დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ m²-ის ახალი დაპირება „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ შეუმჩნეველი არავისთვის დარჩენილა, რადგან ის ჩვენი თანამედროვეობის უდიდეს დანაკლისზე, საკუთარი თავის მოსმენის საჭიროებაზე მიგვანიშნებს.
დეველოპერული ბრენდის რეპოზიციონირებაზე, ახალ დაპირებასა და განახლებულ ლოგოტიპზე, m²-ის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელს, ირინა დუმბაძეს ვესაუბრე.
ირინა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ბრენდს რეპოზიციონირება სჭირდებოდა?
m² ბაზარზე თხუთმეტი წელია, რაც ეფექტიანად ოპერირებს და ბაზარს ავითარებს. ის სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა სამშენებლო კომპანიების მიმართ ადამიანებს ნდობა ჰქონდათ დაკარგული. m²-მა თავისი საქმიანობითა და დაპირების შესრულებით ‒ ნდობა არა მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ შექმნა, არამედ მთლიანად დეველოპერულ სექტორს დაუბრუნა.
მისი დაპირება „იცხოვრე უკეთესად“ ერთი ნაბიჯით უსწრებდა მოთხოვნას და ადამიანებს ახალ, დასრულებულ, გარემონტებულ ბინაში კომფორტულ ცხოვრებას სთავაზობდა. „იცხოვრე უკეთესად“ რეალურად პროდუქტში გაცოცხლდა და შემდეგ ბრენდის ყველა ასპექტში დამკვიდრდა, მათ შორის უსაფრთხოების და მშენებლობის სტანდარტებში, კომპლექსებში დანერგილ 24-საათიან მომსახურებაში, კორპორაციულ კულტურასა და მართვაში. „უკეთესად ცხოვრების“ კონცეფციამ განავითარა ჩვენი სამომხმარებლო გემოვნება, რის შემდეგაც დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების მიმართ ადამიანებს ახალი მოთხოვნები გაუჩნდათ.
ამასთან ერთად, გლობალურად, პანდემიამ ტრანსფორმაციული პროცესები დააჩქარა, რაც, ლოკალურად, m²-ში მენეჯმენტის ცვლილებას დაემთხვა. ახალი მენეჯმენტი ახალი ხედვებით მოვიდა და შედეგად, კომპანიაში ბიზნესმოდელი შეიცვალა, ხოლო სახლის კონცეფციას ორწლიანი პანდემიური ჩაკეტვის გამო ახალი მნიშვნელობა შეემატა და ჩვენ ახალი მოთხოვნის, საჭიროების ძიება დავიწყეთ. ჩავატარეთ კვლევები კომპანიის შიგნით და გარეთ, როგორც არსებულ, ისე პოტენციურ მომხმარებელში და რაც აღმოვაჩინეთ და ღირებულად მივიჩნიეთ, ის დეფიციტი იყო, რომელსაც ჩვენი სამიზნე სეგმენტი ყოველდღიურად განიცდის – საკუთარ თავთან და სურვილებთან რეალური კავშირის დეფიციტი.
m²-ის მომხმარებელთა სეგმენტს, მოგეხსენებათ, დასაქმებული ადამიანები წარმოადგენენ, ისინი, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დგას. ეს ამბიციური, აქტიური ადამიანები საკუთარი მიზნების მისაღწევად ძალას არ იშურებენ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, უჭირთ საკუთარ თავთან, სურვილებთან, ან თუნდაც ოჯახის წევრებთან დაკავშირება, რასაც ჩვენი დინამიკური, გიჟური ცხოვრება განაპირობებს. სახლი ამ კავშირის დამყარების უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, ხოლო ჩვენ, როგორც დეველოპერული კომპანია, ვცდილობთ ისეთი სივრცეები შევქმნათ, რომლებიც ადამიანს დამოუკიდებელი, საკუთარი ცხოვრების სტილის რეალიზების შესაძლებლობას მისცემს.
