რამდენს გამოიმუშავებს მერაია კერი სიმღერით „All I Want for Christmas Is You“?

ამერიკელი მომღერლის, კომპოზიტორის, მუსიკალური პროდიუსერისა და მსახიობის, მერაია კერის მიერ 1994 წელს ჩაწერილი სიმღერა „All I Want for Christmas Is You“ საშობაო-საახალწლო დღესასწაულების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტია. აღსანიშნავია, რომ სიმღერა კერის მიერ ამავე წელს გამოშვებულ, რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში, „Merry Christmas“-ში შევიდა, რომელიც, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, საშობაო თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს აერთიანებს.

ფოტო: Getty Images

Luminate-ის მიხედვით, 2021 წელს სიმღერის „მომხმარებელთა“ რაოდენობამ მხოლოდ აშშ-ში 1.7 მილიარდს გადააჭარბა. მათ შორის 48,000 მოდის ტრეკის ჩამოტვირთვებზე, 200 მილიონი – მოთხოვნილ აუდიო-სტრიმებზე, 52.5 მილიონი – ვიდეო-სტრიმებზე, 24 მილიონი კი დაპროგრამებულ სტრიმებზე. Billboard-ის შეფასებით, ამის წყალობით, მერაია კერიმ და მისმა ლეიბლმა, Sony Music-მა $1.3 მილიონი გამოიმუშავეს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ტრეკის ფიზიკურმა გაყიდვებმა მომღერალს გასულ წელს დამატებით $378,000-ის შემოსავალი მოუტანა.

რაც შეეხება 2021 წელს სიმღერის გლობალურ ჩამოტვირთვებსა და სტრიმის რაოდენობას, ეს, შესაბამისად, 94,000-სა და 823 მილიონს შეადგენს. Billboard-ის დათვლებით, ამის წყალობით მიღებულმა შემოსავალმა $4.5 მილიონი შეადგინა. მათ შორის, ძირითადი ჩანაწერის შემოსავლიდან, Billboard-ის შეფასებით, მერაია კერის ჰონორარი 1.55 მილიონი აშშ დოლარია, Sony-ის კი – 2.95 მილიონი აშშ დოლარი.

საგამომცემლო ჰონორარმა, რომელსაც კერი სიმღერის თანაკომპოზიტორთან, უოლტერ აფანასეფთან იყოს, დამატებით 1.66 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში „All I Want for Christmas Is You“-მ 2021 წელს გლობალური შემოსავლებიდან და ჰონორარებიდან $6.16 მილიონის გამომუშავება შეძლო.