სალი სულთანიშვილი და ნიტა ტრაპაიძე ბავშვობის მეგობრები არიან. სალი პროფესიით კინოს მხატვარია, ნიტას საჯარო მმართველობის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. საერთო საქმე 2019 წელს დაიწყეს, ამბობენ, რომ ერთმანეთს ავსებენ.
LoveStars ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჩანთებს, თმის სამაგრებს, ჩანახატების წიგნაკებს და სხვა აქსესუარებს აერთიანებს. ბრენდის ხელწერა იოლად იცნობა. ფერად და სახასიათო ნივთებზე მუშაობა სალის ნახატებით იწყება, შემდეგ ეს ესკიზები ტილოს, აბრეშუმის, ხავერდის ქსოვილზე გადადის და კოლექციები იქმნება. ბრენდის ნაწილია ისიც, რომ ფეხსაცმელზე თუ სხვა ნივთებზე, სადაც ნახატები როგორც წესი იდენტურად არის ხოლმე დატანილი, ეს სიმეტრია დარღვეულია.
სალი და ნიტა ამბობენ, რომ ის, რასაც აკეთებენ, ძალიან მოსწონთ, აბედნიერებთ და მათი ეს განწყობა პროდუქტზეც აისახება. ამბობენ იმასაც, რომ მომხმარებელს თავიანთი ნივთებით სიხარულს და ფერად ყოველდღიურობას უგზავნიან.
როგორ დაიწყეთ საერთო საქმე?
სალი: მე და ნიტა ყოველთვის ვოცნებობდით, საერთო საქმე გვქონოდა. გვინდოდა, ჩვენი მიზნები, ოცნებები ერთად განგვეხორციელებინა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დედაჩემის მეგობარმა, ეკამ, რომელსაც ძალიან მოსწონს ჩემი ნახატები, დამაძალა, რამდენიმე ნამუშევარი ქსოვილზე გადამეტანა. ეკაა ის ადამიანი, ვინც შთამაგონა და მაპოვნინა ძალა ამ ექსპერიმენტისთვის. იქამდეც და ამ პროცესშიც ნიტას ყოველთვის ვუზიარებდი ჩემს აზრებს, ფიქრებს… ისიც მალევე შემომიერთდა ჩემს წამოწყებაში. ერთად მივიღეთ მონაწილეობა „ექსპო ჯორჯიაში“ სტარტაპ მარკეტში და, აი, მანდ მივხვდით, რომ რაღაც ჯადოსნურში ამოვყავით თავი.
ნიტა: აქედან გავაცნობიერეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა ჩვენს თავს. 2019 წლის დეკემბერი იყო. „ექსპო ჯორჯიას“ გამოფენაზე ქართველებთან ერთად უცხოელმა მომხმარებლებმაც ნახეს ჩვენი ნამუშევრები, მათთვის კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა ეს ხელნაკეთი ნივთები და ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს პირველ გამოჩენას. მაშინ მხოლოდ ტანსაცმელი და ჩანთები გვქონდა. გავაგრძელეთ მუშაობა და მერე უკვე ფეხსაცმელებზეც გადავედით. უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ კოლექციები, გვინდოდა ყველაფერი ჩვენით გაგვეკეთებინა, სხვების დახმარების გარეშე. ასე ნელ-ნელა მივდიოდით წინ.
რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია?
სალი: მოტივაცია ერთდროულად იყო ფინანსური დამოუკიდებლობის და თვითგამოხატვის სურვილი. სანამ ამ საქმეს დავიწყებდი, გადაღებებზე ვმუშაობდი. ბოლო გადაღებაზე აღებული ხელფასი აღმოჩნდა LoveStars-ის საწყისი კაპიტალი. პირველი კოლექციისთვის კონკრეტული თანხა გვჭირდებოდა, რომ ჩემი ნახატები სხვადასხვა ქსოვილზე გადაგვეტანა, შეგვეკერა… შემდეგ იმ თანხით, რაც კოლექციის გაყიდვით შემოგვივიდა, კიდევ სხვა პროდუქტები შევქმენით. თავიდან ონლაინ მაღაზია გავხსენით. ის სივრცე, სადაც ახლა ვმუშაობთ, მაშინ არ გვქონდა და ამაზე არც გვიფიქრია, არ იყო ამის რესურსი. მაღაზია ერთი წლის შემდეგ, 2020 წლის ოქტომბერში გაიხსნა და ამან, რა თქმა უნდა, გაზარდა გაყიდვების მაჩვენებელი. მოთხოვნა დიდი იყო და ჩვენც ვხვდებოდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფიზიკურად ეარსება მაღაზიას. მომხმარებელს უნდოდა ადგილზე ენახა პროდუქცია. ტანსაცმელი და, განსაკუთრებით, ფეხსაცმელი ისეთი რამეა, ყველას ურჩევნია ნახოს, მოისინჯოს. პანდემია უკვე დაწყებული იყო, ვორჭოფობდით, ღირდა თუ არა მაღაზიის გახსნა. ბოლოს მაინც გავრისკეთ. მართალია, შეზღუდვების გამო ბევრჯერ დაგვკეტეს, მაგრამ მაინც გამართლებული გადაწყვეტილება იყო. თან აქაურობა მხოლოდ მაღაზია არაა ‒ ჩვენი სამუშაო სივრცეცაა. ყოველდღე აქ ვართ, აქ იბადება ახალი იდეები და აქედან იწყება ყველაფერი.
