The Body Shop გლობალური სილამაზის ბრენდია. ის თავის მომხმარებლებს ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას სთვაზობს, აქვს 3000- ზე მეტი მაღაზია მსოფლიოს გარშემო, საქართველო კი გახდება „ბოდი შოპის“ 73-ე ქვეყანა. ჯესი მაქნეილ ბრაუნი ხელმძღვანელობს „ბოდი შოპის“ საერთაშორისო აქტივიზმის მიმართულებას. მას 20 წლიანი გამოცდილება აქვს სხვადასხვა კამპანიის ჩატარების, როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე. ჯესი და მისი გუნდი ესტუმრნენ საქართველოს, ისინი აპირებენ სოციალური აქტივობების განხორციელებას ქალთა უფლებების მიმართულებით. ჯესი ბრაუნი გვესაუბრა „ბოდი შოპის“ მომავალი გეგმებსა და აქტივობებზე, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.
„ბოდი შოპის“ ისტორია დაიწყო ბრაიტონში, ინგლისში, 1976 წელს. ბრენდმა ამ წლების განმავლობაში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ წარმატების მიზეზი?
რამდენიმე მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია, პირველი, ალბათ არის ის, რომ მართლები ვართ საკუთარ თავთან და მომხმარებელთან. ჩვენ ვქმნით ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქციას ნატურალური ნედლეულით. თითოეულ პროდუქტში ვდებთ მთელ ენერგიას, რაც საბოლოოდ ქმნის ძალიან მყარ ემოციურ კავშირს ბრენდსა და მომხმარებელს შორის. ჩვენი წარმატება განაპირობა იმანაც რომ, როცა ვიწყებდით, გადავწვიტეთ იმ დროს დამკვიდრებული თამაშის წესებიდან გადაგვეხვია და ჩვენი დაგვემკვიდრებინა. უარი ვთქვით ჩვენი პროდუქციის ცხოველებზე გამოცდაზე. თავიდან ყველა ფიქრობდა, რომ ამ მიდგომებით კომპანია დიდ ზარალს ნახავდა, მაგრამ ჩვენი დამფუძნებლის ანიტა როდიკის რწმენები და ღირებულებები იმდენად მყარი იყო, რომ საბოლოოდ მისმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და გავხდით პირველი კომპანია, რომელმაც მიიღო “Leaping Bunnies’’ სერტიფიკატი.
რა განასხვავებს თქვენს ბრენდს სილამაზის და თავის მოვლის სხვა ბრენდებისგან, რითი ხართ გამორჩეულები?
ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ნატურალ ინგრედიენტებს, ეს გამოგვარჩევს ყველასგან. „ბოდი შოპი“ დაარსების დღიდან იყენებდა 24 განსხვავებულ ნატურალურ ინგრედიენტს, დღემდე ასეა – მხოლოდ ნატურალური. ანიტა როდიკი ხშირად მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში, ხვდებოდა ქალებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ადგილობრივ სილამაზის პროდუქტებს და თავის მოვლის რუტინას უზიარებდნენ მას; ანიტა ითვისებდა ახალ ტექნოლოგიებს და ნატურალურ ინგრედიენტებით დამზადებულ პროდუქტებს, ხდიდა ხელმისაწვდომს საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენი გუნდი აგრძელებს ამ ტრადიციას, ვმოგზაურობთ მსოფლიოს გარშემო ახალი ინგრედიენტებისა თუ ტექნიკების აღმოსაჩენად. ამგვარი ძიების პროცესი ძალიან ამაღელვებელია, მსოფლიოს ერთი ადგილიდან ქალები უზიარებენ საკუთარ პროდუქტებსა და გამოცდილებას ქალებს მთელ მსოფლიოში. ამ ყველაფრის ერთობა ხდის ჩვენს პროდუქტებს უნიკალურს.
გარდა იმისა, რომ თქვენ ზრუნავთ თქვენი პროდუქტის ხარისხზე, ასევე ზრუნავთ გარემოზე. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი სილამაზის ბრენდებისთვის გახდნენ უფრო ეკო-მეგობრულები?
