თბილისი მსოფლიო ლიტერატურულ რუკაზე | ინტერვიუ ნინია მაჭარაშვილთან

უკვე ოცი წელია, „იუნესკო“ ყოველწლიურად სხვადასხვა ქალაქს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ანიჭებს. 2021 წელს ეს საპატიო ტიტული თბილისს ერგო. 23 აპრილიდან საქართველოს დედაქალაქი ერთი წლით გახდა ამ საერთაშორისო პროექტის ცენტრი. რას მოუტანს ეს სტატუსი თბილისს? თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის დირექტორი ნინია მაჭარაშვილი გვიყვება წლის მთავარი ლიტერატურული ამბის შესახებ.

World Book Capital – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი – 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ნინია, როგორ გახდა თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი? რამდენად რთული და ხანგრძლივი იყო ეს პროცესი?

„იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტატუსის მოსაპოვებლად ყოველწლიურად უამრავი ქალაქი იბრძვის, ზოგიერთი ქალაქი ბევრი მცდელობის შემდეგაც ვერ აღწევს მიზანს. მათ შორის ისეთები, რომელთა ისტორია და არქიტექტურა თბილისის მსგავსად შთამბეჭდავია, მოსახლეობის რაოდენობა კი – რამდენჯერმე მეტი.

ჩვენს შემთხვევაში ამ სტატუსის მოპოვება ხანგრძლივი შრომის, ვითარების ღრმა ანალიზის, არგუმენტების სწორად ჩამოყალიბებისა და, რა თქმა უნდა, იღბლის შედეგია. როცა მე და ნინო კიკნაძე, რომელთან ერთადაც ვუძღვები პროექტს, აპლიკანტებად დავრეგისტრირდით, სრულად ვაცნობიერებდით, პირველ რიგში, რა რთული იქნებოდა სტატუსის მოპოვება, წარმატების შემთხვევაში კი რამხელა პასუხისმგებლობა დაგვეკისრებოდა პროექტის განხორციელების დროს. მეორე მხრივ, იმასაც ზუსტად ვგრძნობდით, რა მნიშვნელოვანი იქნებოდა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი თბილისისთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის: დიდი და პატარა მკითხველებისთვის, მწერლებისთვის, სტუდენტებისთვის, გამომცემლების, მთარგმნელებისა თუ ილუსტრატორებისთვის. ერთი სიტყვით, დარწმუნებულები ვიყავით, რომ თუკი თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდებოდა, ეს დედაქალაქში (და არამხოლოდ) ლიტერატურულ და საგანმანათლებლო პროცესს გააცოცხლებდა და წაახალისებდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შედეგიც დადგა: 2021 წლის 23 აპრილს კუალა ლუმპურმა გადმოგვილოცა ეს საპატიო სტატუსი და თბილისი, კიდევ ერთხელ და ამჯერად ძალიან მკვეთრად, მოინიშნა მსოფლიო ლიტერატურულ რუკაზე. მომდევნო წლის გაზაფხულზე სწორედ თბილისი დაუთმობს სტატუსს გვადალახარას (მექსიკას). სხვათა შორის, ამ ქალაქთან და, ზოგადად, ესპანურენოვან გამომცემლობებთან პროექტის ფარგლებში უკვე გაიბა თანამშრომლობის პირველი ძაფები.

რა აქტივობებს, რა ღონისძიებებს გამოყოფდით პროექტის ფარგლებში, რომლებიც წლის განმავლობაში უკვე ჩატარდა და რომლებიც, ფიქრობთ, რომ ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს ქვეყანას?

როცა ვსაუბრობთ ამ პროექტის ფარგლებში გაკეთებულ თუ გასაკეთებელ საქმეებზე, ჩვენი მიზანია, თითოეული ღონისძიება თუ ღონისძიებათა ციკლი იყოს სიცოცხლისუნარიანი. ანუ პროექტი დასრულების შემდეგაც მოიტანს სარგებელს როგორც ადამიანებისთვის, ასევე საგანმანათლებლო თუ საგამომცემლო პროცესისთვის. ჩვენმა გუნდმა როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა ორგანიზაციებთან პარტნიორობით უკვე 70-მდე პროექტზე იმუშავა და მათი დიდი ნაწილი დიდხანს დარჩება თბილისს.

