„მაგრიტო“ – ბელგიელი სიურრეალისტით შთაგონებული ქართული ჩირი

ხილის გადამამუშავებელი კომპანია „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ რამდენიმე დღეში მომხმარებლებს ახალ ქართულ ბრენდს „მაგრიტოს“ შესთავაზებს. პროდუქციის წარმოებისთვის მზის საშრობის მშენებლობა უკვე დაწყებულია და 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ბრენდის სახელწოდება ბელგიელი სიურრეალისტი მხატვრის, რენე მაგრიტის სახელთანაა დაკავშირებული და პროდუქტის შეფუთვაც მისი ნამუშევრის, „The Son of Man“-ით არის შთაგონებული.

გთავაზობთ ინტერვიუს „მაგრიტოს“ მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის უფროს სალომე ალანიასთან.

დღეს ქართული ბაზარი მსგავსი პროდუქციით საკმაოდ გაჯერებულია. რა კონკურენტული უპირატესობა აქვს დღეს „მაგრიტოს“?

„მაგრიტო“ პრემიუმ ხარისხის პროდუქტია, ყოველგვარი დანამატებისა და შაქრის გარეშე. ეს არ არის უბრალოდ ჩირი. ეს გახლავთ სასარგებლო „სნექი“, რომლსაც შენარჩუნებული აქვს ყველა ის ვიტამინი, მინერალი, ფერი და ფაქტურა, რაც ნედლ ხილს თავისთავად აქვს.
ასევე, საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის უმაღლესი სტანდარტი – FSSC 22 000, ხოლო პროდუქტი 100 %-ით ნატურალურია და მხოლოდ ქართული ნედლეულისგან მზადდება.

მაგრიტო არის მათთვის, ვისთვისაც მნიშვენლოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და მაღალი ხარისხი.

რატომ რენე მაგრიტი, რა კავშირი შეიძლება აღმოაჩინონ ხილის ჩირის მოყვარულებმა ბელგიელ მხატვარსა და ქართულ კომპანიას შორის?

პირველ რიგში, გეტყვით, რომ რენე მაგრიტი ჩემი საყვარელი მხატვარია. საცალო შეფუთვის კონცეფციაზე ფიქრისას გადავწყვიტეთ, რომ ეს არ ყოფილიყო რიგითი გაფორმება, როგორსაც დახლებზე ხშირად შეხვდებით. გვსურდა რაღაც განსაკუთრებული, სიანტერესო, სახალისო, სახასიათო და ადვილად დასამახსოვრებელი. მაგრიტსა და მაგრიტოს შორის კავშირი ვაშლიდან დაიწყო, რომელიც შემდეგ სხვა ხილითაც ჩავანაცვლეთ, მაგალითად, ვაშლის გარდა გვაქვს ხურმა, ნესვი, ქლიავი და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენს მომხმარებელსაც ძალიან მოეწონება. ბაზარზე მალე სწორედ ამ შეფუთვით გვიხილავთ.

იგეგმება თუ არა „მაგრიტოს“ მიერ წარმოებული საცალო პროდუქციის ექსპორტზე გატანა?

ჩვენი კომპანია მონაწილეობას იღებს საერთაშორისო გამოფენებზე. ცოტა ხნის წინა დავბრუნდით შანხაიდან, სადაც „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით CIIE Shanghai 2019 – ში მივიღეთ მონაწილეობა. გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები როგორც ჩინეთთან, ისე კორეასთანა და გერმანიასთან. ვფიქრობთ, ექსპორტის მიმართულება არა მხოლოდ წონით იქნება შესაძლებელი, არამედ მაგრიტოს საცალო შეფუთვითაც.

რამდენად იქნება ხელმისაწვდომი „მაგრიტოს“ ნაწარმი ფართო საზოგადოებისთვის?

ბრენდი პოზოციონირებს როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვეცადეთ, რომ ფასი იყოს ადგილობრივი ბაზრის შესაბამისი და ყველასთვის ხელმისაწვდომი.