არა მხოლოდ სილამაზის ბრენდებმა, არამედ ყველა კომპანიამ უნდა აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და არ დააზიანოს გარემო. „ბოდი შოპი“ დაარსების დღიდან ცდილობს, იყოს ეკო-მეგობრული. წარვადგინეთ მრავალჯერადი გამოყენების ბოთლები, ვიყენებთ ნაკლებ შეფუთვას, რათა შევამციროთ ნარჩენები და შევქმნათ პროდუქტი ისე, რომ მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს ბუნებას. ვფიქრობ, ნებისმიერი კომპანია უნდა იყოს ძალიან ყურადღებიანი და მგრძნობიარე ასეთი დეტალების მიმართ. აუცილებელია, ყველამ ხმამაღლა ვილაპარაკოთ და შევაქოთ ისეთი ბრენდები, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ბუნების გაჯანსაღების პროცესში. ჩვენი მომხმარებლებიც აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში და მათგან ვგრძნობთ კიდეც მოთხოვნას, რომ ყველაფერი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ნაკლები ნარჩენებისა და ზიანის გარეშე. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვსაუბრობთ და ვმუშაობთ ამ ღირებულებების დასაცავად; ჩვენ გვყავს აქტივისტების ჯგუფი ყველა ქვეყანაში. ისინი სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ ბუნების დასაცავად; მაგალითად, ინდოეთის ოკეანეს პლასტმასისგან ვასუფთავებთ და მიღებული შედეგებით ვცდილობთ, მომხმარებლს ვაჩვენოთ ამ კრიზისის რეალური მასშტაბები. სწორედ ასეთი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ საქართველოშიც.
40 წელია „ბოდი შოპი“ დაუღალავად ცდილობს დაიცვას ადამიანის უფლებები. გვითხარით, როგორ იყენებთ მსოფლიო ცნობადობას და რა ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით?
ჩვენ ვცდილობთ, ადამიანების უფლებები დავიცვათ ყველა მიმართულებით, გვაქვს სხვადასხვა აქტივობები და პროექტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვცდილობთ, ქალებს მივცეთ ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების შანსი და წვდომა საერთაშორისო ბაზარზე. ინდოეთში უამრავ ქალს არ ჰქონდა ID ბარათი, რითიც ეზღუდებოდათ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ჩვენ ათეულობით ქალს დავუბრუნეთ აღნიშნული ბარათები.
ამჟამად, აქტიურად ვმუშაობთ ინდონეზიასა და ბრაზილიაში, სადაც ქალების უფლებების მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა, ამ კუთხით დიდი გეგმები გვაქვს, რომელსაც თებერვალში წარვადგენთ.
რაც შეეხება საშობაო გეგმებს, ვაპირებთ, ჩვენი სანტა იყოს ქალი. დავპატიჟოთ ქალები ჩვენს საახალწლო ღონისძიებაზე მთელი მსოფლიოდან, რათა მათ გააზიარონ საკუთარი გამოცდილება და მისცენ ინსპირაცია ერთმანეთს.
როგორც ფემინისტური ბრენდი დაუღალავად ვშრომობთ იმისთვის, რომ ქალებს ჰქონდეთ წვდომა უკეთეს განათლებასა და უკეთეს სამსახურზე. აქტიურად ვიბრძვით გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის.
„ბოდი შოპს“ აქვს 3000 მაღაზია, 70-ზე მეტ განსხვავებულ ბაზარზე პოზიციონირებს საკუთარი პროდუქციით; საქართველო არის ახალი გამოწვევა და ახალი ბაზარი; რა მოლოდინები გაქვთ ამ კუთხით?
ჩვენ საქართველო ავირჩიეთ, რადგან კულტურულად და ღირებულებებით იდეალურად ვემთხვევით ერთმანეთს. ძალიან ბევრს ვსწავლობთ საქართველოზე, ჩვენი ადგილობრივი პარტნიორები კიდევ უფრო უკეთ გვაცნობენ თქვენს კულტურას. ქართველი მომხმარებლებიც ძალიან კმაყოფილები არიან. ბევრი მათგანი ჩვენს მაღაზიაში სტუმრობისას აღნიშნავს, რომ ჩვენს ბრენდს დიდი ხანი ელოდა. ასე რომ, ვფიქრობთ, საქართველოს ბაზარზე შემოსვლა არის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება.