ნიტა: სალიმ, რა თქმა უნდა, შეიძლება სახლშიც დახატოს რაღაც, მაგრამ, ძირითადად, სულ აქ ვართ. აქ გავდივართ ყველა ძირითად ეტაპს, თუმცა, ცხადია, გასვლაც გვიწევს იმ საქმეებზე, რასაც მოიცავს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის თუ აქსესუარების წარმოება. გვყავს ტანსაცმლის ‒ ერთი და ფეხსაცმლის ორი მკერავი. პირველი დღიდან მათთან ვთანამშრომლობთ. ეს ადამიანები გვეხმარებიან იმაში, რომ ჩვენი იდეები რეალობად იქცეს.
ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?
სალი: ჯერ იყვნენ ახლობლები, მეგობრები. ნელ-ნელა სხვებმაც აღმოგვაჩინეს. ბევრს თავიდანვე ძალიან მოეწონა ჩვენი ნამუშევრები. დიდი მოტივაციაა, როცა ხედავ და გრძნობ, რომ ის, რასაც აკეთებ, მოსწონთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთგული მომხმარებლები გვყავს. ბევრია ისეთი, ვინც ჩვენს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს თითქმის ყველა კოლექციიდან ყიდულობს. ის ნიშნავს, რომ ისინი იმდენად კარგად და კომფორტულად გრძნობენ თავს ჩვენი შექმნილი ნივთებით, სურვილი აქვთ კიდევ და კიდევ შეიძინონ, რაც ძალიან სასიხარულოა.
ნიტა: ჩვენი მომხმარებლები არიან სხვადასხვა ასაკის ქალები. თინეიჯერებსაც ძალიან მოსწონთ. ქუჩაში ჩვენი ტანსაცმლით ან ფეხსაცმლით რომ გვხვდება ვინმე, ძალიან ამაღელვებელია. როცა ახალ მოდელს ვქმნით, ვცდილობთ, რომ კონკრეტულ სეგმენტზე არ იყოს გათვლილი და ბევრმა შეძლოს შეძენა. გვინდა, რომ ამ ფერადი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუფერადოთ და გავუმრავალფეროვნოთ ყოველდღიურობა.
მანამდე თუ გქონდათ ბიზნესის თუნდაც მცირე გამოცდილება?
ნიტა: ჩემს ოჯახს ჰქონდა მცირე ბიზნესი. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, სანამ სალი ამ საქმეს დაიწყებდა, მეც ვიყავი რაღაცებში ჩართული, მაგრამ დამოუკიდებლად აქამდე არაფერი მიკეთებია.
სალი: ყველაფერი პრაქტიკით ვისწავლეთ. 4 წელი არაა ცოტა. საქმის კეთებისას ერთი თვის განმავლობაშიც კი ბევრს ვსწავლობთ, რადგან გამოცდილება ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერს ყოველდღიური შრომა, დიდი დრო და ენერგია სჭირდება. სხვა საქმის პარალელურად ესეც რომ აკეთო, შეუძლებელია.
რა სირთულეები შეგხვდათ?
სალი: თავიდან ძალიან ბევრი სირთულე იყო, რაც, ძირითადად, გამოუცდელობას უკავშირდებოდა. არ ვიცოდით არც ნახატის აწყობა, არც ის, თუ რა ქსოვილებზე შეიძლებოდა გადაგვეტანა ნამუშევრები. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ ვისწავლეთ და საკუთარი შეცდომებითაც. ვფიქრობ, ეს ყველა საქმეს ახლავს თან. ამ პატარ-პატარა შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია წინ წახვიდე… ყველა ახალი დაბრკოლება შეიძლება ახალ და საინტერესო გამოწვევად აქციო.
ნიტა: არ ვიცოდით, მაგალითად, რა ქსოვილი გამოგვადგებოდა ფეხსაცმლისთვის ან შეიძლებოდა თუ არა იმავე ქსოვილით ჩანთა შეგვექმნა. გამოცდილებით ყველაფერი ვისწავლეთ. სალი რომ ხატავს, ნახატი ქსოვილზე გადაგვაქვს და მერე უკვე ვფიქრობთ ნახატის რომელი მონაკვეთი რა ადგილზე უნდა მოხვდეს. ვთქვათ, ფეხსაცმელს უკან უნდა ჰქონდეს ვარსკვლავი, გვერდით თუ წინ.
თქვენს ნამუშევრებში, განსაკუთრებით ფეხსაცმელებში, ნახატების სიმეტრია არ არის დაცული. რატომ გადაწყვიტეთ ასე ყოფილიყო?