პარტნიორებთან ერთად, თბილისის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა შეივსო ახალი წიგნებით, მხარი დავუჭირეთ 30 ახალი წიგნის გამოცემას, განვახორციელეთ საერთაშორისო და ადგილობრივი სარეზიდენციო პროგრამები ქართველი და უცხოელი ავტორებისთვის. ძალიან მალე მწერალთა სახლში გავხსნით რეპრესირებული მწერლების მუზეუმს. წელს პირველად, გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე წარვადგინეთ ქართული წიგნის ეროვნული სტენდი და ქართველი ავტორების ლიტერატურული პროგრამა. პირველად ჩავატარეთ თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალი და ილუსტრატორების ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც მოვამზადეთ ილუსტრატორების ორენოვანი კატალოგი. ჩავატარეთ პროფესიული განვითარების ტრენინგები გამომცემლებისთვის. ასევე, თინეიჯერებს შევასწავლეთ ძრავა იუნითში კომპიუტერული თამაშების შექმნა და მათ ქართველი ავტორების ტექსტებზე დაყრდნობით შექმნეს თამაშები. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის შევქმენით აუდიოწიგნების ბაზა. ჩავატარეთ ლიტერატურული საზაფხულო ბანაკები, დავაფუძნეთ და განვახორციელეთ საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“, რომლის ფარგლებშიც ხუთ სხვადასხვა ნომინაციაში დავაჯილდოვეთ გამარჯვებულები. განვახორციელეთ ლიტერატურული კონკურსი დებიუტანტი ავტორებისთვის…

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომელიც „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ გუნდმა წელს განახორციელა. მომავალ წელს დაგეგმილია ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც ქართული ლიტერატურის, მწერლობისა და, რაც მთავარია, მკითხველის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით, გამოვარჩევ მომავალი წლისთვის დაგეგმილ ორ ღონისძიებას – საერთაშორისო საგამომცემლო კონფერენციას, რომელიც პირველად გაიმართება საქართველოში და რომლის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი გამომცემელი გვესტუმრება; ასევე, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ქსელის შეკრებას თბილისში, რომლის მიმდინარეობისას თბილისს 22 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა.

რამდენად მიმზიდველია საქართველო მსოფლიოსთვის ლიტერატურულ კონტექსტში? რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქართული თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის, თარგმანის ხელშეწყობის მიზნით? რამდენად ხანგრძლივი და რთულია ეს პროცესი?

თავისი ისტორიით, კულტურით, დამწერლობით, უძველესი და უმნიშვნელოვანესი ტექსტებით, რომლებსაც შედევრებს ვუწოდებ, საქართველო ძალიან საინტერესო და მიმზიდველია დანარჩენი მსოფლიოსათვის. რეალურად, ქართულენოვანი მკითხველი ძალიან, ძალიან მცირეა სხვა, დიდ ენებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ქართველი ავტორების წიგნების ტირაჟი გაცილებით უფრო მცირეა ევროპელ, ამერიკელ, აზიელ ავტორებთან შედარებით. ზუსტად ამიტომ ჩვენ გვჭირდება უდიდესი ძალისხმევა, შრომა და მხარდაჭერა იმისთვის, რომ ქართველი ავტორები აქტიურად ვთარგმნოთ სხვა, დიდ ენებზე. მაქსიმალურად გავაცნოთ და წარმოვადგინოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე. ეს პროცესი ნამდვილად შრომატევადი და არცთუ ისე სწრაფია, თუმცა, გარდაუვალი. და ამ პროცესში მაქსიმალურად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუციების მხარდაჭერა, სწორი პოლიტიკა და ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან.

ნინია, თქვენ წლებია მუშაობთ გენდერული თანასწორობის საკითხებზე. რას ისახავთ მიზნად, რა მიმართულებით გინდათ და წარმოგიდგენიათ ცვლილებები?

გენდერული თანასწორობისა და შვილების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მიმართულებით მუშაობა ჩემი ცხოვრების ახალი, უმნიშვნელოვანესი საფეხური იყო, რომელიც 2014 წელს ერთი პატარა კამპანიით დაიწყო – „მამა, წიგნი წამიკითხე“ ერქვა. უფრო სწორად, გვეგონა, რომ პატარა კამპანია იქნებოდა. საბედნიეროდ, ვცდებოდით. საბოლოოდ, ის ძალიან მნიშვნელოვან, დიდ და ეფექტიან კამპანიაში გადაიზარდა, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი ახორციელებს. პროექტი „კაცები ზრუნავენ“ ჩემი ცხოვრებისა და სამუშაო დღის მსუყე ნაწილია. ალბათ, იმიტომ, რომ ამ მოძრაობას ძალიან ნათელი და სწორი მიზანი აქვს – წაახალისოს მამაკაცების ჩართულობა შვილების აღზრდისა და საოჯახო საქმეების გადანაწილების პროცესში, დაამკვიდროს ოჯახებში ჰარმონიული თანაცხოვრების პრინციპები და, საბოლოოდ, ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი შესაძლებლობა მისცეს განათლების, დასაქმებისა თუ თავისუფალი დროის მიმართულებით.

