ქალთა უფრო აქტიურად დასაქმებით შესაძლოა გლობალური ეკონომიკა რამდენიმე ტრილიონი დოლარით საკმაოდ მოკლე ვადაში გაიზარდოს. სულ ბოლო ასეთი კვლევა OECD-ის ეკუთვნის და მის მიხედვით, ქალთა გაძლიერების გზით ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების პოტენციალი არა მხოლოდ შედარებით ღარიბ ან განვითარებად ქვეყნებს, არამედ მსოფლიოს განვითარებულ ნაწილსაც აქვს. ბევრი კომპანია ამ ტრენდს ჩამორჩება, მხოლოდ ზოგიერთი – ფეხს უწყობს.
სწორედ ამ ნიშნით ავარჩიეთ ჩვენი მთავარი სტატიის კომპანიაც და მისი გმირებიც. ჯერ ერთი – ყველა ქალია; მეორე – კომპანიაში ყველას გადაწყვეტილების მიმღების როლი აკისრია და ბოლოს – ყველამ ზუსტად იცის, რა ღირებულებას ემსახურება, როცა საკუთარ გუნდში ქალს ასაქმებს.
თავად კომპანია კი იმით არის გამორჩეული, რომ ე.წ. მამაკაცური სექტორის ერთ–ერთი მთავარი მოთამაშეა – ეს კომპანია m²-ია. ახლა კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ზედა აბზაცი და მიხვდებით, რომ ქალთა გაძლიერების მნიშვნელობის საილუსტრაციოდ კომპანია სწორად ავარჩიეთ.
მით უმეტეს, რომ ქალთა გაძლიერება კომპანიის გარეთაც ღირებულებად რჩება. მაგალითად, უახლესი აქცია, რომელიც კომპანიამ დაგეგმა და განახორციელა, სპეციალურად ქალებისთვის ბინებზე საგრძნობი ფასდაკლების შეთავაზება იყო, რადგან კომპანიას კარგად აქვს გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა მათ შორის, საკუთარი ბინის ფლობაზეც გადის.
m²-ის თანმიმდევრულ სტრატეგიას ორი მთავარი წინაპირობა აქვს. პირველი – ის GEORGIA CAPITAL ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული, რაც იმას ნიშნავს, რომ გამჭვირვალობასთან ერთად, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, თანამედროვე მსოფლიოს ღირებულებების და სტანდარტების განუყოფელი ნაწილი იყოს და მეორე – კომპანია ცდილობს თავისი სტრატეგიით თვალი გაუსწოროს და როგორმე შეარბილოს ის გამოწვევა, რაც ქალების და კაცების დასაქმების თუ, ზოგადად, ეკონომიკაში აქტიურად ჩართულობის კუთხით არსებობს.
საქსტატის მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ეს გამოწვევა საკმაოდ დიდია: მთელი მოსახლეობის 59.6% ვინც დღეს სამუშაო ძალის გარეთაა, ქალები არიან.
m² კი ამ სტერეოტიპს ამსხვრევს და საკვანძო თანამდებობებზე ასპარეზს ქალებს უთმობს.
დღეს Forbes Woman-ის ფურცლებიდან რამდენიმე ასეთ ქალს გაგაცნობთ.
ირინა დუმბაძე
ბრენდის განვითარების დეპარტამენტის უფროსი
m²-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის უფროსთან ინტერვიუდან ყველაზე მეტად ერთი ფრაზა დამამახსოვრდა: „თავისუფლების სიყვარული რეალიზაციის ერთადერთი გზაა“ – ირინა დუმბაძემ ამ ფრაზით ხაზი გაუსვა, რომ თავისუფლების სიყვარული მისი მთავარი პიროვნული ღირებულებაა, რაც შემდგომ მის საქმიანობაში მიდგომების შერჩევას და აზროვნების სტილს განსაზღვრავს.
