Dior და Givenchy: უფასოდ შევქმნით ხელის სადეზინფექციო საშუალებებს

სუნამოების ცნობილი ბრენდები Dior და Givenchy საფრანგეთის ჯანდაცვის ორგანოებისთვის ხელის სადეზინფექციო საშუალებებს უფასოდ შექმნიან.

საფრანგეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 4500-ს უახლოვდება. შესაბამისად, ქვეყნის რამდენიმე ყველაზე ცნობილმა სუნამოების ბრენდმა გადაწყვიტა ხელის ანტიბაქტერიული გელის დამზადება.

LVMH აცხადებს, რომ იგი გამოიყენებს თავისი სუნამოების და კოსმეტიკური ბრენდების ყველა საწარმოო ობიექტს, რათა დროულად მოხდეს დიდი რაოდენობით სადეზინფექციო საშალებების დამზადება.

„LVMH თავისი სუნამოებისა და პარფიუმერიის ბრენდების ხაზებს სპეციალური ხსნარების დიდი რაოდენობით დასამზადებლად გამოიყენებს. საფრანგეთის ჯანდაცვის წარმომადგენლებთან მუდმივ კავშირში იქამდე გავაგრძელებთ ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას, სადამდეც ეს საჭირო იქნება.“- განაცხადა კომპანიამ.

გელი გადაეცემა საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებებს და Assistance Publique-Hôpitaux de Paris – ქსელს, რომელიც მოიცავს 39 საავადმყოფოს, სადაც ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტ პაციენტს მკურნალობენ.