ლინდა ვეინმანი მასწავლებელი, მწერალი, სასწავლო აქტივისტი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თვითნასწავლი ექსპერტი და მეწარმეა. იგი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმის Lynda.com თანადამფუძნებელია. 66 წლის ამერიკელი ბიზნესვუმენი Forbes-ის 2020 წლის Self-Made და ყველაზე მდიდარი ქალების სიაში 71-ე ადგილს იკავებს იმ ქალებს შორის, რომლებმაც მილიონები თავიანთი შრომით გამოიმუშავეს. მისი ქონება 2020 წლის მონაცემებით 310 მილიონი აშშ დოლარია.
ლინდა ვეინმანი დაიბადა ჰოლივუდში, კალიფორნიის შტატში, 1955 წელს. 1976 წელს, ვაშინგტონის შტატში მან დაამთავრა The Evergreen State College-ის ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ლინდამ შეაბიჯა საცალო ვაჭრობის სამყაროში და ლოს-ანჯელესში ორი მაღაზია გახსნა – Vertigo on Melrose და Vertigo on Sunset. ორივე მაღაზია 1982 წელს დაიხურა.
მისი პროფესია თავდაპირველად კომპიუტერულ სამყაროს საერთოდ არ უკავშირდებოდა. როგორც თავად ამბობს, 28 წლის იყო პირველად რომ შეეხო კომპიუტერს. კომპიუტერებით იგი მაშინ დაინტერესდა როდესაც Apple II მოდელი დაინახა და გადაწყვიტა ესწავლა, თუ როგორ გამოეყენებინა ეს ახალი მოწყობილობა.
1989 წელს მან დაიწყო ციფრული მედიის და გრაფიკის სწავლება Art Center College of Design-ში, კალიფორნიაში. იგი ასევე მუშაობდა Dreamquest-ში, როგორც დამოუკიდებელი კონტრაქტორი ანიმაციურ და სპეც-ეფექტებში. ის მუშაობდა ისეთ ფილმებზე, როგორიცაა Bill & Ted’s Excellent Adventure, Star Trek V და RoboCop 2. ლინდას გამოცდილებამ ვებ და გრაფიკულ დიზაინში მთლიანად შეცვალა მისი კარიერა და საოცრად დაეხმარა მომავალ მიზნებზე მუშაობისას. იგი ასევე მუშაობდა Adobe-ის, Macromedia-სა და Microsoft-ის კონსულტანტად და ჩაატარა სემინარები Disney-ში, Microsoft-ში, Adobe-სა და Macromedia-ში. იგი იყო ძირითადი სპიკერი, მოდერატორი და ლექტორი მრავალი დიზაინის, ანიმაციის, ვებდიზაინისა და კომპიუტერული გრაფიკის კონფერენციებზე. იგი ასევე ასწავლიდა UCLA Extension-ში, ამერიკის კინოს ინსტიტუტში და სან-ფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიმედიის შემსწავლელ პროგრამაში.
1995 წელს მან დაწერა წიგნი ვებ-გრაფიკის დიზაინზე – „ვებ-გრაფიკის შემუშავება“, რომელიც შემდეგ გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნი ვებდიზაინში. ის ასევე ითვლება პირველ წიგნად კომპიუტერული გრაფიკის სფეროში, რომელიც განიხილავს ვიზუალური დიზაინის საკითხებს. მისი ავტორობით კიდევ 20-მდე წიგნი გამოვიდა და ზოგჯერ მას „ინტერნეტის დედად“ მოიხსენიებენ.
მეუღლესთან, ბრიუს ჰევინთან ერთად, 1995 წელს ლინდამ შექმნა თავისი სახელობის ონლაინ სასწავლო პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ინტერნეტ მომხმარებელს შეეძლო მიეღო ინფორმაცია თითქმის ნებისმიერი პროგრამის შესახებ. Photoshop-იდან დაწყებული Excel-ით დამთავრებული, Lynda.com-მა სტუდენტებს გაუადვილა ამ სფეროებში გამოცდილი მასწავლებლებისგან გრაფიკული და ბიზნეს პროგრამების სწავლა. ქვეყნის მასშტაბით ბევრმა კოლეჯმა და უნივერსიტეტმა შეიძინა საიტის ლიცენზია, რათა მათ სტუდენტებს ჰქონოდათ მარტივი წვდომა მასალებზე. ასევე ბევრი ბიზნესკომპანია და კორპორაცია იყენებდა Lynda.com-ს.
თავდაპირველად წყვილის მიზანი იყო თავისი სტუდენტებისთვის უფასო ვებ-გვერდის შექმნა. მალევე კი ვებ-გვერდი მსხვილ ონლაინ-პლატფორმად გადაიქცა, სადაც ათასობით წევრს ჰქონდა წვდომა ათასობით სახელმძღვანელოსა და რესურსზე სხვადსხვა ტექნოლოგიისა და პროგრამული კურსების შესახებ. Lynda.com-ის ზრდამ ვეინმანი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად აქცია პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიების სამყაროში. 2015 წლამდე ლინდა იყო კომპანიის მფლობელი და იკავებდა აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციას. 2015 წლის აპრილში კი LinkedIn Corporation-მა Lynda.com-ის პლატფორმა 1.5 მილიარდ დოლარად შეიძინა.
Forbes-თან ინტერვიუში ლინდა ამბობს, რომ არასდროს უნდა მივიღოთ „არა“ როგორც საბოლოო პასუხი. თავდაპირველად ყველა უარს ეუბნებოდა მისი პირველი წიგნის გამოქვეყნებაზე და ლინდამ ჟურნალის გამოცემას შესთავაზა ყოველთვიური სერიების გაკეთება, რაც შემდეგ გადაიქცა მის პირველ წიგნად.
„როდესაც ერთი კარი იხურებოდა, მე ვეძებდი სხვა გზას იმისთვის რისი გაკეთებაც მინდოდა“.
ბევრი წარუმატებლობის შემდეგ ლინდამ მაინც მიაღწია მიზანს დიდი შრომის და მონდომების დახმარებით და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალების სიაში შევიდა.
„საოცარია იყო თვითნასწავლი ადამიანი, შემდეგ კი მსგავს ინსტიტუტებში შეხვიდე და გახდე ექსპერტი“ – ამბობს ლინდა.
„ფულის შოვნა არის ის, რაც ბიზნესის გასაგრძელებლად უნდა გააკეთო – თუმცა იყო მოტივირებული იმისთვის, რომ რაღაც ღირებული და მიზნობრივი შექმნა, ბევრად უფრო ძლიერია. ბევრი ადამიანი ორიენტირებულია ფასზე, მე კი კონცენტრირებული ვარ იმაზე თუ რა შედეგს გამოიღებს ჩემი საქმე“.
ის გატაცებულია ფილმებით, დიზაინით, ხელოვნებით, ქალთა საკითხებით და სწავლების მომავლის შესწავლით. ამჟამად ლინდა სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალის თავმჯდომარეა და UCSB Arta & Lectures ფორუმის საბჭოს აქტიური წევრია. ის მხარს უჭერს დამოუკიდებელ კინორეჟისორებსა და დოკუმენტური ფილმების შემქმნელებს.