$15 მილიონი მადუროს სანაცვლოდ

აშშ-ში ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროსა და ვენესუელის სხვა ოფიციალურ პირებს ბრალი წაუყენეს ნარკო-დანაშაულებისთვის.

აშშ-მა ასევე დააწესა ჯილდო, $15,000,000 მოცულობით, მათთვის, ვინც მადუროს დაკავებისთვის საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.

აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა გააცნო საზოგადოებას.

„ვენესუელის მოქალაქეები იმსახურებენ გამჭვირვალე, პასუხისმგებლიან და წარმომადგენლობით ხელისუფლებას, რომელიც ხალხის ინტერესებს ემსახურება და რომელიც არ ერთვება უკანონო ნარკოტიკების გადატანაში,“ – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მადუროს გარდა, ბრალი წარედგინა კიდევ 14 ოფიციალურ პირს, მათ შორის რამდენიმე გენერალს, ვიცე-პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.