ინოვატორი ქალები დიზაინის სფეროში: მარგარეტ შუთ-ლიოცკი

1897 წელს დაბადებულ მარგარეტ შუთ-ლიოცკის უდიდესი წვლილი მიუძღვის თანამედროვე სამზარეულოს დიზაინის შექმნაში. მისი კარიერის და მოღვაწეობის შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც ის 90 წლის იყო – მას შემდეგ მარგარეტმა კიდევ 13 წელი იცოცხლა და 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა, მისი შექმნილი ფრანკფურტის სამზარეულო ფუნდამენტად იქცა ინტერიერის დიზაინისთვის.

COURTESY OF MAK – AUSTRIAN MUSEUM OF APPLIED ARTS, VIENNA

მარგარეტი 1897 წლის 23 იანვარს დაიბადა, მისი ოჯახი საკმაოდ გამორჩეული იყო იმ პერიოდში. მისი ბაბუა ქალაქის მერი იყო, ხოლო დედა აქტიურად მუშაობდა მიუხედავად იმისა, რომ ეს იმ დროს არ იყო ხშირი პრაქტიკა. ლიოცკის მამა, ერვინი 1918 წელს რესპუბლიკის დამფუძნებელიც კი გახდა. მან იზრუნა, რომ მის შვილს მოეხერხებინა და სწავლა გაეგრძელებინა. მარგარეტი გახდა პირველი ქალი სტუდენტი Kunstgewerbeschule-ში, რომელიც დღეს ავსტრიის ხელოვნების უნივერსიტეტის სახელით არის ცნობილი. მას ისეთი ლექტორები ასწავლიდნენ, როგორებიც იყვნენ იოზეფ ჰოფმენი, ანტონ ჰანაკი და ოსკარ კოკოშკა. მიუხედავად იმისა, რომ ლიოცკი ძალიან კარგი მოსწავლე იყო, მისი ჩარიცხვა ამ უნივერსიტეტში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მიზეზი კი მხოლოდ მისი სქესი იყო. მარგარეტის დედამ თავდაუზოგავად იბრძოლა და გუსტავ კლიმტს სარეკომენდაციო წერილის დაწერა სთხოვა, სწორედ ასე გახდა ლიოცკი სტუდენტი.

„1916 წელს ვერავინ წარმოიდგენდა ქალს, რომელიც სახლის ან რაიმე ნაგებობის მშენებლობას უხელმძღვანელებდა, ამიტომ იყო შეუძლებელი უნივერსიტეტში მოხვედრა, თუმცა ეს დედაჩემის წყალობით მოხერხდა.“

ეს სიტყვები ლიოცკმა 1997 წელს თქვა, 100 წლის იუბილეზე. მას არაერთხელ აღუნიშნავს ის ფაქტი, რომ კარიერის შექმნა ქალისთვის განსაკუთრებით რთული იყო. ამ უნივერსიტეტში მან ოსკარ სტრნადის ზედამხედველობით ისწავლა და სანამ ამ დაწესებულებას დაამთავრებდა, არაერთი ჯილდო თუ პრემია მოიპოვა. სტრნადი მუშაობდა მუშათა კლასის ავეჯის შესაქმნელად. ის ისეთ ნამუშევრებს ქმნიდა, რომლის ფასიc ხელმისაწვდომი იყო და, შესაბამისად, მოთხოვნა – მაღალი. მარგარეტმა მენტორთან მუშაობისას გააცნობიერა, რომ მასაც მსგავსი ნიმუშების შექმნა უნდოდა, რადგან მომავალში მსგავსი ტიპის ნამუშევრები იქნებოდა მოთხოვნადი და საჭირო.

COURTESY OF MAK – AUSTRIAN MUSEUM OF APPLIED ARTS, VIENNA

როდესაც მარგარეტმა უნივერსიტეტი დაასრულა, მან გადაწყვიტა ადოლფ ლოსთან ერთად შეექმნა პროექტი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საჭირო ავეჯი შექმნა. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში მან დააპროექტა სახლები ავსტრიელებისთვის, რომლებსაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დახმარება სჭირდებოდათ. მან ამ ყოველივეს, და ჯოსეფ ფრანკთან კოლაბორაციის შესახებ ისაუბრა წიგნში „რატომ გავხდი არქიტექტორი?“.

რაც შეეხება მის ყველაზე წარმატებულ პროექტს, ეს იყო ფრანკფურტის სამზარეულო. ამ ყოველივეს შესაქმნელად მან მუშაობა 1926 წელს დაიწყო. ის გერმანიაში ერნესტ მეიმ მიიწვია, რადგან ის საჭიროებებზე მორგებული სამზარეულოს შექმნას გეგმავდა. ოსკარ სტრნადის მოსწავლე კი აუხსნელად ხვდებოდა, თუ რას ნიშნავდა ეს ყოველივე. მეის ჰქონდა რესურსი, ასევე პოლიტიკური ძალა, რომ ამ პროექტის შესაქმნელად ქალი ხელმძღვანელი აერჩია. მარგარეტის ნამუშევარი ნოვატორული აღმოჩნდა, მისი დიზაინი მთელს გერმანიაში გავრცელდა და მან საყოველთაო აღიარება მოიპოვა. ამ წარმატების გამო არაერთ ქვეყანას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, მოუნდა, რომ ლიოცკის პროექტი ენახა და ინსპირაციის წყაროდ გამოეყენებინათ.

„გაგიკვირდებათ და როდესაც ეს სამზარეულო დავაპროექტე, მე არ მქონდა დიასახლისობის გამოცდილება, რადგან ცუდი მზარეული ვიყავი. მე ეს ყოველივე როგორც არქიტექტორმა ისე შევქმენი.“

მარგარეტის პოპულარობა საკმაოდ გაიზარდა და ეს დამკვეთების რაოდენობაზეც აისახა. ის ქმნიდა ბაღების დიზაინს, აპროექტებდა სკოლებს და არაერთი ცნობილი ნაგებობის ავტორია გერმანიისა და ავსტრიის მასშტაბით. 1938 წელს მარგარეტი თურქეთში მიიწვიეს, ის ხელოვნების აკადემიის ლექტორი გახდა გერმანელ არქიტექტორთან, ბრუნო ტაუტთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლიოცკი სოფიაშიც მუშაობდა, 1947 წელს კი მშობლიურ ვენაში დაბრუნდა. ის კერძო სახლებს აპროექტებდა და ჰყავდა კლიენტები არაერთი ქვეყნიდან.

ლიოცკის დამსახურებებს უკვალოდ არ ჩაუვლია, მან 1977 წელს დამსახურებისთვის ჯილდო მიიღო ავსტრიის მთავრობისგან, ასევე 1978 წელს მეორედ დაიმსახურა პრემია. 1980 წელს ვენის მერიამ გადასცა საუკეთესო არქიტექტორის ტიტული. 1985 წელს მემუარები გამოაქვეყნა, რომლებშიც კარიერაზე, ოჯახსა და ამ ორ საქმეს შორის ბალანსის პოვნაზე საუბრობს. 1988 წელს ის ნომინირებული იყო ავსტრიის პრეზიდენტის, კურტ ვალდჰეიმის, პრემიაზე, თუმცა მან უარი განაცხადა. აღნიშნული ჯილდო მარგარეტმა მოგვიანებით, 1992 წელს მიიღო. ავსტრიის მუზეუმმა მისი ფრანკფურტის სამზარეულოს გამოფენა არაერთხელ მოაწყო. მარგარეტ შუტ-ლიოცკი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა, 2000 წელს.