჭრობდა და სწორედ მისგან ისწავლა მარინმა ვინტაჟური სტილის დაფასება. ამ ყოველივეს გამო მან ახალი მიზანი დაისახა, რომელიც La Cambre Mode(s) აკადემიაში ჩაბარება იყო. სერემ ეს მოახერხა და 2016 წელს ამ დაწესებულების საუკეთესო კურსდამთავრებულიც გახდა, მისივე შექმნილი კოლექციის გამო.

Photo Credits to Chris Colls; 2020 Parkwood Entertainment

მარინმა იცოდა, რომ ასე ადვილად მოდის სამყაროში ვერ დაიმკვიდრებდა თავს და სჭირდებოდა გამოცდილება. მან სტაჟირება გაიარა ბრენდში Alexander McQueen – სარა ბარტონისგან სერემ ბევრი რამ ისწავლა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. შემდეგ იმუშავა Maison Margiela-ში, იყო რაფ სიმონსის სტაჟიორი Dior-ში. საბოლოოდ კი დემნა გვასალიასთან დაიწყო მუშაობა Balenciaga-ში. ბალენსიაგაში მუშაობისას მან გადაწყვიტა საკუთარი ბრენდის ჩამოყალიბება.

2017 წელი სერეს კარიერისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. მისი მეხუთე კოლექცია, სახელად Radical Call for Love, Heyeres-ის ფესტივალზე გამარჯვებულად დაასახელეს. სერე კი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა. ჟიურის წევრები იყვნენ ლეგენდარული დიზაინერი, კარლ ლაგერფელდი და ფიბი ფაილო, რომლებიც აღფრთოვანებული დარჩნენ სერეს ნამუშევრებით. მათ აღნიშნეს, რომ მარინი მისი ხედვის გამო მუდმივად იქნებოდა მოდის სამყაროს ნაწილი და ეს ასეც მოხდა. 2018 წლის შემდეგ პარიზის მოდის კვირეული წარმოუდგენელია მისი შოუების გარეშე, მას უკვე 3 ჩვენება ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ის მდგრადი განვითარების საკითხებით არის დაინტერესებული და ცდილობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს. სერე ნამდვილად გამორჩეულად აფასებს მეორეულ ტანსაცმელს და თვლის, რომ მათი გამოყენება კვლავ შეიძლება. 2019 წლამდე ის მხოლოდ ქალებისთვის ქმნიდა ტანსაცმელს, თუმცა ამ წელს მან მამაკაცის ხაზიც წარუდგინა მაყურებელს.

Photographed by Corey Tenold

კორონავირუსის პანდემიისას სერე იყო ერთ-ერთი პირველი დიზაინერი, რომელმაც განაცხადა, რომ აუცილებელია, რეალობის შეგრძნება არ დავკარგოთ. მან აღნიშნა, რომ მისი ვალდებულებაა შექმნას ნამუშევრები ისეთი სამყაროსთვის, როგორშიც გვიწევს ცხოვრება. ის ამ ყოველივეს Scary Creativity-ს უწოდებს და თვლის, რომ ესეც მშვენიერი გამოცდილებაა ყველასთვის. ის პრაგმატული ადამიანია. ამერიკულ ვოგთან ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა არტისტებისთვის კარანტინის მნიშვნელობას, „მოდის სამყარო წარმოუდგენელია სისწრაფის გარეშე, პანდემიამ კი ეს შეცვალა, ეს დრო ჩვენთვის შანსი იყო, რომ მშვიდად გვემუშავა“. ბუნებრივია, როდესაც მარინ სერე აკეთებს რაიმე კომენტარს, მას მუდმივად ეკითხებიან მდგრადი განვითარების შესახებ, „მე ამ საკითხით მაშინაც ვიყავი დაინტერესებული, როდესაც კოლეჯში ვსწავლობდი, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ხაზი გაუსვა იმ პრობლემებს, რომლებსაც ხშირად აიგნორებდნენ, ესენია რესურსების ჭარბად გამოყენება და პროდუქციის დიდი რაოდენობით შექმნა.“

ლოიკ პრიჯენთთან ინტერვიუს დროს სერემ მოუწოდა დიზაინერებს, უფრო მეტი დოზით გამოიყენონ სოციალური ქსელები, როგორებიცაა Youtube, Instagram და სხვები. ამ ყოველივეთი ისინი უფრო მეტად დაუახლოვდებიან მომხმარებლებს და გაავრცელებენ იმ მნიშვნელოვან მესიჯებს, რომელთა თქმაც სურთ. მისი აზრით, გულწრფელობა ყველაზე მომგებიანია ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვართ.

Photographed by Zoë Ghertner, Vogue, July 2018

მოდის კრიტიკოსების და ვოგის კონტრიბუტორების აზრი ყოველთვის საყურადღებოა და ერთ-ერთი მათგანი, მარკ ჰოლგეითი ამბობს, რომ სერეს ნამუშევრები გამოირჩევა გულწრფელობით, იმედით და თავისუფლების გრძნობით. The Guardian-თან ინტერვიუს დროს სერემ აღნიშნა, რომ კოლექციებით ცდილობს გაავრცელოს რელევანტური მესიჯები, რომლებიც გლობალურ პრობლემებს ეხება. მან თქვა, რომ დიდ ყურადღებას აქცევს პროდუქციის შექმნის პროცესს, რათა ნაკლები რესურსი დახარჯოს. 28 წლის დიზაინერმა მოახერხა შეექმნა ისეთი პრინტი, რომელიც მხოლოდ მასთან ასოცირდება მოდის სამყაროში. მისი „მთვარის პრინტი“ საკულტო ხელწერად იქცა სერესთვის, თუმცა ის ასე არ ფიქრობს, „2020 წელს ეს სიმბოლო ჩემთან ასოცირდება, თუმცა 2040 წელს შესაძლოა სხვა ადამიანთან გააიგივონ, ეს იდეა კი ძალიან მომწონს.“

Photograph: Instagram/Adele

სერე ერთ-ერთი დიზაინერია, რომელიც წესებს ზომიერების ფარგლებში არღვევს და არ უშინდება საზღვრებს. მიუხედავად პანდემიის გავრცელებისა, მან ალტერნატიული გზა მოიფიქრა კოლექციის წარსადგენად და უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ყოველთვის გამოძებნის რაიმე ხერხს, რომ ახალ რეალობას მოერგოს.