ცვლილება, როგორც თვითგანვითარებისა და  წარმატების წყარო | ინტერვიუ თიკო მაღრაძესთან

თანამედროვე, დინამიკურ სამყაროში, ხშირად, კონკრეტულ მომენტში, კარიერული გეზის შეცვლა გვიწევს – ზოგჯერ რადიკალურად. შესაძლოა, წლების წინ შერჩეული პროფესია ჩვენს ინტერესებსა და მოთხოვნებს აღარ შეესაბამებოდეს ან, უბრალოდ, ძალების სხვა სფეროში მოსინჯვა და ახალ გამოწვევებთან გამკლავება გვსურდეს.

სწორედ ასეთია ჩვენი რესპოდენტის, თიკო მაღრაძის თავგადასავალი – მრავალფეროვანი კარიერული გზა, რომელიც სამედიცინო სფეროდან დაიწყო და ამჟამად ბიზნესის მართვის მიმართულებით ვითარდება.

თიკომ დაახლოებით 15-წლიანი მენეჯერული გამოცდილება დააგროვა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მომუშავე მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობის შედეგად – განსხვავდებოდა თიკოს პოზიციები, პროექტების მასშტაბი და ამოცანებიც.

ხანგრძლივი კარიერული ზრდის შემდეგ თიკო კვლავ უნივერსიტეტს მიუბრუნდა – ახლა ის განათლებას აშშ-ში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნეს სკოლაში იღებს.

Forbes Woman მას კარიერულ გზაზე, დაგროვილ გამოცდილებასა და გამოწვევებზე, ასევე ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე ესაუბრა.

თიკო, რაკი ინტერვიუს დისტანციურად ვწერთ, გეოგრაფიული განსხვავებების მიზეზით, პირველ რიგში უნდა გკითხოთ, როგორია ნიუიორკული გამოცდილება, რა გამოარჩევს მას?

ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ დრო შეუფასებელი რამაა. მას ყველა სხვა რესურსზე მეტად სჭირდება გააზრება, განაწილება და ოპტიმალურად გამოყენება.

აქ, ნიუ-იორკში, ეს განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა: ერთის მხრივ, გაქვს ყველა შესაძლებლობა, ინფორმაციაზე წვდომა, სწორი კონტაქტები, ხარ იდეალურ ლოკაციაზე, მეორე მხრივ კი, დრო იმდენად სწრაფად გადის, მოვლენები იმდენად ჩქარა იცვლება და ამასთან ერთად პრიორიტეტებიც განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – წარმოუდგენლად რთულია წინასწარ დასახული მიზნის კონკრეტულ პერიოდში შესრულება.

ნიუ-იორკი გაიძულებს ისწავლო ზედმეტი ინფორმაციისგან, კონტაქტებისგან და ვალდებულებებისგან გათავისუფლება და პრიორიტეტებზე ფოკუსირება. აქ ივითარებ უნარს, გამოიმუშავო სწორი ჩვევები, მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილებები, ხოლო, შეცდომის დაშვების შემთხვევაში, რაც შეიძლება დროულად ადგე და განაგრძო გზა დასახული მიზნისკენ.

მთავარი მიზეზი, რატომაც დღეს აშშ-ში ხართ, ბიზნესგანათლებას უკავშირდება. თუმცა, მინდა აუცილებლად გკითხოთ წინარე გამოცდილებაზეც – თქვენ მედიცინიდან ბიზნესში გადახვედით – რამ განაპირობა ეს არჩევანი და რა სირთულეები შეგხვდათ ამ პროცესში?

უნივერსიტეტში ჩაბარების ეტაპზე, სხვა პროფესია პრაქტიკულად არც განიხილებოდა. 5 წლის ასაკიდან ვიცოდი, რომ ექიმი უნდა გავმხდარიყავი. თუმცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების, კლინიკებში პრაქტიკის გავლის, სალიცენზიო გამოცდის ჩაბარებისა და ამ სფეროში რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, ცოდნის გაღრმავება სამედიცინო მენეჯმენტის კუთხით გამეგრძელებინა.

ახალმა სფერომ განვითარების რადიკალურად განსხვავებული  პერსპექტივა გადამიშალა: ბევრად უფრო მრავალმხრივი, მასშტაბური და ჩემთვის საინტერესო.