რა არის თქვენი, როგორც ქალის, მთავარი გამოწვევა საქმეში?
ბალანსის პოვნა და შენარჩუნებაა ყველაზე რთული – ოჯახსა და სამსახურს შორის. ქალებს გვინდა მოვასწროთ ყველაფერი 24 საათში, ვიყოთ წარმატებულები კარიერულად, ვიზრუნოთ ოჯახის წევრებზე და ხშირად ეს ზედმეტი ძალისხმევის შედეგად გამოგვდის, ამიტომ ჩემს თავს ყოველთვის ვუმეორებ და ვახსენებ, რომ ნაკლებ წნეხში მყავდეს საკუთარი თავი და ვაკეთო ის, რაც ჩემს ძალებშია.
ყოფილხართ თუ არა როდესმე გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლი?
ავსტრალიაში დავიბადე, რა თქმა უნდა, კი, ვყოფილვარ. ძალიან ბევრი სტერეოტიპია ჩემს სამშობლოში. ქალების მოვალეობად ოჯახის შექმნას, შვილების გაზრდასა და ოჯახზე ზრუნვას მიიჩნევენ. ავსტრალიაში არ გვყავს ლიდერი ქალები, ვერ ნახავთ მათ გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე. შესაბამისად, ქალებს არ აქვთ მოტივაცია, იბრძოლონ საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვის.
საბედნიეროდ, „ბოდი შოპში“ არასდროს მიგრძვნია მსგავსი სტერეოტიპული დამოკიდებულება, რადგან ჩვენი კომპანია ერთი დიდი ოჯახია, სადაც ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ; მაგრამ ბრიტანეთში ბევრი პრობლემაა ამ კუთხით. ცოტა ქალია პოლიტიკაში, ჩვენი, ქალების, პრობლემები არ არის პრიორიტეტული, ამიტომაც სამსახურის მიღმა შევუერთდი აქტივისტების ჯგუფს, რომლებიც იცავენ ქალებისა და გოგოების უფლებებს. ჩვენ ვუსმენთ ქალებს, ვიგებთ მათ პრობლემებს და მაქსიმალურად ვეხმარებით მათ.
თქვენმა დამფუძნებელმა, ანიტა როდიკმა მსოფლიოს მასშტაბით დიდი გავლენა მოახდინა ქალების უფლებების გაუმჯობესების კუთხით. მიჰყვებით მის დაწყებულ გზას? როგორ ფიქრობთ როდის დადგება საბოლოო, მკაფიო შედეგი ამ მიმართულებით?
თუ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებს შევხედავთ, ალბათ, კიდევ 200 წელი დაგვჭირდება, მაგრამ ყველაფერი პატარ-პატარა აქტივობებით იწყება და შემდეგ იღებს მასშტაბური ცვლილების სახეს. ვიცი, რომ, მაგალითად, საქართველოში გაჩნდნენ ქალი ტაქსის მძღოლები, ამგვარი მცირე ნაბიჯებით მივდივართ საბოლოო შედეგამდე. საქართველოში, ჩვენი მხრივ, ვეცდებით დავეხმაროთ ქალებს გაძლიერებაში.
რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, რა გეგმები აქვს „ბოდი შოპს“ სამომავლოდ?
აქტივიზმი, გლობალური კამპანიები, ნატურალური პროდუქტები, 100%-ით ვეგეტარიანული ბრენდის სტატუსის შენარჩუნება და ქალების გაძლიერების ხელშეწყობა – ეს არის ჩვენი სამომავლო გეგმების მოკლე ჩამონათვალი.
ავტორი: რუსუდან ბრაგვაძე
თანაავტორები: ანა მსხალაძე, ანა ქურდაძე