2003 წლიდან სტრატეგიული კომუნიკაციების, ბრენდირების და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს. განხორციელებული აქვს არაერთი ბიზნეს, სოციალური თუ სახელმწიფოებრივი პროექტი, რომლებიც ეხება ახალი ბრენდების შექმნას და ბაზარზე პოზიციონირებას, ქვეყნისა და მისი კონკრეტული ლოკაციების ტურისტული ბრენდების სტრატეგიების შემუშავებას, კრიზისის კომუნიკაციების მართვასა თუ ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებს.
„ამ სფეროში მაშინ ვმუშაობდი, როცა საქართველოში ბრენდის ცნება ჯერ საერთოდ არ არსებობდა“, – ღიმილით იხსენებს ირინა დუმბაძე Forbes Woman-თან ინტერვიუში იმ გამოცდილებას, რამაც საბოლოო ჯამში m²-მდე მოიყვანა.
m²-ში მოსვლამდე 2003-2005 წლებში მუშაობდა კომპანია IPM-ში სტრატეგიულ კონსულტანტად, კომპანია ACT-ში იყო ბიზნესპარტნიორი და კომპანიის კონსალტინგის დირექტორი. 2014 წლიდან მართავს თავის საკონსულტაციო კომპანიას, რომლის დირექტორობაც პარტნიორს გადააბარა და 2021 წლის სექტემბრიდან m²-ში ბრენდის განვითარების დეპარტამენტის მართვას შეუდგა, სადაც სამი განყოფილება ექვემდებარება – მარკეტინგი და კვლევები, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ციფრული მარკეტინგი.
„ჩემი ამბიციაა, ჩემს საუკეთესო გუნდთან ერთად, კომპანიისგან შევქმნათ ე.წ. ლავ-ბრენდი, რომელიც მომხმარებლის გონებაში ისეთი ადგილის დაკავებას გულისხმობს, რომლის კოპირებაც ვერ მოხდება. პროდუქტი შესაძლოა მეტ–ნაკლებად გაიმეორო, მაგრამ ემოციების კოპირება შეუძლებელია“, – ამბობს ირინა დუმბაძე.
და სწორედ ამ ნაწილში აქვს სრულად გათავისებული ის უპირატესობა, რაც მას, როგორც ქალს, თავისი ცოდნისა და გამოცდილების მიღმა აქვს.
„ეს არის ინტუიცია – მგონია, რომ ის ქალებს უფრო აქვთ განვითარებული, ვიდრე კაცებს და, რა თქმა უნდა – მაღალი მგრძნობელობა“, – ამბობს m²-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის უფროსი და აღიარებს, რომ ამ თემაზე საკმაოდ ბევრი აქვს ნაფიქრი: „ბრენდი იმას ნიშნავს, რომ პროდუქტის დონიდან ემოციურ დონეზე ინაცვლებ და აქ უნდა უზრუნველყო სწორედ უნიკალურობა. ეს არის დღეს ჩემი მთავარი ამბიცია“.
ინა სიხარულიძე
პროდუქტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი
21 წლიდან მუშაობს. დღემდე მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა დივერსიფიცირებულ სექტორებში – ტურიზმი, სარეკლამო, ნავთობის, ინდუსტრიული ზონის განვითარება, საბანკო სექტორი და უკვე 8 წელია, რაც დეველოპერულ ბიზნესში გადაინაცვლა.
„ჩემი საქმიანობის არეალი ძირითადად მომხმარებლის გარშემო განვითარდა – გაყიდვების, კომუნიკაციების, მომსახურების, პროცესების მართვის, ოპტიმიზაციის და, ზოგადად, განვითარების მიმართულებით“, – Forbes Woman-ს უზიარებს თავის გამოცდილებას ინა სიხარულიძე და იქვე განმარტავს, რომ დღესაც, გენერალური დირექტორის მოადგილის რანგში მისი პოზიციაც – პროდუქტის განვითარება – ამ გამოცდილებას ეყრდნობა.
დღეს ინა სიხარულიძე სრულად უსწორებს თვალს იმ სტიგმებს, რაც სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში ქალების ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს და მათი მართვაც ისწავლა. ამის მიზეზი კი მისი პირველი სამუშაო ინტერვიუ იყო, როცა ერთი სასტუმრო და მარკეტების ქსელის გენერალურმა დირექტორმა უთხრა, რომ „პატარა გოგოა“ და ამიტომ „უნდა დაემშვიდობოს“.