შემდეგ მოხდა ის, რამაც ფაქტობრივად განაპირობა ჩემი შემდგომი კარიერული (და არამხოლოდ) ნაბიჯები: 15 წლის განმავლობაში ვიმუშავე რამდენიმე ადგილობრივ და საერთაშორისო მსხვილ კომპანიაში სხვადასხვა პროექტზე, სხვადასხვა მიმართულებით – როგორც სტარტაპის, ასევე ბიზნესის განვითარების, პროექტების რეაბილიტაციისა და კომპანიების მართვის კუთხით – კომერციული, საოპერაციო, აღმასრულებელი, გენერალური დირექტორების სტატუსით.

„კონკრეტულ დროს მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, იმ მომენტისთვის სწორად მიგაჩნდათ, თუმცა დრომ პრიორიტეტები და საჭიროებები შეცვალა“

პარალელურად, არასდროს შემიწყვეტია თვითგანვითარებაზე ზრუნვა და ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა ჩემი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნეს სკოლაში, Executive MBA-ის პროგრამაზე სწავლა.

დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას მაქსიმალურად ვუზიარებ – ბიზნეს კონსულტაციის, ტრენინგის, მენტორობის ფორმატით იმ ადამიანებსა და ბიზნესის მფლობელებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სწორი, დროული და ეფექტიანი განვითარება იმ მიმართულებით,

რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ვინც აღმოაჩენს, რომ სხვა პროფესიამ უფრო მიიზიდა, ვიდრე მათ მიერ ადრე შერჩეულმა, როგორ უნდა დაიწყონ პროფესიული ტრანზიციის პროცესი?

რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო პრინციპი გამოვიმუშავე ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე დაბრკოლებების, გეგმის ცვლილების, სიახლის დაწყების გადაწყვეტილების მიღების დროს და ვეცდები იგივე გაგიზიაროთ:

პირველ რიგში, ვფიქრობ, არასდროს უნდა გაბრაზდე საკუთარ თავზე არასწორი არჩევანის გამო – კონკრეტულ დროს მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, იმ მომენტისთვის სწორად მიგაჩნდათ, თუმცა დრომ პრიორიტეტები და საჭიროებები შეცვალა;

მნიშვნელოვანია იცოდე, რატომ გინდა ცვლილება – ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, საყვარელი საქმიანობის დასაწყებად, ტრენდული პროფესიის ასათვისებლად თუ რაიმე გლობალური მიზნის მისაღწევად;

„ყველა კარი ღიაა, როდესაც იცი რა გინდა და მზად ხარ მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად იშრომო“

ვფიქრობ, საჭიროა დასაქმების ბაზრის შესწავლა, რომ წარმოიდგინო, სად ხარ შენი ცოდნით, გამოცდილებითა და უნარებით. ხშირად, ერთგვარი სასოწარკვეთილების გამოვლინებაა, როდესაც ყველა ხელმისაწვდომ სწავლებას, ტრენინგს და სერტიფიკატს ვითვისებთ, ამ დროს საჭიროა ფოკუსირდე მხოლოდ იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, რომლებიც კონკრეტული მიმართულების ასათვისებლად დაგჭირდება;

უდიდესი ძალა აქვს  ნეთვორქინგს, პროფესიონალების რჩევებს, რეკომენდაციებს;

ასევე, მსგავს ვითარებაში ადამიანებს ვურჩევ, იპოვონ საკუთარი მენტორი – ეს იდეალური გზაა სწორი მიმართულებით სვლისთვის;

ამის შემდეგ კი ყველაფერი უნდა გააკეთო მიზნის მისაღწევად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, გეოგრაფიულ გარემოს და ეკონომიკურ შესაძლებლობებს – ყველა კარი ღიაა, როდესაც იცი რა გინდა და მზად ხარ მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად იშრომო.

თიკო, მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება გაქვთ, რომელიც განსხვავებულ მმართველობით პოზიციებს აერთიანებს – დღევანდელი პერსპექტივით, ყველაზე საინტერესო გამოცდილება რომელი იყო?

ნამდვილად, ერთმანეთისგან იმდენად განსხვავებულ პროექტებზე, კომპანიებში თუ, ზოგადად, პოზიციებზე მომიწია მუშაობა, ვფიქრობ, დღეს რასაც წარმოვადგენ, თითოეული გამოცდილების დამსახურებაა.