ძალიან ამაყი ვარ იმ პროექტებითა და ინიციატივებით, რაც კამპანიის ფარგლებში ამ წლების განმავლობაში განვახორციელეთ – დავაარსეთ „მამების თასი“, სადაც გოგონებსა და ბიჭებს ფეხბურთის თამაშის თანაბარი შესაძლებლობა აქვთ; დავაფუძნეთ მამების დღე, რომელსაც უკვე მეექვსე წელია აღვნიშნავთ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ქუთაისსა და თბილისში წარმატებით ვახორციელებთ „მამების სკოლას“. გამოვეცით არაერთი საბავშვო პუბლიკაცია. რაც მთავარია, კამპანია წლიდან წლამდე იზრდება, უფრო და უფრო მეტ მხარდამჭერს იძენს და აფართოებს საზღვრებს – თითქმის მთელ საქართველოში ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

სხვათა შორის, კამპანია „კაცები ზრუნავენ“ 2018 წელს “Emerging Europe Award”-ის გამარჯვებული გახდა როგორც თანასწორობის ხელშემწყობი საუკეთესო ინიციატივა ევროპის მასშტაბით.

რამდენადაც ვიცი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრეთ, თუმცა, ძირითადად, ლიტერატურის პოპულარიზაციის მიმართულებით მუშაობთ, თუმცა არამარტო. როგორ დაუკავშირდა წიგნებს თქვენი ცხოვრება?

ისე მოხდა, რომ ჩემს ცხოვრებაში წიგნი, ლიტერატურა და, ზოგადად, განათლების საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებები გახდა როგორც ჰობის, ასევე, პროფესიულ დონეზე. ჯერ გამომცემელი ვიყავი, შემდეგ ლიტერატურული აგენტი და ლიტერატურული ღონისძიებების ორგანიზატორი. კარიერის შემდეგი, უფრო მაღალი და საპასუხისმგებლო საფეხური ისევ წიგნებს დავუკავშირე – თბილისის ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების დირექტორი გავხდი. აქ მუშაობის სამი წლის თავზე, ჩემს კოლეგასა და მეგობართან, ნინო კიკნაძესთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო წიგნის დედაქალაქის სტატუსის მოპოვების ურთულეს კონკურენციაში ჩავები, რამაც თბილისს ეს საპატიო სტატუსი მოუტანა. ერთი მხრივ, რთულია, როცა ჰობი და სამსახური თითქმის არაა ერთმანეთისგან გამიჯნული, მაგრამ იმდენად დიდია სურვილი, რომ ლიტერატურის განვითარებაში, წიგნების ხელმისაწვდომობასა და ქართული ლიტერატურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციაში ჩემი, თუნდაც მოკრძალებული, წვლილი შევიტანო, ჰობისა და პროფესიის ერთნაირობაზე თვალს ვხუჭავ. „ტვ პირველსა“ და „რუსთავი 2“-ზე ლიტერატურულ რუბრიკებს ვუძღვებოდი, რაც დამატებით შესაძლებლობას მაძლევდა, მიმდინარე ლიტერატურული პროცესის მაჯისცემაზე მქონოდა ხელი. ეს დღესაც ძალიან მეხმარება.

უკვე შვიდი წელია არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად ვმუშაობ იმისთვის, რომ საქართველოში თანასწორობამ უთანასწორობას სძლიოს. ქალებსა და მამაკაცებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობა კარგი განათლების მიღების, დასაქმებისა და თავისუფალი დროის ქონის.

„კაცები ზრუნავენ“ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის კამპანიაა, რომლის მთავარი მიზანია წაახალისოს მამაკაცები, რათა მათ ოჯახის პასუხისმგებლობები პარტნიორებთან ერთად თანაბრად გადაანაწილონ. აიღონ პასუხისმგებლობა შვილის მოვლაზე, საოჯახო საქმეებსა და ჰარმონიული გარემოს ჩამოყალიბებაზე.

ასევე, ჩემს მეგობარ თანამოაზრეებთან ერთად მიუსაფარი ცხოველების დამცველი ორგანიზაციის “Animal Project”-ის თანადამფუძნებელი ვარ. ჩვენმა ორგანიზაციამ პანდემიის დროს უამრავი მიუსაფარი ცხოველი გამოკვება თბილისსა და რეგიონებში. ბევრი ცხოველი – ძაღლი და კატა, გადავარჩინეთ, მოვუძებნეთ მათ დროებითი თუ მუდმივი შემფარებელი. ასევე, აქტიურად ვახორციელებთ ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამებს და ვცდილობთ, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა საქართველოში ჯერ შემსუბუქდეს, საბოლოოდ კი, სრულად გადაიჭრას.