მარიამ ლომთაძე სულ რაღაც 10 წლის იყო, როდესაც პირველი კოდი დაწერა და მას შემდეგ პროგრამისტობასთან ერთად მეწარმეობითაც დაინტერესდა. ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მეწარმე გოგო უკვე ოთხზე მეტს სტარტაპს ფლობს. მუდმივად ერთვება, მონაწილეობს და იმარჯვებს სხვადასხვა პროექტებში.
როგორ დაიწყე, რამდენი წლის იყავი და რამ განაპირობა შენი ცხოვრების ამ კუთხით წარმართვა?
პროგრამირებით 10 წლის ასაკში დავინტერესდი და ჩემი პირველი კოდიც დავწერე. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ძმას, რომელიც 4 წლით უფროსია და იმ დროისთვის უკვე რამდენიმეწლიანი გამოცდილება ჰქონდა. პროგრამირების საწყისების შესწავლის შემდეგ სკოლაში პროგრამირების წრეზე დავიწყე სიარული. აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას ოლიმპიადებსა და ტურნირებში. საკმარისი გამოცდილების დაგროვების შემდეგ მინდოდა, რომ არა მხოლოდ ალგორითმების წერით შემოვფარგლულიყავი, არამედ შემექმნა ისეთი რამ, რაც სხვა ადამიანებსაც გამოადგებოდათ და გამოიყენებდნენ. აქედან იწყება ჩემი, როგორც ახალგაზრდა მეწარმის ისტორია.
შენი სტარტაპები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. იქნება ეს აპლიკაცია, რომელიც სისხლის დონორებს აკავშირებს თუ მოწყობილობა, რომელიც GIF ფორმატის მოძრავ ფოტოებს ქმნის. მოგვიყევი რა შექმენი და რა იყო შენი მოტივაცია თითოეული ამ პროდუქტის შექმნისას?
ლუპერი ჩემი პირველი სტარტაპი იყო. მაგ დროისთვის გიფების გადაღება ჰობად მქონდა. გადავწყვიტე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ისეთი პროდუქტი შემექმნა, რომლის გამოყენებაც უკვე არა მარტო მე, არამედ სხვა ადამიანებსაც გაამხიარულებდა. რაც შეეხება ჩემს დანარჩენ სტარტაპებს, მათზე მუშაობისას ერთი კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე ვიყავი ორიენტირებული. როდესაც სტარტაპის წამოწყებაზე მიდგება საქმე ყოველთვის მიზნად მაქვს, რომ შევქმნა ისეთი რამ, რაც მომხმარებლის ცხოვრებას უფრო მარტივსა და სასიამოვნოს გახდის. მაგალითად, როდესაც Hero-ზე ვმუშაობდი ჩემს გუნდთან ერთად, მთავარი პრობლემა სისხლის დონორის მარტივად პოვნა იყო, FarmApp-ზე მუშაობისას კი ფერმერებისთვის კომუნიკაციის გზებისა და ფერმის მართვის გამარტივება.
იმისთვის, რომ სტარტაპმა თავი დაიმკვიდროს მხოლოდ მოტივაცია საკმარისი არ არის. როგორ მოახერხე შეგექმნა პროდუქტი რომელიც ქართულ ბაზარზე კონკურენტუნარიანია?
იმისათვის რომ სტარტაპი კონკურენტუნარიანი გამეხადა, მომიწია ჩემი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და პროგრამირებასთან ერთად სხვა, ახალი დარგების ნაწილობრივ შესწავლა, როგორებიცაა ბიზნესი, მარკეტინგი და ა.შ. დავიწყე სხვადასხვა ივენთებზე აქტიურად სიარული, გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი, მათი რჩევებისა და გამოცდილების გაზიარება კიდევ უფრო მეტად მეხმარებოდა წინსვლაში.
მუშაობ თუ არა ახალ იდეებზე?
ამჟამად ჩემს მეგობართან ერთად ვმუშაობ პროექტზე -ParkOnMe. ეს იქნება მობილური აპლიკაცია, რომელიც რუკაზე უახლოეს თავისუფალ პარკინგის ადგილს აჩვენებს. მეორე კი „ჩაცმაFy, ანუ რა ჩავიცვა“ – ამ პროექტით „ედუბოტის“ მიერ ჩატარებულ Big Data Hackathon 2019-ზე მეორე ადგილი დავიკავეთ მე და ჩემმა მეწყვილემ. „ჩაცმაFy, ანუ რა ჩავიცვა“ მობილური აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებლის გემოვნებას სწავლობს, შემდეგ კი ამინდისა და მომხმარებლის მიერ არჩეული განწყობის მიხედვით სთავაზობს მას თუ რა ჩაიცვას.
გარშემომყოფები რამდენად სერიოზულად აღიქვამდნენ იმ საქმეებს, რომლებიც წამოიწყე?