მმართველ პოზიციაზე მუშაობისას უმნიშვნელოვანესია, რა ღირებულებას მიიტან შენ, როგორც კადრი კომპანიაში – რაც უფრო მეტი და მრავალმხრივია შენ მიერ დაგროვილი გამოცდილება – მით უფრო მეტია ღირებულებაც. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რას წამოიღებ იქიდან, როგორ გაიმდიდრებ ცოდნას, რომელ შეცდომაზე ისწავლი და როგორ სამუშაო სტანდარტს ჩამოგიყალიბებს წინა გამოცდილება.

წარმოუდგენელია, განვითარდე ერთსა და იმავე კომპანიაში (თუნდაც სფეროში) ნებისმიერ პოზიციაზე 15-წლიანი მუშაობის შედეგად. ეს მხოლოდ კომფორტულ გარემოსა და მეტ-ნაკლებად სტაბილურ შემოსავალს გიქმნის – სანაცვლოდ კი სრულიად აქრობს მიზანს, ამბიციას, განვითარების სურვილს. კონკრეტულ ეტაპზე აღმოაჩენ, რომ სტაგნაციაში ხარ – პრაქტიკულად გამოსავლის გარეშე.

„ვფიქრობ, ყველაზე დიდი ჯილდო და წარმატების ინდიკატორი ის დადებითი რეკომენდაციებია, რომელსაც წინა დამქირავებელი შემდგომს გადასცემს“

არაჩვეულებრივი შესაძლებლობა კარიერის განმავლობაში რამდენიმეჯერ მომეცა – მიმუშავია წარმატებულ, წარუმატებელ, სტარტაპ და სარეაბილიტაციო პროექტებზე, სხვადასხვა ქვეყანაში და განსხვავებული სტატუსით.

გამოვარჩევდი „გლდანი მოლის“ პროექტს; ექსტრემალური მენეჯმენტის პირობებში, „კარფურის“ პირველად შემოსვლას რეგიონში; რამდენიმე ინოვაციურ სტარტაპს; ციფრული პლატფორმების მიმართულებით, ბიზნეს-საკონსულტაციო საქმიანობასა და მსხვილ ადგილობრივ სავაჭრო ქსელებს, რომლებსაც კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ვემსახურებოდი.

ვფიქრობ, ყველაზე დიდი ჯილდო და წარმატების ინდიკატორი ის დადებითი რეკომენდაციებია, რომელსაც წინა დამქირავებელი შემდგომს გადასცემს.

თქვენი რეზიუმე ძირითადად აერთიანებს მუშაობას კომერციის, ლოგისტიკისა და ოპერაციების მიმართულებით. როგორ ხედავთ საკუთარ როლს ამ პოზიციებზე – რა არის თქვენი პროფესიული იდენტობა ამ მიმართულებით?

მართალია, რამდენიმე მიმართულებით ვიმუშავე სხვადასხვა პოზიციაზე – საბოლოო ჯამში, ყოველი მათგანი ბიზნესის ანალიზს, დაგეგმარებას და განვითარებას ემსახურება.

საბედნიეროდ, ისე გამოვიდა, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში ყოველი პოზიცია წინას ლოგიკური გაგრძელება და შემდგომის კარგი საფუძველი იყო. რა თქმა უნდა, ეს დაგეგმილი კარიერული განვითარების ნაწილია, თუმცა რეგიონული ბაზარი დიდ არჩევანს მაინც არ გიტოვებს და ნამდვილად გამიმართლა, რომ ყველა ამ პოზიციაზე შევძელი სრულფასოვნად მემუშავა და შესაბამისი გამოცდილება დამეგროვებინა.

ყოველთვის ვცდილობდი დრო გამომენახა გამოცდილების გაზიარებისთვის – ტრენინგების, ლექციების, ქოუჩინგის სახით ჩართული ვყოფილიყავი სხვადასხვა პროექტში. ამ საქმიანობას დღემდე ვაგრძელებ და მომავალშიც ვგეგმავ ამ მიმართულებით ჩემი წვლილის შეტანას ბიზნესის განვითარებაში.