კარიერის ადრეულ ეტაპზე ყველა ასეთი სტერეოტიპული გამოვლინება ინა სიხარულიძემ მოტივაციად გარდაქმნა.
„ყოველი წარმატების მიღწევისას, აღიარების და საკუთარი თავისთვის მტკიცების მსგავსი იყო, რომ შენ როგორც ქალმა დაამსხვრიე სტერეოტიპი; რომ კაცის საქმე შენთვის საერთოდ არ არის შეუძლებელი – პირიქით, რიგ შემთხვევებში მხოლოდ თანაბარი კი არა, მეტი შესაძლებლობაც კი გაქვს, იმავეს და უფრო მეტსაც მიაღწიო“, – ამბობს m²-ის პროდუქტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
m²-ში მსგავსი გამოწვევების განეიტრალებას, თავად სამუშაო გარემოც ხელს უწყობს. როგორც ინა სიხარულიძე ამბობს, ამ რვა წლის განმავლობაში MBA ხარისხიც დაიცვა საფრანგეთის, გრენობლის უნივერსიტეტში; შვილიც გააჩინა, დეკრეტიც სრულად გამოიყენა და სრული ერთი წლის მანძილზე, შვილის ლაქტაციით კვებაც არ შეუწყვეტია.
„ამიტომაც, ჩემი კარიერული პორტფელიდან m² თანამშრომლობის ყველაზე ხანგრძლივი პარტნიორი აღმოჩნდა. ჩვენ ერთად ვქმნით ცხოვრების უკეთეს შესაძლებლობას“, – ამბობს ინა სიხარულიძე – „ჩემი მისია ამ კომპანიაში უკეთესისკენ სვლაა და თუ შევხედავთ, ყველა მომდევნო პროექტი წინაზე უკეთესია, რადგან სანამ ახალ პროექტზე დავიწყებთ მუშაობას, ჩვენი მომხმარებლების კეთილდღეობის პრეფერენციებს ვიკვლევთ, მსოფლიო ტრენდებს მივყვებით, არ ვჩერდებით და ყოველ ჯერზე ვახდენთ ე.წ. upgrade-ს უკეთესისკენ და ახლისკენ სწრაფვით“.
ნინო რუხაძე
CRM დეპარტამენტის უფროსი, ფარავს, ასევე, კრიზისის მართვისა და მთავრობასთან ურთიერთობის მიმართულებებს
„როდესაც გაქვს ფუფუნება ცხოვრობდე შესაძლებლობებით სავსე გარემოში, ძალიან მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ საკუთარი თავისთვის გარდამტეხ შესაძლებლობებს თვითონ ქმნით, არასდროს შეგეშინდეთ წინააღმდეგობების და „გამოწვევების“, – ასე იწყება ნინო რუხაძის წერილი თავისი სამი შვილის მიმართ, რომლებიც სულ მალე 1 წლისები გახდებიან.
საკუთარ კარიერასაც ამ ცხოვრებისეული ფილოსოფიის ჭრილში აფასებს და ამბობს, რომ იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც 18 წლიდან მუშაობის პერიოდში დააგროვა, წარმატება არის არა ის, რაც უბრალოდ მოდის, ან იღბალს მოაქვს, არამედ უფრო ის, რისთვისაც ყოველდღე დაუღალავი შრომაა საჭირო.
ნინო რუხაძე უკვე 10 წელია უძრავი ქონების სექტორში საქმიანობს და წამყვან პოზიციებს იკავებს. „ეს არის ჩემი სამსახურიც, ჰობიც და უბრალოდ ის, რისი კეთებაც ძალიან მიყვარს. გამიმართლა და მყავს ძალიან საინტერესო უნარების მქონე პროფესიონალები გუნდში. სიამოვნებით და გაზიარებული ღირებულებებით ვემსახურებით საერთო იდეას და ვშრომობთ ჩვენი მომხმარებლების კეთილდღეობისთვის“, – ასე აჯამებს საკუთარ დამოკიდებულებას საქმის მიმართ m²-ის გენერალური დირექტორის მოადგილე.
