თამარ მაჭარაშვილი – კატო მიქელაძის პრემიის ნომინანტი

თამარ მაჭარაშვილი კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტია. თამარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალია, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში. მისი ძალისხმევითა და დამსახურებით ამ მიმართულებით მიღებულ არაერთ სტრატეგიაში თუ სამოქმედო გეგმაში იქნა ასახული შშმ ქალთა სპეციფიკური საკითხები და საჭიროებები.

თამარის ინიციატივით 2008 წელს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ეხმარებოდა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარებულ შიდა ქართლიდან დევნილ მოსახლეობას, მათ შორის შშმ ქალებს.

2012 წელს დაფუძნდა საინიციატივო ჯგუფი „ქალი და რეალობა“. მას შემდეგ თამარის ძალისხმევით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სფეროში მუდმივად ხდება შშმ ქალთა საკითხების ადვოკატირება სხვადასხვა დონეზე.

თამარი აქტიურად იყო ჩართული შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და სწორედ მისი დამსახურებით არის გათვალისწინებული სამოქმედო გეგმაში რეპროდუქციული ჯანმრთელობის აუცილებელი ჩვევების სწავლება და სქესობრივი განათლება შესაბამისი ასაკის და საჭიროების მქონე შშმ პირებისათვის.

თამარ მაჭარაშვილი შშმ ქალთა ჯგუფს წარმოადგენდა პრემიერმინისტრთან არსებულ შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოშიც. ის აქტიურად უწევდა ლობირებას ჯანდაცვის პროგრამებში შშმ ქალთა სპეციფიკური საკითხების გათვალისწინებას.

თამარის ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა შშმ ქალთა განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონოდა როგორც სამთავრობო ორგანიზაციებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც ადრე ამ მიმართულებით საერთოდ არ მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, რომ პრემიაზე წარდგენილია 16 ქალი უფლებადამცველი, რომლებიც მომიჯნავე სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

Forbes Woman Georgia კატო მიქელაძის პრემიის მედია-პარტნიორია. მომდევნო დღეებში მკითხველს საშუალება ექნება ჩვენს ვებ-გვერდზე გაიცნოს პრემიის სხვა ნომინანტებიც. რიგით მეშვიდე პრემიის მფლობელი 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდება.

მასალა მომზადებულია ნომინაციაზე თამარ მაჭარაშვილის წარმდგენის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.