აპრობირებული მეთოდია, საკონსულტაციო მომსახურების გაცემამდე, მიწოდების ჯაჭვის ყველა კომპონენტთან, ბიზნესის გლობალურ ხედვასთან, ბაზარზე მის პოზიციონირებასთან და, ზოგადად, წარმატების ინდიკატორებთან კარგი გამოცდილება გაკავშირებდეს.

დღეს, ვპოზიციონირდები, როგორც ბიზნესანალიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმარებისა და განვითარების კონსულტანტი, მენტორი, ტრენერი.

მოკლედ რომ შევაჯამო, ჩემი მისიაა, სწორი ანალიზი გავუკეთო თითოეულ იდეას, პროექტს, კორპორაციას და ვიპოვო მისი განვითარების ყველაზე ოპტიმალური, მოგებიანი და ეფექტური გზა.

თიკო, მოგვიყევით იმ პროექტებზე, რომელთაც განვითარების ადრეულ ეტაპზე თქვენს გამოცდილებას უზიარებდით.

რამდენიმე ინოვაციური პროექტის მენეჯერი და კონსულტანტი ვიყავი სხვადასხვა დროს – ლოგისტიკური პლატფორმები „მარბი“, „კარგონი“, ელექტრონული კომერცია „ვენდუ“, სამედიცინო პროფესიონალური პლატფორმა „მედუ“. ამჟამად, ასევე წარმოვადგენ ერთ-ერთი მსხვილი ინოვაციური პლატფორმის ბიზნესკონსულტანტს საქართველოში, საკმაოდ ბევრი სტარტაპ პროექტია (მათ შორის ქალი მეწარმეების პროგრამა სტარტას მონაწილე ქალბატონების) – სადაც ტრენინგებისა და ინდივიდუალური მენტორინგის მიმართულებით ვმუშაობ. 

დღეს, ინოვაციების სამყაროში ძალიან რთულია რაიმე ისეთი გამოიგონო, რაც ბაზარზე არ არსებობს. მთავარი მიზანი კონკრეტული იდეის შიგნით ისეთი ელემენტის აღმოჩენა და სწორად განვითარებაა, რაც ბაზარზე პროდუქტს საინტერესოს, კონკურენტუნარიანსა და მომხმარებლისთვის მისაღებს გახდის.

სტარტაპის მიმართულება ჩემთვის ის სფეროა, სადაც პროფესიონალიზმის მიღმა მაქსიმალური ემოციაც უნდა ჩაიდოს. ეს ცარიელი ფურცლიდან იდეის, პროექტის და კორპორაციის შექმნის მრავალსაფეხურიანი პროცესია და წარმოუდგენელია ამ გზაზე სწორი გუნდის, დადებითი მუხტის, ბევრი გათენებული ღამისა და საქმისადმი უდიდესი ერთგულების გარეშე იქნეს მიღწეული.

დღეს სწავლას ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნეს სკოლაში აგრძელებთ – რა განსხვავებულ გამოცდილებასა და პერსპექტივას იღებთ უნივერსიტეტში?

NYU STERN Business School – ტოპ უნივერსიტეტებში შედის ბიზნესის სწავლების კუთხით. შერჩევის მექანიზმი საკმაოდ მკაცრი აქვთ და ძირითადად ორიენტირებულნი არიან სხვადასხვა გამოცდილების და მიმართულების, არასტანდარტული აზროვნების ლიდერებისა და პროფესიონალების შერჩევაზე, რათა მათ შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში ინტეგრირება და კონკრეტული ღირებულების მოტანა როგორც უნივერსიტეტის, ასევე კოჰორტის სხვა წევრებისათვის.

„ფაქტობრივად ინოვაციებისა და ბიზნესის განვითარების ეპიცენტრში, უმსხვილესი კომპანიების მენეჯერებთან, მფლობელებთან და ტოპ პოზიციის წარმომადგენლებთან მიწევს ყოველდღიური კომუნიკაცია“

სწავლების პროცესი მაქსიმალურად მორგებულია მომუშავე პროფესიონალების როგორც განრიგზე, ასევე ინფორმაციულ საჭიროებებზე და სრულად ასახავს ბიზნესსამყაროში უახლესი მოვლენების განვითარების ტრენდებს.