შედარებით ნაკლებად, თუმცა მაინც გამოწვევად რჩება, ის, რომ მამაკაცებს გარკვეული დრო სჭირდებათ მისი, როგორც ძლიერი მენეჯერი ქალის შესაძლებლობების სათანადოდ დასაფასებლად. ნინო რუხაძეს მიაჩნია, რომ ეს საზოგადოებაში ფესვგადგმული სტერეოტიპების ბრალია.
ნინო რუხაძეს მტკიცედ სჯერა, რომ ცხოვრება სავსეა შესაძლებლობებით და ადამიანმა ეს შესაძლებლობები ხელიდან არ უნდა გაუშვას; ამას კი მხოლოდ მაშინ შეძლებ, თუ საკუთარ შიშებს არ დანებდები. რასაკვირველია, ძალიან მნიშნელოვანია ოჯახის მხარდაჭერაც. როგორც უკვე m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, მშობლებმა შრომა ასწავლეს, მეუღლე კი მას მხარს უჭერს – „ის ყოველთვის გვერდში მიდგას ყველა წამოწყებაში, როგორ ამბიციურადაც არ უნდა ჟღერდეს ის“.
ნინო რუხაძე აპირებს, წერილი შვილებს 15 წლის ასაკში გადასცეს. წერილი ასე სრულდება: „რაც არასოდეს დამვიწყებია და ვეცდები, რომ თქვენც სულ გახსოვდეთ არის ის, რომ არასდროს თქვათ უარი საკუთარ ღირებულებებზე; ყოველთვის გქონდეთ მიზანი, რომელიც, რასაკვირველია, ეტაპობრივად შეიცვლება, მაგრამ მთავარია გქონდეთ გეგმა და იდეა, რომელსაც მოემსახურებით, გაუფრთხილდებით და განახორციელებთ, ცხოვრების ყველა ეტაპზე“.
სალომე ლაზიშვილი
გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი
„ვფიქრობ, არ არსებობს იმაზე ძლიერი ქალი, ვიდრე მარტოხელა დედა“, – ასე იწყებს Forbes Woman-ისთვის თავის წარდგენას სალომე ლაზიშვილი. მისი თქმით, ბავშვის დაბადებამ მისი ძალა გააასმაგა და აგრძნობინა, რომ არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი, ასეთი ბედნიერი, მოტივირებული, ენერგიით და ცხოვრების ხალისით სავსე და იმასაც მიხვდა, რომ უსასრულოდ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო მომავალი წარმატებისა და ბედნიერებისთვის.
m² მისთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში ზუსტად ასეთი გარემო აღმოჩნდა.
მანამდე, 16 წლიდან, უკვე ჰქონდა სამუშაო გამოცდილება. განსაკუთრებით გამოარჩევს სარეკლამო კომპანია „სარკესთან“ თანამშრომლობას, რადგან აქ ბევრი რამ ისწავლა „ყველაზე კომპეტენტური ადამიანებისგან“ და ასევე, რედისონ ბლუ ბათუმს, სადაც საერთაშორისო სტანდარტებს ეზიარა, „რაც მაშინ ძალიან აკლდა ქართულ ბიზნესს. აქ ვისწავლე, როგორ გავყიდო მეტი, როგორ გავიგო რა უნდა მომხმარებელს და როგორ შევთავაზო ის, რაზეც ფიქრობს, თუმცა შესაძლოა, ბოლომდე ვერ გადმოსცემს“, – ამბობს სალომე ლაზიშვილი.
ამ გამოცდილებით და შემართებით თავის დამკვიდრება არც m²-ში გასჭირვებია. ბათუმიდან თბილისში იმდენად წარმატებით ყიდდა ბინებს, რომ კომპანიაში შეამჩნიეს და ერთ დროს ყველაზე დაბალი პოზიციიდან, დღეს უკვე გაყიდვების სამსახურს უძღვება.
