
ჩვენს ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობათა ყოველდღიური პრობლემები იშვიათად ხდება აქტუალური. ამ თემებს ცენტრალური მედიასაშუალებებიც ნაკლებ დროს უთმობენ. შესაბამისად, უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ადგილობრივ მედიასაშუალებებს აქვთ, რადგან თემის ინფორმირებულობაზე სწორედ ისინი ზრუნავენ.
საზოგადოება პერიოდულად მსჯელობს ეთნიკურ უმცირესობებს შორის სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხზე, თუმცა ეს ადამიანები რეალურად რთული გამოწვევების წინაშე დგანან. იმისათვის, რათა გაგვეგო, როგორი დამოკიდებულებაა მარნეულის თემში სახელმწიფო ენის, ქართული საინფორმაციო წყაროებისა და ქვეყნის დანარჩენი ნაწილის მიმართ, კამილა მამედოვს ვესაუბრეთ.
კამილა მარნეულის სათემო რადიოს დირექტორია. მისი რედაქცია სულ 5 ადამიანისგან შედგება და თითოეული მათგანის ფუნქცია შეუფასებელია. 10 წლის განმავლობაში კამილა და მისი გუნდი სამაუწყებლო ლიცენზიის მისაღებად იბრძოდა. საბოლოოდ, 2016 წელს მათ მიზანს მიაღწიეს და რადიო ,,მარნეულმა’’ მაუწყებლობა დაიწყო. ამის შემდეგ ხუთი წელი გავიდა. ადამიანებმა საკუთარ პრობლემებზე საუბარი ღია მიკროფონის პრინციპით დაიწყეს.
რა არის თქვენი რადიოს მთავარი იდეა და როგორ ახორციელებთ მას?
ჩვენს რადიოს ძალიან გრძელი ისტორია აქვს. 2006 წელს BBC-ის ჰქონდა იდეა, რომ მარნეულსა და ნინოწმინდაში სათემო რადიო შექმნილიყო. ამ პროექტის მიზანია, რომ თემი გააქტიურდეს და თითოეული ადამიანი გახდეს პასუხისმგებლიანი მოქალაქე. ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობას გაუჩნდეს სურვილი და მოტივაცია, მოვიდნენ რადიოში და ისაუბრონ გარკვეულ საკითხებზე. არა მხოლოდ პრობლემებზე, არამედ ზოგადად იმაზე, რაც მათ აინტერესებთ. ეს შეიძლება იყოს კულტურა, განათლება, სპორტი და სხვა.
რადიო არის მოტივაცია, რომ ამ თემის მაცხოვრებლები საქართველოს საერთო კონტექსტში ჩაერთონ. ჩვენ ვცდილობთ, ვალაპარაკოთ თემი და ვალაპარაკებთ კიდეც. იმ დღიდან, როდესაც რადიო მარნეულმა დაიწყო მუშაობა, ახალი ამბები, რომლებიც ხდება აქ, დანარჩენი საქართველოსთვისაც საინტერესო გახდა.
მარნეულში არ არის მხოლოდ ადრეული ქორწინების პრობლემა ან მარტო კრიმინალი, როგორც ამას დანარჩენი მედია აშუქებს ხოლმე. მარნეულში არიან ისეთი საინტერესო ადამიანებიც, რომლებზეც შეგვიძლია მოვყვეთ. თავად აქაური აქტივისტებიც ამბობენ, რომ მათ რადიოს დამსახურებით დაიწყეს საუბარი. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით ადამიანებს, მოვიდნენ რადიოში და აქ ერთად ვისაუბროთ პრობლემებზე.
რადიო არ არის მხოლოდ მედიასაშუალება, მას სხვა პასუხისმგებლობაც აკისრია. ჩვენ დანარჩენ საქართველოს მარნეული უნდა გავაცნოთ ისეთი, როგორიც რეალურად არის და უნდა გავაქროთ ის შიში და გაუცხოება, რომელიც ყოველთვის არსებობდა აქ მცხოვრები ადამიანების მიმართ.

როგორია თემის მაცხოვრებლების ჩართულობა საერთო პრობლემების გაშუქებისას?
მოსახლეობა ჩვენს რადიოს ენდობა. როდესაც თემში რაღაც პრობლემაა და ადგილობრივი ხელისუფლება ამას ყურადღებას არ აქცევს, მოსახლეობა ჩვენ გვთხოვს, რომ კონკრეტული ამბავი დეტალურად განვიხილოთ. თუმცა, ადამიანებისათვის მარტივი არ არის მიკროფონთან ღიად საუბარი. ვცდილობთ, შევქმნათ გარანტია, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო არავინ დაისჯება, ეს კი ძალიან რთულია. აქ, წლების განმავლობაში, განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამო, ადამიანებს უსაფუძვლოდ აშინებდნენ ადგილობრივი პარტიული აქტივისტები. შესაბამისად, შიშის ფაქტორი ჯერ კიდევ არსებობს. რთულია, როდესაც ადამიანი 50 წლის განმავლობაში ხარ ჩუმად და შემდეგ უცებ, 5 წელიწადში, ვინმემ თავისუფლად აგალაპარაკოს. ეს დიდი და რთული პროცესია.
