მალალა იუსაფზაი: თალიბანის მიერ გოგონებისთვის განათლების მიღების აკრძალვა დიდხანს ვერ გასტანს

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, პაკისტანელი მალალა იუსაფზაის განცხადებით, თალიბანის მიერ გოგონებისთვის განათლების მიღების აკრძალვა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება.

ფოტო: British Vogue

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყისში თალიბანის ლიდერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა განცხადა, რომ ავღანელი გოგონებისათვის საკლასო ოთახების კარები 21 მარტიდან გაიღებოდა. თუმცა, სწავლის განახლებიდან რამდენიმე საათში, თალიბანმა საშუალო სკოლები კვლავ დახურა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ქალებისა და გოგონების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

„ვფიქრობ, 1996 წელს თალიბებისთვის ბევრად უფრო მარტივი იყო, გოგონებისთვის განათლება აეკრძალათ. ეს ახლა გაცილებით უფრო რთულია, ვინაიდან ქალებმა გაიგეს, რას ნიშნავს იყო განათლებული, უფლებების მქონე. ამჯერად თალიბებისთვის გაცილებით რთული იქნება გოგონებისთვის განათლების მიღების ხანგრძლივად აკრძალვა. ეს აკრძალვა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა მალალა იუსაფზაიმ.

თალიბებმა ავღანელ გოგონებს სკოლაში სიარული 1996-2001 წლებშიც აუკრძალეს – პერიოდში, როდესაც ისინი ქვეყნის სათავეში მოექცნენ. თალიბანმა ავღანეთში საკუთარი მმართველობა გასული წლის აგვისტოში აღადგინა. ამის შემდეგ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი 20 წლის წინანდელი აკრძალვების დაბრუნებას აპირებდნენ.

მალალა იუსაფზაი პაკისტანელ თალიბებს 15 წლის ასაკში გადაურჩა, როდესაც მათ წინააღმდეგ აქტიურობის გამო სკოლიდან სახლისაკენ მიმავალ გოგონას თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. საბედნიეროდ, მალალა გადარჩა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ ის დიდ ბრიტანეთში გადაიყვანეს.

მალალა იუსაფზაი 2014 წელს ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩაგვრის წინააღმდეგ, ასევე მათი განათლების უფლებისათვის ბრძოლისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.