მარიამ ბოლქვაძემ ტრნავის ტურნირი მოიგო

მარიამ ბოლქვაძემ სლოვაკეთში, ტრნავაში წყვილთა თანრიგში ITF-ის ტურნირი მოიგო, რომლის საპრიზო ფონდი 60 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელის მეწყვილე ბრიტანელი მაია ლამსდენი იყო.

ფოტო: Getty Images

Empire Women’s Indoor 1-ის ფინალში ბოლქვაძე და ლამსდენი ლატვიელი დიანა მარკინცევიჩასა და შვეიცარიელი კონი პერინის წყვილს დაუპირისპირდნენ და ორ სეტში, ანგარიშით 6:2; 6:3 გაიმარჯვეს.

როგორც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, 24 წლის მარიამ ბოლქვაძეს კარიერის განმავლობაში წყვილთა თანრიგის 11 ტურნირი აქვს მოგებული, მათ შორის ორი სწორედ მიმდინარე წელს. შეგახსენებთ, ტრნავის შეჯიბრებამდე ქართველმა ბრიტანელ სამანტა შარანთან ერთად თებერვალში, გერმანიის ქალაქ ალტენკირხენში გამართული $60 ათასიანი ტურნირი მოიგო.

ცნობისთვის, მარიამ ბოლქვაძის მიერ კარიერის განმავლობაში გამომუშავებული საპრიზო თანხა 447,517 ათას აშშ დოლარს შეადგენს.