წარმატებული ქალები მოდის ინდუსტრიაში: მარია გრაცია ქიური

სიახლისადმი დადებითი განწყობა, ნოვატორული იდეები, უნიკალურის შექმნის სურვილი – ეს ის თვისებებია, რომელთა გარეშეც მოდის ინდუსტრიაში ადამიანი წარმატებებს ვერ მიაღწევს. მოდის სახლის „დიორი“ პირველი ქალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი მარია გრაცია ქიური მოდის ინდუსტრიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ. მარია არასდროს უშინდებოდა დაბრკოლებებს და მუდმივად იბრძოდა უკეთესი შედეგის მისაღწევად. სანამ ამ პოზიციას დაიკავებდა იგი ბრენდ ვალენტინოში მუშაობდა, 17 წლის განმავლობაში.

Photo Credits to MICKALENE THOMAS

მარია გრაცია ქიურიმ განათლება იტალიაში მიიღო – მან რომის დიზაინის ინსტიტუტი დაამთავრა. ოჯახის წევრები ქიურის  გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ, რადგან 1970-იან წლებში დიზაინერის პროფესია პრესტიჟულად არ ითვლებოდა, თუმცა მარიამ მაინც განაგრძო სწავლა ამ მიმართულებით. 1980-იან წლებში იგი შეხვდა პიერპაოლო პიჩოლის, საერთო ინტერესების გამო მათი მეგობრობა დღემდე გრძელდება. 1989 წელს მარია მოდის სახლ ფენდის დიზაინერი გახდა და პიჩოლიც აქსესუარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშნა. ამ გუნდმა შექმნა Baguette bag, რომელიც ნოვატორული აღმოჩნდა. 1999 წელს ქიურის ვალენტინოში მუშაობა შესთავაზეს და ისიც დათანხმდა. ვალენტინო გარავანის პენსიაზე გასვლის გამო ამ პერიოდში ბრენდს საკმაოდ დიდი პრობლემები ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ქიური და პიჩოლი შესანიშნავი არჩევანი აღმოჩნდა მათთვის – მათ ბრენდს ძველი დიდება დაუბრუნეს, ამავდროულად, კრეატიული ენერგია შესძინეს მას. Rockstud-ის ჩანთებმა და ფეხსაცმელებმა ბრენდის ფინანსურ მხარესა და იმიჯზე დიდი გავლენა იქონია. ვალენტინოს შემოსავალი 1 მილიარდი აშშ დოლარი იყო. 2015 წელს დამსახურების გამო მარიამ და პიერპაოლომ CFDA International Award მიიღეს.

2016 წელს რაფ სიმონსმა მოდის სახლი დიორი დატოვა და სწორედ მარია დაასახელეს ბრენდის კრეატიულ დირექტორად – ის პირველი ქალი იყო ამ პოზიციაზე, ბრენდის ისტორიაში. როგორც ქიური აღნიშნავს The Guardian-თან ინტერვიუში, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა, ვინაინდა მას მოუწია დაეტოვებინა იტალია და მისი ოჯახი და პარიზში გადასულიყო მოვალეობის შესასრულებლად. საბოლოოდ საფრანგეთის დედაქალაქი მისთვის ინსპირაციის წყაროც კი გახდა.

მარია გამოირჩევა იმითაც, რომ არასდროს ივიწყებს მოდის სახლის ძველ აქსესუარებსა და ისტორიას, მან საკულტო Saddle Bag განაახლა და დიდი აღიარებაც მოიპოვა, ამასთან გაიზარდა გაყიდვებიც. ამავდროულად,  ის ფემინისტია და მისი შექმნილი მაისურები, რომლებზეც ფემინისტური ციტატებია, დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი სადებიუტო კოლექცია 2 კვირაში შეიქმნა და როგორც თავად აღნიშნავს, ბევრი არ უფიქრია, თუ რა უნდა ყოფილიყო კოლექციის მთავარი თემა – ფემინიზმი. 2019 წელს ქიურის Légion d’honneur-ის პრემია გადასცეს, რომელიც საფრანგეთში უმაღლესი ჯილდოა.

„მოდა არ არის მხოლოდ იმაზე ორიენტირებული, თუ როგორ გამოიყურები, არამედ ტანსაცმელი გამოხატავს იმას, თუ რას გრძნობ და ფიქრობ.“

როგორც ქიური აღნიშნავს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დაეხმაროს ქალებს, რომ თავიანთი აზრი საჯაროდ დააფიქსირონ. ამას ემსახურება მისი კოლექციებიც, რომლებიც ფემინისტური იდეების ნაკლებობით არ გამოირჩევა. მისთვის საკულტო ნამუშევრებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ბედნიერია, რომ დიორის ძველი ნიმუშების გამოყენების ან გადაკეთების უფლება აქვს. მარია ამბობს, რომ ფრანგულ და იტალიურ ბრენდებს შორის განსხვავება თვალსაჩინოა: ფრანგები დიდ ყურადღებას ანიჭებენ წარსულს, ხოლო იტალიელები სიახლეს. მას ორივე ქვეყნის ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება აქვს და დიორში საქმიანობით ცდილობს, მათი კოლაბორაცია შესაძლებელი გახადოს.

 

Photo Credits to Composite/GettyRex

ქიურის დამოკიდებულება კოლაბორაციების მიმართ გასაკვირი ნამდვილად არ არის – ის წლების განმავლობაში მუშაობდა პიჩოლისთან ერთად. მისი უახლოესი პარტნიორები კი დიზაინერი გრეის უელს ბონერი და არტისტი მიკალენე ტომასი იყვნენ. ქიური დამწყებ დიზაინერებსაც ეხმარება და ცდილობს, მათ ხელი შეუწყოს ინდუსტრიაში თავიანთი ნიშა დაიმკვიდრონ.

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, შეცვლილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქიურმაც ბევრი რამ შეცვალა ბრენდში. მისი თქმით, ეს არ იყო ადვილი, რადგან ვირტუალურად კოლექციების შექმნა თითქმის შეუძლებელია – ეს სფერო პრაქტიკულია და ხელით მუშაობას მოითხოვს. პანდემიის დროს მისი მობილიზების, თავდაჯერებულობის და სწორი ნაბიჯების გამო ბრენდი საგრძნობლად არ დაზარალდა. მარიას კრეატიულობის, ნიჭის და ნოვატორული იდეების გამო შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის საზოგადოებას არაერთ სიახლეს წარუდგენს უახლოეს მომავალში.