უმნიშვნელოვანესია კონტაქტები, კლუბები და ასოციაციები, სადაც დამატებითი მსჯელობის შესაძლებლობაა კონკრეტული სფეროს პროფესიონალებთან,  ხელმისაწვდომობა უახლეს ინფორმაციაზე და შესაძლებლობა პირისპირ შევხვდეთ, მოვისმინოთ სხვადასხვა ბიზნესის სფეროს, თუ სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლის გამოცდილების შესახებ.

რას ურჩევთ ახალგაზრდებს, ვისაც გლობალური მიზნები აქვთ?

აქამდე მსგავსი შესაძლებლობები გლობალური აქტივობების კუთხით ნამდვილად ერთეულებისთვის ხელმისაწვდომი ფუფუნება იყო. დღეს ყველაფერი გაცილებით მარტივად ხელმისაწვდომია და შრომისმოყვარეობა წარმატების უმნიშვნელოვანეს საფუძვლად იქცა.

ნებისმიერ ქვეყანაში სწავლა შესაძლებელია – დაფინანსებით, სტიპენდიით, შემდგომი კარიერული განვითარების კონკრეტული გეგმით. ამ ყველაფრის წინასწარი დაგეგმვა კი დისტანციურად არის შესაძლებელი.

დღეს იდეალური დრო და გარემოა ნებისმიერი მიზნის გლობალურად წარდგენისთვის და შესრულებისთვის. სწორი პროდუქტის ეფექტიანი პიარ-სტრატეგიით მისი ნებისმიერ ქვეყანაში დამატებითი ხარჯის, წარმომადგენლისა და იურიდიული ფორმალობების გარეშე გაყიდვა შეგიძლია.

ბაზარზე უამრავი ინვესტორია, რომელთათვისაც კონკრეტული სფერო, სტარტაპია საინტერესო – მათზე ხელმისაწვდომობა ონლაინ სივრცეში გაცილებით მარტივია, ვიდრე ეს დღემდე იყო.

არსებობს კონკურსები სტარტაპერებისთვის, რომელიც ერთგვარი გამოცდილებაცაა და საკუთარი პროექტის სწორად, ობიექტურად შეფასების გზა.

გარდა ამისა, მუდმივად ხელმისაწვდომია ტრენინგები იმ კონკრეტულ სფეროში, რაც პროექტის განვითარებასაც წაადგება და კონკრეტული ცოდნის მიღებასაც.

არსებობს მზაობაც, საჭიროებაც და ბაზარიც – რომლის შესწავლით და კონკრეტული ნიშების აღმოჩენით ინტეგრირება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.

„ვფიქრობ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ გლობალური მიზნები გლობალურ აზროვნებას საჭიროებს, წარმატება კოლოსალური შრომის შედეგია და გამარჯვება აუცილებლად უნდა გაუნაწილოთ ყველას, ვინც მის მიღწევაში მონაწილეობა მიიღო“

რა გეგმებით დაიწყეთ ახალი ათწლეული, ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებაზე?

გეგმა უამრავია, თუმცა პრიორიტეტი, ამ ეტაპზე, ხარისხიანი სწავლაა.

სასწავლო პროცესი საკმაოდ შრომატევადი და რთულია – უამრავი ახალი ინფორმაციის გადამუშავება მიწევს, შეფასების სისტემა მკაცრია, გრაფიკი კი წინასწარ გაწერილი. სექტემბერში სასწავლო ტურზე მივემგზავრებით ბერლინში, სადაც საკმაოდ საინტერესო სამუშაო შეხვედრებია დაგეგმილი.

ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ, წლის ბოლოს, რამდენიმე გასაუბრება მაქვს დაგეგმილი მსხვილ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან.

ამის პარალელურად, დისტანციურად ვმუშაობ საქართველოში და ვაგრძელებ საკონსულტაციო მომსახურების გაწევას რამდენიმე პროექტისთვის.

საქართველოში ცხოვრობს ჩემი ოჯახი და მეგობრების უმეტესობა, ისინი აქ გადმოსახლებას არ გეგმავენ. ამასთან, მე თვითონაც პარტნიორებთან ერთად ვმუშაობ საკმაოდ საინტერესო ინოვაციურ სამედიცინო პროექტზე, რომლის განვითარებისთვის ხშირად მომიწევს საქართველოში ვიზიტი.

ამიტომაც, ჩემს სამომავლო გეგმებში საქართველო ყოველთვის საპატიო ადგილს დაიკავებს.