ენობრივ ბარიერს ხშირად ინფორმაციული ვაკუუმის მთავარ მიზეზად მიიჩნევენ. რას ფიქრობთ ამ პრობლემაზე?
ენობრივი პრობლემები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში ყოველთვის არის. აქაური მოსახლეობა გარიყულია იმ საერთო თემებისგან, რომელიც საქართველოში ხდება.
ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის ამბობს, რომ მათ არ გააჩნიათ ინფორმაციის თარგმნის რესურსი და ურჩევნიათ, რომ ხელი შეუწყონ სახელმწიფო ენის შესწავლას. ეს ასეც ხდება და ახალი თაობა სწავლობს ქართულს, მაგრამ რა ვუყოთ ძველ თაობას, რომელიც სწავლის პროცესში ფაქტობრივად ვეღარ ჩაერთვება.
ენის პრობლემას ყოველთვის ეტაპობრივად აგვარებდნენ, მაგრამ არავის არსად არ ეჩქარებოდა. ახლა, როდესაც ამ ბარიერის არსებობამ საფრთხე ადამიანის სიცოცხლეს შეუქმნა, ის ისევ ძალიან აქტუალური გახდა. რა თქმა უნდა, არსებობს ადგილობრივი ტელევიზია, ვართ ჩვენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამ პრობლემის მიმართ უნდა არსებობდეს საერთო ინტერესი. მერიაში მისულ ადამიანს, რომელსაც არ ესმის ქართული, არ უნდა დააძალო განცხადების ამ ენაზე დაწერა. ასე არაფერი მოგვარდება და ადამიანების პრობლემებიც ჰაერში დარჩება. მერიას უნდა ჰყავდეს თარჯიმანი და ადამიანების მოსმენა ყველა სხვა საჯარო მოხელემაც უნდა დაიწყოს.
როგორია თემის დამოკიდებულება ქართულენოვანი მედიის მიმართ?
ახალგაზრდა თაობა, რომელსაც სურს მიიღოს განათლება, ისწავლოს ქართული, დაიწყოს მუშაობა და იყოს დამოუკიდებელი, ყოველთვის ეცნობა ქართულ მედიას. თუმცა, ეს არ არის დიდი მაჩვენებელი, რადგან სხვა თაობების ყოველდღიურობაში ქართული მედიის გაცნობა არ მოიაზრება. ისინი ეცნობიან აზერბაიჯანულ, რუსულ და თურქულ ტელეარხებს. მათ არ უჩნდებათ სურვილი, რომ ქართულ არხებზე გადართონ. ამის ორი მთავარი მიზეზი არსებობს: ან არ იციან სახელმწიფო ენა, ან ვერასოდეს ხედავენ საკუთარ თავს ქართულ ტელეარხებზე. თემის მოსახლეობას არ აქვს საშუალება, რომ საკუთარი თავი დაინახოს არა როგორც ნარკოტიკის გამყიდველი ან როგორც ადრეული ქორწინების მსხვერპლი, არამედ როგორც საინტერესო ადამიანი. რეალურად, როდესაც ეთნიკური უმცირესობები ქართულ ტელეარხებზე საკუთარი თემის წარმომადგენლებს ხედავენ, ძალიან მოსწონთ. შესაძლოა, მათ არ ესმოდეთ, რის შესახებ საუბრობენ გადაცემაში, მაგრამ ამით ქართული საზოგადოების მხრიდან მიმღებლობას გრძნობენ. ასეთი ფაქტები იშვიათია, შესაბამისად, ისინი არასოდეს უყურებენ იმ ტელეარხებს, რომლებზეც საკუთარ თავს ვერ ხედავენ, ან თუ ხედავენ, მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირებაში მთავარი როლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა იკისროს. მან უნდა იმუშაოს ისეთი მასალის შესაქმნელად, რომელიც გაუცხოებულ ადამიანებს გადმოართვევინებს აზერბაიჯანული, თურქული და რუსული არხებიდან ქართულზე.
სოციალური გაუცხოება დიდია, ,,აქ არის განცდა, რომ ის რაც ხდება საქართველოში, მათ არ ეხებათ“, – გვიყვება კამილა მამედოვა. თემის მაცხოვრებლები გარიყულები არიან იმ საერთო თემებისგან, რომლებიც საქართველოში ხდება.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ენობრივი ბარიერის გარდა არის წყლის, ტრანსპორტისა და სოციალური მომსახურების პრობლემა. ეს პრობლემები წლებია არსებობს და მათ მოსაგვარებლად საჭიროა კომპლექსური და უწვეტი ღონისძიებების გატარება როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისფულების მხრიდან. ,,აქ ადამიანები ყოველთვის საკუთარ იმედზე იყვნენ, ახლა კი მთლიანად სახელმწიფოზე არიან დამოკიდებულნი“, – ამბობს კამილა.