მერაია კერის თავისი ცნობილი საშობაო სიმღერის, „All I Want for Christmas Is You“-ის გამო სასამართლოში უჩივიან. კომპოზიტორი ენდი სტოუნი ამერიკელ მომღერალს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და მისგან კომპენსაციის სახით 20 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ კერის „All I Want for Christmas Is You“ 1994 წელს გამოვიდა და მალე მთელ მსოფლიოში პოპულარულ საშობაო ჰიტად იქცა.

ენდი სტოუნის სარჩელში ნათქვამია, რომ კერიმ და მისმა თანამშრომლებმა სიმღერის საავტორო უფლებები „შეგნებულად, მიზანმიმართულად და განზრახ“ დაარღვიეს. სტოუნის მიერ ლუიზიანის სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, მან ამავე სახელწოდების სიმღერა კერის „All I Want for Christmas Is You“-ის გამოსვლამდე ხუთი წლით ადრე დაწერა, მისი სათაურის გამოყენების ნებართვა კი არ გაუცია.
უნდა ითქვას, რომ სიმღერებს, ერთნაირი სათაურების მიუხედავად, განსხვავებული ტექსტი და მელოდია აქვს.
მერაია კერიმ „All I Want for Christmas Is You“ 1994 წელს გამოშვებულ ალბომ „Merry Christmas“-ში შეიტანა. სიმღერამ გამოჩენიდან მალევე რამდენიმე ქვეყნის მუსიკალურ ჩარტებში ლიდერობა მოიპოვა. ცნობისთვის, 2017 წლის მონაცემებით, ამერიკელმა მომღერალმა ჰიტის წყალობით 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ჰონორარი მიიღო.