მუდმივი ძიების პროცესი | თამარ მახარაშვილის კარიერა Google-ში

Photo Credits to Ana Boko

მეცხრე კლასში იყო, როდესაც პირველი კომპიუტერი შეიძინეს ოჯახში. მაშინ, თამაშებით გართულს, არც კი უფიქრია, რომ რამდენიმე წელიწადში ტექნოლოგიური გიგანტის თანამშრომელი გახდებოდა. დღეს, თამარ მახარაშვილი სილიკონის ველზე, Google-ში მუშაობს და კოლეგებთან ერთად საძიებო სისტემის სწრაფ და შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს.

თამარმა ელექტრომაგნიტური თავსებადობის ინჟინრის კარიერამდე საინტერესო თავგადასავლებითა და გამოწვევებით სავსე წლები გამოიარა. ფიქრობს, რომ მის წარმატებაში იღბალმაც გარკვეული როლი ითამაშა. თუმცა, თავდაუზოგავი შრომა, სწავლის უწყვეტი პროცესი და მუდმივად სიახლის ძიება – ეს თამარის წამატების რეცეპტია, რომელსაც იღბალი ნამდვილად არ სჭირდება.

ამბავი გორიდან იწყება – პირველი კომპიუტერი მამამ შეიძინა. თავიდან მოწყობილობას მხოლოდ თამაშებისთვის იყენებდა, თუმცა თამაშის სურვილი მალევე ჩაანაცვლა სხვა ინტერესებმა – როგორ უნდა გადაეყენებინა ვინდოუსი, როგორია კომპიუტერის არქიტექტურა. ერთიანი ეროვნული გამოცდები როდესაც მოახლოვდა, თამარს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რა უნდა ესწავლა, ამასთან, ინტერესი, რომელიც კომპიუტერულმა მოწყობილობამ გაუჩინა, ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაკმაყოფილებული – მის ყველა კითხვაზე პასუხის მისაღებად საბოლოოდ ელექტრულ ინჟინერიაზე სწავლა გადაწყვიტა.

„გათელილი გზა“ არ აირჩია, ჩათვალა, რომ ასე წარმატებული ვერასდროს გახდებოდა და გადაწყვიტა რისკიანი გზით წასულიყო – აირჩია პროფესია, რომელშიც გარშემომყოფების უმრავლესობა ქალის ადგილს ვერ ხედავდა.

„დღეს რომ იგივე ასაკში ვიყო, კვლავ ასე მოვიქცეოდი ‒ დავიხურავდი ქუდს და ბუნდოვანი მომავლისკენ გავუყვებოდი გზას. ჩემს თავს აუცილებლად ვეტყოდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების და მუდმივად იყო უფრო მეტის ძიების პროცესში.“

საკუთარი შესაძლებლობების აღიარება ერთ-ერთი გამოწვევა იყო, რომელიც საქართველოში სწავლისას ვერ დაძლია ‒ ხშირად აგრძნობინებდნენ, რომ ეს პროფესია არ არის საკმარისად ქალური. მსგავსი გამოცდილებების გახსენებისას ფიქრობს იმ გოგონებზეც, ვინც ახლა უნდა მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება. თვლის, რომ დღეს გარემო გაუმჯობესებულია, საზოგადოება ნაკლებად სტერეოტიპულია, თუმცა რჩევები მაინც არ ელევა.

„რთული გამოწვევაა, როდესაც მიდიხარ სფეროში, რომელსაც ძალიან ბევრი „ქალურ პროფესიად“ არ აღიქვამს. ამ დროს, აბსურდულია პროფესიების ასე დაყოფა. ვფიქრობ, ჩვენვე უნდა დავამსხვრიოთ ეს მითები საზოგადოებაში. გოგონებმა, რომელთა გადაწყვეტილებასაც მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, უნდა იპოვონ როლური მოდელები და გააცნონ გარშემომყოფებს, დაანახონ, რომ შეუძლებელი არაფერია გოგონებისთვის, მით უფრო ტექნოლოგიების სფეროში.“

მართალია, გამოწვევა ბევრი იყო, თუმცა საქართველოში მიღებული განათლებით კმაყოფილია. ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და ძალიან ბედნიერია, რომ სამართლიანად და დამსახურებულად დაიკავა საკუთარი ადგილი უნივერსიტეტში. სკოლასა და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა უფრო თეორიული იყო, ვიდრე პრაქტიკული ან მომავალი მეცნიერის მომზადებაზე ორიენტირებული. სწორედ ამ კომპონენტის ნაკლებობამ მისცა მოტივაცია ეპოვა უნივერსიტეტი, სადაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას სრულად შეძლებდა.

„საკუთარი შესაძლებლობების პირველად ამერიკაში ვირწმუნე. მისურის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე ვისწავლე და ამ პერიოდში მივხვდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა სქესს ‒ მთავარია იყო პროფესიონალი. უნივერსიტეტს საკუთარი ელექტრომაგნიტური თავსებადობის ლაბორატორია აქვს, სადაც სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიების პროექტებზეც ვმუშაობდით. აქ მივხვდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტი, როდესაც განათლებაზე ვსაუბრობთ.“

Photo Credits to Ana Boko

სადოქტორო საფეხურზე სწავლისას სტაჟირება გაიარა Apple-ში, შემდეგ უნივერსიტეტს დაუბრუნდა ასისტენტ მკვლევარის პოზიციაზე. 2018 წლის მაისში კი Google-ში რამდენიმეთვიანი სტაჟირების პროგრამა დაიწყო.

