შვედეთის პრემიერ-მინისტრი, მაგდალენა ანდერსონი თანამდებობას ტოვებს

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა არჩევნებში დამარცხება აღიარა და დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერმა, რომელიც ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი სულ რაღაც გასულ წელს გახდა, გადადგომა სტოკჰოლმში, ჟურნალისტებთან კომენტარისას დააანონსა.

ფოტო: Alamy

ყველაზე დიდ სკანდინავიურ ქვეყანაში გამართული არჩევნები ოთხი პარტიისგან შემდგარი მემარჯვენე ოპოზიციური ბლოკის გამარჯვებით დასრულდა. ანდერსონის განცხადებაც სწორედ ქვეყნის საარჩევნო კომისიის მიერ ხმების სრულად დათვლასა და შედეგების გამოცხადებას მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებში ოპოზიციური ბლოკის მცირედი უპირატესობით გამარჯვებაში მთავარი როლი ანტიიმიგრაციულმა პარტია „შვედმა დემოკრატებმა“ ითამაშა. „შვედი დემოკრატები“ მოსახლეობას უსაფრთხოებით უზრუნველყოფას პატიმრობის გაზრდილი ვადებითა და იმიგრაციის მინიმუმამდე შემცირებით ჰპირდებიან. გარდა ამისა, ოპოზიციამ ახალი ატომური ელექტროსადგურების აშენების პირობაც დადო.

ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი და სავარაუდოდ პრემიერობის კანდიდატი „ზომიერების“ ლიდერი ულფ კრისტერსონია. თუმცა, ანდერსონი სოციალ-დემოკრატების ლიდერის პოსტიდან გადადგომას არ აპირებს და თუ კრისტერსონის ალტერნატივა არ გამართლდება, ხელმძღვანელობისთვისაც მზადყოფნას გამოთქვამს. პრემიერობის შემთხვევაში 58 წლის კრისტერსონს, ანდერსონის მსგავსად, პარლამენტში ძალიან მცირე უპირატესობის მქონე მთავრობის მართვა მოუწევს.

ცნობისთვის, „ზომიერების“ ლიდერმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები სამ პარტიასთან, რომელთაც მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. მათ შორის არიან ნაციონალისტებიც – „სოციალ-დემოკრატების“ შემდგომ შვედეთში სიდიდით მეორე ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა.