Sotheby’s-ის აუქციონზე „მხევლის წიგნის“ ცეცხლგამძლე ეგზემპლარი იყიდება

ფოტო: Penguin Random House

წიგნების აკრძალვის გასაპროტესტებლად და ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ, ამერიკულმა გამომცემლობა Penguin Random House-მა კანადელი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის ნაწარმოების, „მხევლის წიგნის“ ცეცხლგამძლე ეგზემპლარი გამოუშვა.

წიგნი Sotheby’s-მა აუქციონზე ორშაბათს გაიტანა. მოცემული დროისთვის ნივთის შესაძენად გაკეთებული ყველაზე მაღალი შეთავაზება 45,000 აშშ დოლარს შეადგენს. როგორც Sotheby’s-ის ოფიციალურ გვერდზე წერია, აუქციონი 7 ივნისს დასრულდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წიგნის გაყიდვით მიღებული მთელი შემოსავალი გადაერიცხება PEN America-ს, არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც სიტყვის თავისუფლების დაცვას ცდილობს.

„მხევლის წიგნის“ აღნიშნული ეგზემპლარის ტექსტი სპეციალური მასალით დამზადებულ ცეცხლგამძლე ქაღალდზეა დაბეჭდილი, რომელიც ასევე ცეცხლგამძლე ყდაშია ჩასმული. Sotheby’s-ის სააუქციონო სახლის განცხადებით, ეს უკანასკნელი 1530°C ტემპერატურას უძლებს.

მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“, რომლის მიხედვითაც ამავე სახელწოდების სატელევიზიო სერიალი გადაიღეს, აშშ-ში აკრძალული წიგნების სიაში არაერთხელ მოხვედრილა. მაგალითად, გასული ერთი წლის განმავლობაში ის კანზასის, ორეგონის, აიდაჰოსა და ტეხასის შტატების ზოგიერთი სკოლიდან და ბიბლიოთეკიდან ამოიღეს.

PEN America-ს ბოლო მოხსენების თანახმად, 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის მარტამდე ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში, ინდივიდუალურად, წიგნის აკრძალვის 1586 შემთხვევა გამოვლინდა. აშშ-ში აკრძალვები ყველაზე ხშირად ისეთ წიგნებს ეხება, რომლებშიც განხილულია რასიზმი, ან საუბარია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერულ იდენტობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ეტვუდის ზემოხსენებულ ნაწარმოებში აღწერილ დისტოპიურ შეერთებულ შტატებში ქალებს ბევრ სხვა რამესთან ერთად წერა-კითხვაც ეკრძალებათ.