საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის ცნობილი არ არის ის ფაქტი, რომ მათთვის ნაცნობი საგზაო ნიშნების შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქალს, რომელიც მარგარეტ კალვერტის სახელით არის ცნობილი. მისი კოლაბორაცია პარტნიორ, ჯოკ კინიერთან წარმატებული აღმოჩნდა და მათ უნიკალური დიზაინი შექმნეს.
მარგარეტ კალვერტი 1936 წელს სამხრეთ აფრიკაში დაიბადა, თუმცა ის დღეს ბრიტანელ შემოქმედად არის მიჩნეული. კალვერტი გრაფიკული დიზაინერი და ტოპოგრაფია. მისი ყველაზე ცნობილი პროექტი საგზაო ნიშნების შექმნაა დიდი ბრიტანეთისთვის. მან ასევე შექმნა პროგრამა, რომელმაც საბოლოოდ იმუშავა ბრიტანული მეტროს, აეროპორტების და რკინიგზისთვის. ამ ყოველივესთან ერთად ის იყო ლექტორი სამეფო ხელოვნების კოლეჯში 1961 წლიდან 2001 წლამდე.
დიზაინერმა ბავშვობა სამხრეთ ამერიკაში გაატარა, 14 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. 1950-იან წლებში ის ჩელსის ხელოვნების კოლეჯში დადიოდა, მან წარმატებით დაასრულა ილუსტრაციის შექმნის ოთხწლიანი კურსი. მარგარეტი ძალიან განსახვავდებოდა კურსელებისგან, რადგან უნიკალური იდეები ჰქონდა და თანაც ეს აზრები ყველასთვის ადვილად გასაგები იყო. იმ პერიოდში ტოპოგრაფიის შესწავლა თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან არ არსებობდნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ სფეროს ფლობდნენ. კალვერტს კი ამ ყოველივეში გაუმართლა, მისმა პროფესორმა შლეგერმა სამსახური დატოვა, მისი ადგილი კი ჯოკ კინეარმა დაიკავა, რომელიც მარგარეტის მენტორი გახდა.
კალვერტის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდა და ის პროფესიულად საკმაოდ განვითარდა. სულ მალე ერთ-ერთი აეროპორტისთვის კინეარს პროექტი შეუკვეთეს, მან კი ასისტენტის პოზიციაზე მარგარეტი დაამტკიცა. ეს იყო პირველი შესაძლებლობა ქალისთვის, რომ დიზაინის შექმნაზე ემუშავა. მის მიერ შექმნილი ნიშნები დღესაც გვხვდება გეთვიკის აეროპორტში, ასევე სხვა აეროპორტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აბუ-დაბსა და ნიუ-იორკში. ის პროფესიონალად მალევე ჩამოყალიბდა და ისეთ კლიენტებთან დაიწყო მუშაობა, როგორებიც იყვნენ Milk Marketing Board და P&O.
„ვფიქრობდი, რომ ეს იყო საჭირო და ისეთი რამ, რომელზეც დროის დაკარგვა ღირდა. არ მსურდა ვყოფილიყავი ილუსტრატორი, რომელიც მხოლოდ სხვენში იმუშავებდა.“
კმაყოფილი დამკვეთების რეკომენდაციების გამო მარგარეტს The Anderson Committee დაუკავშირდა. ამ კომპანიას სურდა შეექმნა ნიშნების სისტემა გზებისთვის, ომის შემდეგ დიდი ბრიტანეთი არაერთ რეფორმას ატარებდა. მათთვის უმნიშვნელოვანესი იყო, ნიშნები მარტივად გასაგები ყოფილიყო თითოეული მძღოლისთვის და, ამავდროულად, სისტემას გამართულად უნდა ემუშავა. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის შექმნა 27 წლის მარგარეტმა მოახერხა. ის 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ამ პროექტზე.
ტრადიციების დამცველებს არ მოეწონათ კოლაბორაციის შედეგი და 1958 წლამდე იბრძოდნენ ამ ყოველივეს შესაცვლელად, თუმცა ეს ასე არ მოხდა, რადგან Worboys Committee-მა, რომელიც ბრიტანეთმა შექმნა ამ საკითხის გამო, გადაწყვიტა, რომ სისტემა და საგზაო ნიშნები შესაბამისი და სასარგებლო იყო. მარგარეტს არაერთი ევროპული ქვეყნისგან ჰქონდა შემოთავაზება, რომ მათთვისაც შეექმნა მსგავსი სისტემა. კალვერტის შექმნილი შაბლონის მიხედვით ხელმძღვანელობენ დღესაც, თუკი რაიმეს შეცვლა სურთ.
აღსანიშნავია, რომ მარგარეტმა არამხოლოდ ამ პროექტზე იმუშავა, მან ფონტების შექმნაც მოახერხა. 1980 წელს მან საკუთარი სახელობის ფონტი ჩამოაყალიბა, რომელიც დღესაც არსებობს. მის მიერ შექმნილი ნამუშევრები დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტად გრაფიკული დიზაინის ისტორიაში. მის ნამუშევრებს შეხვდებით არამარტო ევროპასა და აზიაში, არამედ თითქმის ყველა კონტინენტზე, რადგან მის მიერ შექმნილი შაბლონი თანამედროვე საგზაო სისტემის ფუნდამენტური ნაწილია. კალვერტის კარიერული მიღწევა ორმაგად საყურადღებოა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან ეს ყოველივე ისეთ ინდუსტრიაში მოახერხა, რომელშიც უმეტესად მხოლოდ მამაკაცები მუშაობდნენ.
მარგარეტის ჯილდოებს რაც შეეხება, მან ლონდონის ხელოვნების მუზეუმისგან 2004 წელს პრემია მოიპოვა, ასევე ფლობს ჯილდოს სამეფო ხელოვნების კოლეჯისგან. მისი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო ლონდონის მუზეუმში 2016 წელს. მარგარეტთან ინტერვიუს მოპოვება არც ისე მარტივია, რადგან მას არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ეს ყოველივე მაინც მოახერხა მეტ ალიაგაჰმა, რომელმაც ინტერვიუ It’s Nice that პლატფორმაზე გამოაქვეყნა. კლავერტმა მისი ნამუშევრები დაახასიათა, როგორც რეალისტური ქმნილებები, თუმცა გემოვნებით შექმნილი. მან აღნიშნა, რომ არაერთი წინააღმდეგობა ჰქონდა მის პროექტს მხოლოდ მისი სქესის გამო, თუმცა ამ ყოველივეს ის არ შეუჩერებია და მოახერხა, საქმე დაესრულებინა.
კლავერტის ნამუშევრები დღემდე ფუნდამენტური და მისაბაძია ამ სფეროში, მან 2015 წელს D&AD-ის პრეზიდენტის პრემია მოიპოვა, ხოლო 2016 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერიც იყო, რომლის თემაც ტოპოგრაფიას და საგზაო უსაფრთხოებას ეხებოდა. მისთვის მიძღვნილი გამოფენა 2020 წლის 21 ოქტომბრიდან 2021 წლის 10 იანვრამდე ტარდებოდა ლონდონის დიზაინის მუზეუმში. დღეს მარგარეტი 84 წლისაა და ცდილობს, რომ აქტიურად გაუზიაროს თავისი გამოცდილება მომავალ თაობას.