„მე ვარ პერფექციონისტი, ვარ ამბიციური, ზუსტად ვიცი, რა მინდა და ვემსახურები ამ მიზანს და თუ ეს სხვებისგან იქნება აღქმული, რომ თითქოს უხეში ვარ ან პირდაპირი, ჩემთვის ესეც მისაღებია“, – ამბობს სალომე ლაზიშვილი და Forbes Woman-ის მკითხველებისთვის m²-ში მუშაობის 10-წლიან წარმატებას საფეხურების მიხედვით ასე შლის: „ძალა, რომელიც მერგო როგორც მარტოხელა დედას; გამოცდილება, რაც გამაჩნდა m²-ში მოსვლამდე; გაყიდვების სფეროში დაწყებული კარიერა ყველაზე დაბალი პოზიციიდან და ჩემი გუნდი, რომლისთვისაც არ არსებობს დაუძლეველი წინააღმდეგობა“.
ნათია შანშიაშვილი
ქონების მოვლის დეპარტამენტის უფროსი
ნათია შანშიაშვილის ბიოგრაფია m²-მდე ჟურნალისტურ საქმიანობასა და პროკრედიტ ბანკში 13 წლიან მუშაობის გამოცდილებას ითვლის. ამიტომ m²-ის შემთხვევაში, სრულიად ახალ სფეროსთან შეჭიდება მისთვის სიახლე არ ყოფილა, რადგან თავის დროზე საბანკო საქმეც ზუსტად ასეთივე დიდ გამოწვევად ჩანდა.
თუმცა, ფაქტია, საფინანსო სექტორშიც წარმატებით და დაწინაურებებით აიარა კარიერული კიბე და m²-შიც სულ რაღაც ერთი წელი დასჭირდა, რომ გენერალური დირექტორის მოადგილე გამხდარიყო და ქონების მოვლის დეპარტამენტი ჩაებარებინა.
„ვგრძნობდი, რომ იმ სიახლის წინაში ვიდექი, რომელიც ტრანსფორმაციის საშუალებას მომცემდა“ – მიხსნის ნათია შანშიაშვილი და იხსენებს, როგორ ინიშნავდა მისთვის იმ დროს უცხო ტერმინებს უბის წიგნაკში, შემდეგ მეცადინეობდა და ასე ცდილობდა პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან საერთო ენა რაც შეიძლება მალე გამოენახა.
„ის, რომ ადამიანი, რომელიც m²-ს ირჩევს საცხოვრებლად, გამორჩეული უნდა იყოს, ეს თვისების დონეზე მაქვს გამჯდარი და ყველა ჩემი გადაწყვეტილება თუ მოქმედება, სწორედ ამ ხედვით არის ნაკარნახევი“, – ამბობს m²-ის ქონების მოვლის დეპარტამენტის უფროსი. დღეს ეს დეპარტამენტი 11 კომპლექსს უვლის, სადაც 3000-მდე ოჯახი ცხოვრობს.
„ჩვენს სამსახურს არ აქვს განრიგი“, – ამბობს ნათია შანშიაშვილი – „ჩვენ ვუვლით ჩვენსავე აშენებულ კომპლექსებს, რათა თითოეულ მაცხოვრებელს მუდმივად ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის გამორჩეულია, რომ მისი არჩევანი არა ბინის კარს მიღმა, არამედ, ეზოს შესასვლელშივე იწყება. კომპლექსის მენეჯერები, დასუფთავების სამსახური, უსაფრთხოების თანამშრომლები, ტექნიკოსები, ელექტრიკოსები, მშენებლები და კიდევ დარგის უამრავი სხვა სპეციალისტი თავს იყრის ერთ დიდ გუნდში, რომელიც m²-ის მობინადრის საცხოვრებელ გარემოზე, მის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე 24/7-ზე ზრუნავს“.