თავდაპირველად ნაკლებად სერიოზულად, რადგან თვლიდნენ რომ მალევე შევეშვებოდი ამ ყველაფერს, დავნებდებოდი ან მომწყინდებოდა. რაც უფრო რთულია გამოწვევა, უფრო მეტად მოტივირებული ვარ და შედეგის მისაღწევად უფრო მეტს ვმუშაობ. მქონია მომენტი, როდესაც დილის 4 საათზე ლაბორატორიაში ერთ-ერთი პროექტის პროტოტიპის წერისას დავფიქრებულვარ, იქნებ სჯობს მეც ნაკლებად სერიოზულად შევხედო ამ ყველაფერს. თუმცა, ვიცოდი, რომ თუ ისეთ პროდუქტს შევქმნიდი, რომელიც გამოყენებადი/სასარგებლო იქნებოდა, გარშემომყოფების სერიოზული დამოკიდებულებაც ავტომატურად მოჰყვებოდა ამას. უბრალოდ მუშაობა გავაგრძელე და ახლა, როდესაც პროგრესს ვხედავ, ყველა გათენებული ღამე ტკბილად მახსენდება.
შეგხვედრია თუ არა დაბრკოლებები გენდერული კუთხით, რამდენად რთულია ახალგაზრდა ქალებისთვის ბიზნესის შექმნა, წარმოება და რას ურჩევდით მათ?
რა თქმა უნდა, შემხვდა. არ ვიცი, რატომ თვლის ხალხი, რომ რადგან გოგო ვარ STEM სფეროს არ მივეკუთვნები. მახსოვს, როდესაც მეხუთე კლასში ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში გადასვლა გადავწყვიტე, გარშემომყოფები მხოლოდ იმას მეკითხებოდნენ დარწმუნებული ვიყავი თუ არა ჩემს გადაწყვეტილებაში, რადგან ამ საგნების გაძლიერებულად სწავლა შეიძლება გოგოსთვის რთული ყოფილიყო. ყოფილა შემთხვევა, რომ ჰაკათონზე გუნდში ერთადერთი დეველოპერი ვყოფილვარ და ამის გამო ჩვენი გუნდი სხვა მონაწილეებს არასერიოზულად აღუქვამთ. იგივე მომხდარა სტარტაპის წამოწყებისასაც და სამწუხაროდ, კიდევ ბევრი ასეთი მომენტის გახსენება შემიძლია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ახალგზარდა ქალებისთვის ბიზნესის შექმნის პროცესს ართულებს – მათ ვურჩევდი, რომ ასეთი დამოკიდებულება არავითარ შემთხვევაში არ უნდა აქციონ დემოტივაციის საფუძვლად. პირიქით, ჩემი აზრით, ახალგზარდა გოგოებმა ცუდი დამოკიდებულება თავიანთ მოტივაციად და ძალად უნდა აქციონ. ასეთი დამოკიდებულება ახალგაზრდა მეწარმე გოგოების მიმართ სტარტაპის წამოწყების პროცესს უფრო გამომწვევს ხდის, თუმცა გამოწვევები ხომ სახალისოა, არა?!
რომელია პროექტი, რომელმაც ყველაზე მეტად გაგზარდა?
LaunchX Summer Program – 4 კვირიანი საზაფხულო პროგრამა მეწარმეობაზე. 2018 წელს მივიღე მონაწილეობა ამ პროგრამაში და გავემგზავრე MIT-ში. ეს პროგრამა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილებაა. პროგრამის ფარგლებში, მე და ჩემმა გუნდმა ვიმუშავეთ სტარტაპზე RentagZ. ეს არის მობილური აპლიკაცია, რომელიც პოლიციასა და მანქანის გამქირავებელ კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამ ყველაფერს განსაკუთრებულად კიდევ ის ფაქტი აქცევდა, რომ გუნდში ერთადერთი პროგრამისტი ვიყავი და პროტოტიპის შექმნა მთლიანად ჩემზე იყო დამოკიდებული, ეს კი ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტარტაპზე ჩემს გუნდთან ერთად მუშაობა მალევე დავასრულე, მაინც კემბრიჯში გატარებული 4 კვირის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილებაა ის, რაც გაზრდაში ძალიან დამეხმარა.
როგორია სამომავლო გეგმები, რას უნდა ველოდეთ შენგან სკოლის დასრულების შემდეგ და რას ეტყოდი გოგონებს, რომლებიც ახლა ამ სტატიას კითხულობენ?
სამომავლოდ ვგეგმავ სწავლა კომპიუტერულ მეცნიერებებზე გავაგრძელო და ჩემი ცოდნა კიდევ უფრო გავაღრმავო ამ კუთხით. გოგონებს, რომლებიც ამ სტატიას კითხულობენ ვეტყოდი, რომ არ მისცენ გენდერთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს უფლება სამომავლო პროფესიის არჩევაზე გავლენა იქონიონ. არ დაიჯერონ, რომ გენდერს მათი შესაძლებლობების განსაზღვრა შეუძლია და ბოლომდე მიყვნენ თავიანთ მიზნებს. არც იმის შეეშინდეთ, თუ თავიდან საზოგადოების მხარდაჭერას ვერ იგრძნობენ. ასევე, არ დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა, რადგან თუ თავად არ გვჯერა საკუთარი თავის, მაშინ არც სხვა დაგვიჯერებს.