„ეს სრულიად განსხვავებული გამოცდილება იყო. სტაჟირებისას მივხვდი, რომ კომპანიისთვის იაფი სამუშაო რესურსი კი არა, პოტენციური თანამშრომელი ვიყავი ‒ მთელი ამ დროის განმავლობაში Google-ის გუნდი მოტივირებულია დაგარწმუნოს, რომ შენი ადგილი სწორედ ამ კომპანიაშია. გვყავდნენ მენტორები, რომლებიც ადაპტაციაში გვეხმარებოდნენ, ძალიან ბევრი შეხვედრა და ვორქშოპი იგეგმებოდა სპეციალურად ჩვენთვის, უამრავი კოლეგა გავიცანით. ცხადია, იყო გამოწვევებიც“.

სტაჟირების შემდეგ მისურის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაბრუნდა, ასისტენტ-მკვლევარის როლში. ერთი წლის შემდეგ კი კვლავ Google-ის ოფისში შეაბიჯა, ამჯერად, არა როგორც სტაჟიორმა, არამედ როგორც ელექტრომაგნიტური თავსებადობის ინჟინერმა. თამარი კოლეგებთან ერთად Google-ის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების განვითარებასა და მდგრადობაზე მუშაობს ‒ ამოწმებენ მონაცემთა ცენტრებში განთავსებულ თითოეულ მოწყობილობას და ზრუნავენ, რათა რამდენიმე ასეულმა მოწყობილობამ ისე იმუშაოს, რომ ერთმანეთის გამართულ ფუნქციონირებას ხელი არ შეუშალონ.

მისი სამუშაო დღე დატვირთულია – შეხვედრები, ლაბორატორიული მუშაობა, კონფერენციები, უახლესი კვლევების გაცნობა, შედეგების კოლეგებთან გაზიარება. თამარისთვის მთავარი გამოწვევა ახალ სამუშაო გარემოში გაზიარების კულტურის გათავისება იყო.

„უნივერსიტეტში ან სკოლაში არასდროს მიმიღია მსგავსი გამოცდილება. ჩემს ნაშრომებსა და ნამუშევრებზე ასეთ დეტალურ უკუკავშირს არასდროს ვიღებდი და არც სხვებს უთხოვიათ ჩემთვის, მათი ნაშრომი შემეფასებინა. თავიდან რთული აღმოჩნდა, კოლეგებისთვის, რომელთა საშუალო სამუშაო სტაჟი ათ წელიწადზე მეტია, ჩემი აზრი და შენიშვნები გამეზიარებინა, აქტიურად ჩავრთულიყავი თითოეულ დისკუსიაში.“

ამ გამოწვევას მალევე გაუმკლავდა Google-ის ორგანიზაციული კულტურის დახმარებით. ტექნოლოგიური გიგანტის გუნდი სამ ძირითად ღირებულებას ეფუძნება ‒ პატივი უნდა ვცეთ მომხმარებლებს, ერთმანეთს და ყველა პოტენციურ შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციის თითოეული თანამშრომელი ღიაა ნებისმიერი სიახლისა თუ კრიტიკული შენიშვნის მიმართ. ღიაობის ასეთი მასშტაბი ხელს უწყობს პროდუქტიულობის ზრდასაც.

ღირებულებებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოში თამარი თავს კომფორტულად გრძნობს და თვლის, რომ სხვა ბევრმა ორგანიზაციამაც უნდა იზრუნოს მსგავსი ორგანიზაციული კულტურის ფორმირებაზე.

„კომპანიამ მოახერხა და შექმნა ისეთი ორგანიზაციული კულტურა, სადაც ყველანი, მათ შორის ქალებიც, თავს კომფორტულად ვგრძნობთ. ყველანი ვართ კოლეგიალურები, პატივს ვცემთ ერთმანეთს. არ გვაქვს შეჯიბრობითობა ‒ პირიქით, ვეხმარებით და ვასწავლით ერთმანეთს. გარდა ამისა, გვასწავლიან, როგორ უნდა აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში ისეთი დამოკიდებულებები, რომლებიც გაუცნობიერებლად, სოციუმის გავლენით გვაქვს ჩამოყალიბებული. შემდეგ კი გვეხმარებიან ამ კულტურული გავლენების გადალახვაში“.

სწორედ გაზიარების კულტურას უკავშირდება თამარის გადაწყვეტილება, გააგრძელოს განათლების მიღება და ახლო მომავალში სწავლების პროცესში ჩაერთოს ‒ ძალიან უნდა პროფესორი გახდეს და საკუთარი ცოდნა მომავალ ინჟინრებს გაუზიაროს.

„ბავშვობიდან ვოცნებობ მასწავლებლობაზე და ძალიან მომწონს, როცა ვინმეს რამე ახალს ვასწავლი. ამ ეტაპზე მაქვს გამოწვევა, რომ ვისწავლო სწავლება – ყველა ის მეთოდი და ხერხი უნდა შევისწავლო, რომელიც საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების უკეთესად გაზიარებაში დამეხმარება. პროფესორისთვის სამი კომპონენტია აუცილებელი ‒ ცოდნა, კვლევა და სწავლება. პირველი ორის განვითარებაზე მუდმივად ვმუშაობ, აი სწავლების უნარი კი უნდა გამოვიმუშაო.“

როგორც ინტერვიუს დასაწყისში თავად თქვა, თამარმა წლების წინ „დაიხურა ქუდი“ და რისკიან გზას გაუყვა, თუმცა დღეს ეს გზა ბუნდოვანი აღარ არის და ყველა გაბედულმა ნაბიჯმა მხოლოდ პოზიტიური შედეგი გამოიღო.