ნიშნავს თუ არა სლოგანი „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ იმას, რომ მომხმარებლებს სრულ თავისუფლებას სთავაზობთ, მათ შორის სხვადასხვა მომსახურების არჩევის კუთხით?
ჩვენი გზავნილი თავისუფლების ღირებულებაზე დგას. ამ დაპირებით ადამიანს მოვუწოდებთ, რომ აქ შეგიძლია იცხოვრო შენი ცხოვრებით ისე, როგორც არავის უცხოვრია, რადგან შენი ცხოვრება ინდივიდუალური და განსაკუთრებულია, ისევე, როგორც შენ.
ჩვენი პროექტები და მრავალფეროვანი, ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებული სერვისი, ინკლუზიური სივრცეები, თანამედროვე და ინოვაციური უბნები და 24-საათიანი მომსახურება ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, მეტი დრო დარჩეს საკუთარი თავისთვის, რათა იცხოვროს საკუთარი სტილის, გემოვნებისა და სურვილების შესაბამისად. გვინდა, მომხმარებელს ისეთი სივრცეები შევთავაზოთ, რომ ცხოვრება მაქსიმალურად გავუმარტივოთ, რადგან საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება და საკუთარი ისტორიის, ისევე როგორც ბრენდის ისტორიის დაწერა ადამიანს მხოლოდ ასე შეუძლია.
შეცვალა თუ არა გარე რეპოზიციონირებამ m²-ის კორპორაციული კულტურა და თანამშრომელთა მენტალობა?
ჩვენი კომპანია მუდმივად მუშაობს კორპორაციული კულტურის გაჯანსაღებასა და განვითარებაზე. ამიტომაც, როცა ცვლილებების საჭიროება დადგა, განხორციელდა ჩვენთან სამუშაოდ შეკრებილი ადამიანების ღირებულებების კვლევა.
სწორედ შიდა ადამიანები იწვევენ გარე ცვლილებებს და მათზე არის დამოკიდებული შესრულდება თუ არა ჩვენი დაპირება ‒ დაპირების შესრულებაზე კი, რეპუტაცია დგას. ადამიანს ვერ დაჰპირდები თავისუფლებას, თუ ეს ღირებულება შიგნით არ არის დამკვიდრებული. ადამიანის ინდივიდუალიზმი და მისი ცხოვრება მნიშვნელოვანი ვერ იქნება, თუ შენს თანამშრომელსა და კოლეგას შიგნითაც ასე არ მიუდგები. ჩვენ მუდმივ პროცესში ვართ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ერთი გზავნილის ირგვლივ გავერთიანდეთ, როგორც შიგნით, ასევე გარეთ.
ირინა, m²-ის რეპოზიციონირების ფარგლებში კომპანიის ლოგოც შეიცვალა. ცვლილება, ერთი შეხედვით, კარდინალური არ არის, მაგრამ რეალურად, ის მაყურებელზე სხვა შეგრძნებას ტოვებს. რა შეგიძლიათ მითხრათ m²-ის განახლებული ლოგოს შესახებ?
კომპანიის ლოგოზე და კორპორაციულ სტილზე გიორგი ბოხუამ იმუშავა, სარეკლამო კამპანიაზე კი, JWT METRO-მ. თვითონ პლატფორმა, დაპირება და ღირებულებები კომპანიის შიგნით შევიმუშავეთ. მთავარი ცვლილება ისაა, რომ ახალი ლოგო ჩარჩოში მოქცეული აღარ არის. ამასთანავე, გაკეთდა დახრა, რომელმაც ლოგოში სახლის სახურავის სიმბოლიკა შემოიტანა. ცხადია, შეიცვალა ლოგოს ფერი ‒ ის მეტად ინტენსიური გახდა, რამაც ლოგოში მეტი დინამიკა და სიცოცხლე შემოიტანა. ლოგოს მცირედი გარდაქმნა სჭირდებოდა, მაგრამ არა ცვლილება. ჩვენი ლოგოტიპი ბრენდის უმნიშვნელოვანესი აქტივია, რადგან ძალიან მაღალი ცნობადობა აქვს, ამიტომ მისი ცვლილება წარმოუდგენელია ‒ პირიქით, მას გაძლიერება და თანამედროვე მოთხოვნებთან მორგება სჭირდება.
