მილიარდერი ქველმოქმედი, მაკკენზი სკოტი 133.5 მილიონ აშშ დოლარს დაჰპირდა აშშ-ის ვირჯინიის შტატში დაფუძნებულ არაკომერციულ ორგანიზაცია Communities In Schools-ს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა განათლების ხელშეწყობაზე ზრუნავს. ორგანიზაციის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, რეი სალდანას განცხადებით, ეს თანხა მათი მისიის – გახადონ განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი – განხორციელებას მოხმარდება. კერძოდ კი, მისი თქმით, სკოტის შემოწირულობით, მოსწავლეებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად მეტი პერსონალის დაქირავება იქნება შესაძლებელი.
Communities In Schools-ის თანამშრომლები მუშაობენ იმ მოსწავლეებთან, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო სწავლის მიტოვების საფრთხე ემუქრებათ. ორგანიზაცია მათ სკოლებში შენარჩუნებას ცდილობს, ასევე მოსწავლეთა ოჯახებს კოორდინაციას უწევს ადგილობრივ სამსახურებთან, რათა ისეთი რესურსებით იყონ უზრუნველყოფილნი, როგორიც საკვები, საცხოვრებელი და ჯანდაცვაა. ცნობისთვის, Communities In Schools-ი ამჟამად 3,000-მდე სკოლაში ფუნქციონირებს, თუმცა გუნდის მიზანია, ეს შემოწირულობა საკუთარი მოდელის აშშ-ის დაახლოებით 70,000 სკოლაში დასანერგად გამოიყენოს.
მაკკენზი სკოტი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქველმოქმედია. აღსანიშნავია, რომ მან ორ წელზე ნაკლებ დროში, ჯეფ ბეზოსთან განქორწინების შემდეგ, 780-ზე მეტ ორგანიზაციას 8.61 მილიარდი აშშ დოლარი შესწირა. ამ თანხის ძირითადი ნაწილი რასობრივი სამართლიანობის, გენდერული თანასწორობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისთვის დაიხარჯა. შედარებისთვის, სკოტის ყოფილმა ქმარმა, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედების სახით 2.1 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო.
აღსანიშნავია, რომ სკოტი Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ ამერიკელი ფილანთროპი მილიარდერების 2022 წლის რეიტინგში, რომელიც ჯამში ქვეყნის ტოპ-25 ქველმოქმედს მოიცავს, მე-5 ადგილს იკავებს. ბოლო მონაცემებით, მისი ქონება 47.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ Amazon-ის დამფუძნებელთან და ყოფილ აღმასრულებელ დირექტორთან, ჯეფ ბეზოსთან დაშორების შემდეგ მაკკენზი სკოტმა ამ კომპანიის აქციების 25% მიიღო.