გაეროს ქალთა ორგანიზაცია ირანში მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ირანში ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას ეხმაურება. აღსანიშნავია, რომ თვითმხილველების თქმით, დაკავების დროს პოლიციამ ქალს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. მაჰსა ამინის საეჭვო ვითარებაში სიკვდილმა ირანში საპროტესტო ტალღა გამოიწვია.

ფოტო: AFP/GETTY IMAGES

„გაეროს ქალთა ორგანიზაცია შეშფოთებულია და მწუხარებას გამოთქვამს ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო. ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს.

ნებისმიერი ახალგაზრდის, ნებისმიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ტრაგედიაა. ამ მოვლენებთან დაკავშირებული გარემოებები განსაკუთრებული შეშფოთების მიზეზია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაჰსა ამინი 13 სექტემბერს დააკავეს პირებმა, რომლებიც ქალის ჩაცმულობის მკაცრი წესების დაცვას აკონტროლებენ და რომ ის გარდაიცვალა, ჯერ კიდევ პატიმრობაში, დაკავებიდან სამი დღის შემდეგ.

მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზები და გარემოებები უცნობია. თუმცა ცხადია, რომ ის დააკავეს და მოექცნენ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევით. ინციდენტი ასევე ხაზს უსვამს ძალადობას, რომელსაც განიცდიან ქალები და გოგონები მთელ მსოფლიოში.

ამ კონტექსტში, ჩვენ ვიმეორებთ ჩვენი კოლეგების მოწოდებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისიდან, სწრაფი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების წარმოებასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი კომპეტენტური ორგანოს მიერ“, – წერია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.