თქვენი შეფასებით, m²-ის რომელი პროექტი შეესაბამება ბრენდის რეპოზიციონირებას ყველაზე მეტად? აქვე მინდა გკითხოთ, რეპოზიციონირების შედეგად იცვლება თუ არა რაიმე არსებულ, უკვე ჩაბარებულ პროექტებში?
ახალი დაპირება კომპანიის პორტფელსა და მომსახურებაშია ასახული და მომავალშიც აისახება: ჩვენთან მოსულ ადამიანს თავისი ცხოვრების სტილზე, გემოვნებასა და მიზნებზე მორგებული პროექტის შერჩევა, ამ პროექტში კი ასეთივე ინსტრუმენტების მიღება შეეძლება. m³-ის პროექტი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების შესაძლებლობის საუკეთესო მაგალითია. ესაა სახლი, რომელსაც მთელი უბანი მოჰყვება, უბანს კი განწყობა. დასასვენებელი პარკი, ველობილიკები, WiFi-ზონები, ტერასები, კაფეებისა და რესტორნების რიგი, სავარჯიშო დარბაზები და აუზები, საუკეთესოდ დაპროექტებული პატარა და დიდი სახლები, სივრცეებისა და კომპლექსების მომსახურება, 24-საათიანი დაცვის სერვისი – ყველაფერი ეს, ადამიანს საშუალებას აძლევს იცხოვროს თავისი ცხოვრებით.
ბოლო წლები განსაკუთრებული იყო: გამოვიარეთ პანდემია, ეკონომიკური კრიზისი და რეცესია, რომელიც თითქოს რეცესია არ არის ‒ მოკლედ რომ ვთქვათ, უცნაური რაღაცები ხდება. თან, საქართველოში ბევრი ადამიანი გადმოსახლდა. მინდა გკითხოთ, თუ რა გავლენა ჰქონდა ამ ყველაფერს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე?
სახლი აქტუალურობას არ კარგავს, პირიქით, მისი ფუნქცია პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა და მრავალფეროვანი გახდა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, სახლებზე მოთხოვნა მაღალია, ის არა მხოლოდ საცხოვრებელ, არამედ მნიშვნელოვან საინვესტიციო საშუალებად განიხილება. ჩვენი სეგმენტი ძირითადად საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველი ემიგრანტებისგან შედგება, რომლებიც ჩვენს სივრცეებში სახლების დასრულებას საცხოვრებლად გადმოსასვლელად ან მომავალში მათი რეალიზაციისა და გაქირავების მიზნით ელიან.
მოდი შევაჯამოთ: რა არის ის მთავარი მიზნები, რომელთა მიღწევა ბრენდის რეპოზიციონირების შედეგად გსურთ?
ჩვენი მთავარი მიზანი ბრენდის ყველა აქტივის გაძლიერებაა, იქნება ეს ცნობადობა, ხარისხის აღქმა, ლოიალობა თუ სხვა. მაგრამ საბოლოო იდეა, რაც ჩვენ გვაერთიანებს, ეს არის ადამიანის თავისუფლება ‒ იყოს ის, ვინც არის, მიაღწიოს კავშირს საკუთარ თავთან, გარემოსთან თუ ოჯახთან და მოახდინოს საკუთარი სურვილების რეალიზება. ჩვენ კი ამას ჩვენი პროექტებით, სივრცეებისა და მომსახურების განვითარებით შევუწყობთ ხელს.