ზრუნვის კონტექსტში ხედავს თავის, როგორც ქალი მენეჯერის მთავარ უპირატესობასაც ნათია შანშიაშვილი: „ვფიქრობ, რომ ქალებს გენეტიკურად უფრო გვაქვს განვითარებული ზრუნვის ინსტინქტი. ეს პირველად, მთელი სიმძაფრით მაშინ განვიცადე, როდესაც დედა გავხდი. ამდენად, როდესაც მე ვიცი, რომ ჩემი მისია, ჩემი მიზანი m²-ის კომპლექსებში მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვაა, ამ საქმეს ბოლომდე და გაცილებით წარმატებით ვემსახურები“.
თამთა გობრონიძე
კონტაქტ-ცენტრის დეპარტამენტის უფროსი
კონტაქტ-ცენტრი პირველადი რგოლია, რომელსაც ყველა ის ადამიანი ეხება, რომელიც m²-ით ინტერესდება. „ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ყველა ადამიანს – პოტენციურს თუ უკვე m²-ის რომელიმე კომპლექსში მცხოვრებს, გავუწიოთ ისეთი მომსახურება, რომ მათ მოლოდინს გადააჭარბოს“, ასე აჯამებს თამთა გობრონიძე თავის საქმიანობას.
მუშაობა 21 წლის ასაკში, საქართველოს ბანკში დაიწყო, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა. m²-მდე სამედიცინო კორპორაცია ევექსში მუშაობდა. აქ ქოლ-ცენტრი ნულიდან ააწყო და 2019 წელს თავისი ცოდნა უკვე ახალ კომპანიაში – m²-ში გადმოიტანა.
„ბევრი არ მიფიქრია, როცა m²-ში კონტაქტ-ცენტრის დანერგვა შემომთავაზეს, რადგან მე თვითონ m²-ში ვცხოვრობ და მართალი გითხრათ, ძალიან მომწონდა ეს კომპანია და მინდოდა აქ მუშაობა“, – იხსენებს თამთა გობრონიძე.
დღეს ის თავისივე შექმნილ, მრავალფუნქციურ, ცენტრალიზებულ და თანამედროვე კონტაქტ-ცენტრს მართავს, სადაც ადამიანს შეუძლია მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ბრენდზე, კომპანიაში მიმდინარე აქციებსა თუ სხვა საკითხებზე და სადაც მნიშვნელოვანწილად იქმნება მომხმარებლის გამოცდილება.
„ეს გამოცდილება პოზიტიურია“, – ასე აფასებს თავისი გუნდის საქმიანობას Forbes Woman-თან ინტერვიუში m²-ის კონტაქტ-ცენტრის განყოფილების უფროსი და იქვე განმარტავს, რომ m²-ში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მუდმივად ფასდება კომუნიკაციის ხარისხი, მომსახურების პარამეტრები და უმაღლესი შეფასებების შესანარჩუნებლად, ყოველდღიური მუშაობაა საჭირო.
თამთა გობრონიძეს მტკიცედ სჯერა, რომ ქალებს სხვა ძლიერი ქალების მხარდაჭერა სჭირდებათ იმისთვის, რომ თავადაც გაძლიერდნენ. ამ ფილოსოფიას m²-ის კონტაქტ-ცენტრის განყოფილების უფროსი თავისი გუნდის შემთხვევაშიც ურყევად მიჰყვება.
„ჩემთან მუშაობენ გოგოები, რომლებსაც ჰყავთ პატარა შვილები. მეც დედა ვარ და ძალიან კარგად მესმის მათი ყოველდღიური ცხოვრება, მათი პრობლემები და საფიქრალი. ამიტომ, ვფიქრობ, მენეჯერი ქალი ამ შემთხვევაში უფრო მეტად გაუგებს ქალს და მას წინსვლასა და წარმატების მიღწევაში უფრო ეფექტურად დაეხმარება“, – ამბობს თამთა გობრონიძე: „საქმიანი და ოჯახური ცხოვრების თანხვედრა და ამ თანხვედრის უზრუნველყოფაა რეალური ფასეულობა – მხოლოდ ასე შეიძლება მაქსიმალური სარგებლის მოტანა როგორც ოჯახისთვის, ისე კომპანიისთვის“.