სალი: გვინდა, რომ განსხვავებული იყოს ფეხსაცმლის წყვილი ერთმანეთისგან. ერთი და იგივე ქსოვილისგან იქმნება, მაგრამ სხვადასხვა მონაკვეთისგან, რომ იდენტური არ იყოს. რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს, ისაა, რომ ვინც კი ნახულობს ჩვენს ნამუშევრებს, მეუბნება, შენი ხასიათი ჩანს ნახატებშიო. ზოგადად, მგონია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებს სიმშვიდე, სილაღე, ფერები, სიბრჭყვიალე გვაკლია. მინდოდა ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგვეტანა.
ნიტა: სალის თვითონ რომ არ ჰქონდეს ეს ყველაფერი, არ გამოუვიდოდა. ნახატებში ძალიან საგრძნობია მისი ბუნება. ფერადი და ლაღი ადამიანია. ასე ვერ დაჯდები და ვერ დახატავს მარტო იმიტომ, რომ გინდა ეს სილაღე, შიგნიდან უნდა მოდიოდეს შესაბამისი განწყობა. მისი ხასიათი აისახება ყველაფერზე, რასაც ქმნის.
იდეები, შთაგონება რას მოაქვს?
ნიტა: თვითონ მუშაობის პროცესს. რაღაცას რომ ვაკეთებთ, იდეების გაცვლაც ძალიან მოგვწონს და მერე იმის მოლოდინიც, რა გამოვა ჩვენი ჩანაფიქრიდან. ახალ პროდუქციას ფოტოებსაც თვითონ ვუღებთ. ხშირად ვამბობთ ხოლმე: ნეტა რა იქნება შემდეგი? მერე რაღაცნაირად მოდის და მოდის ახალი იდეები. სალი: შთაგონება შეიძლება მოგცეს ადამიანმა, ნახატმა, საინტერესო ფილმმა, მუსიკამ, წიგნმა… ყველას საკუთარი ინსპირაციის წყარო აქვს, ვფიქრობ, რომ რაც უფრო ღია ხარ სამყაროს მიმართ, მით უფრო მეტ ჯადოსნურობას გიბრუნებს ის უკან.
როგორ ფიქრობთ, რის გამო გირჩევთ მომხმარებელი?
სალი: ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, ჩემი აზრით, არის ხარისხი და საავტორო პრინტები. ვფიქრობ, ამით ყოველთვის გამოგვარჩევს მომხმარებელი.
ნიტა: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალახალი მომხმარებელი ნახულობდეს ჩვენს პროდუქტს. ამიტომ თბილისში რაც კი გამოფენა-გაყიდვა ტარდება, ყველგან ვცდილობთ მივიღოთ მონაწილეობა. ვყოფილვართ ბათუმშიც. განსაკუთრებული ოვაციებით უცხოელები ხვდებიან ხოლმე ჩვენს ნამუშევრებს. ისინი ორმაგად აფასებენ ხელნაკეთ, საავტორო ნამუშევრებს. პრინტი გავრცელებული ფორმაა, მაგრამ ბრენდს რომ თავისი მხატვარი ჰყავდეს, იშვიათია.
როგორ ხედავთ ბრენდის განვითარებას?
სალი: სამომავლოდ დიდი სურვილი გვაქვს, რომ LoveStars როგორც ბრენდი უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა უცხოური ბაზარიც. არაფერს გამოვრიცხავ ‒ შეიძლება გარკვეული დროს შემდეგ დეკორის, აქსესუარების წარმოება დავიწყოთ ჩვენი პრინტით, ან საბავშვო ხაზი. შეიძლება დროთა განმავლობაში ნახატების სტილიც თავისით შეიცვალოს. არ ვიცი, მსოფლიოში ტემპი და რიტმი ისეთი აჩქარებულია და ყოველწამიერად ისე იცვლება გარემოც და მასთან ერთად ყველაფერი, რომ თუ ამ აჩქარებულ ტემპს ფეხი არ აუწყვე, შეიძლება ძალიან უინტერესო გახდე მომხმარებლისთვის. ამიტომ სულ მივისწრაფვით განვითარებისკენ. ჩვენთვის ყოველთვის ძალიან საინტერესოა ექსპერიმენტები.
ნიტა: ინსტაგრამ და ფეისბუკ გვერდები გვაქვს. ახლა, ისევ საკუთარი ძალებით ვაკეთებთ ვებ გვერდს, რომელიც მალე იქნება მზად. იმედი გვაქვს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ უცხოეთშიც გავალთ და უფრო მეტი გაგვიცნობს.
რა მოგწონთ თქვენს საქმეში ყველაზე მეტად?
ნიტა: ის, რომ ადამიანებისგან ვგრძნობთ უკუკავშირს, მათ ემოციას, დამოკიდებულებას. აქაც რომ შემოდიან, თვალები უნათდებათ. ვფიქრობ, ისინიც გრძნობენ იმას, რასაც მე და სალი ვგრძნობთ, როცა ამ ყველაფერს ვქმნით.
სალი: ეს იმდენად დიდი მოტივაციაა, მერე სულ მზად ხარ უფრო და უფრო მეტი აკეთო, წინ წახვიდე. LoveStars-ის მიმართ სიყვარული წყვეტს ყველაფერს.