პირველი სამი წელი მწერალთა სახლში ყველა ღონისძიებას ესწრებოდა. ისე რომ ბოლოს დედამ უთხრა – „დარაჯი ხარ თუ დირექტორიო“, დედას გამორჩა „პრარაბიც“ ვიყავიო – ამბობს. უნდოდა ყველა დეტალი სცოდნოდა. მთავარი იყო სიახლეები და ყველა მწერალი ძველი და ახალი თაობა თანაბარ მდგომარეობაში. წინააღმდეგობისთვის მზად იყო, მაგრამ როგორც იტყვიან „რაც მერე მოხდა, მაინც მოულოდნელი იყო“. მისი მისვლა და მამებისა და შვილების თაობის ბრძოლის ველის მისამართი – მაჩაბლის 13 გახდა. მათ შორის კი მართლაც იყო მამის, ნოდარ ლომოურის თაობა და ნაცნობობა. მაგრამ ამან არაფერი შეცვალა, გარდა იმისა, რომ მამა ყველაზე მეტს ნერვიულობდა. არადა, ბრძოლა და წინააღმდეგობა ნოდარ ლომოურისთვის გასაკვირი არ იყო, ამიტომაც მორიგი შემოტევის შემდეგ მეგობარმა ნატაშა ლომოურს უთხრა: – ბრძოლა გენეტიკაში გაქვთო.
მამის პროფესიიდან გამომდინარე, ბავშვობაში არქეოლოგობა უნდა; მამის ექსპედიციები, მთელი ზაფხული ძმებთან ერთად ნოქალაქევში… როგორც ამბობს ურთიერთობა მამასთან არასდროს ყოფილა ფამილარული, საკმაოდ მკაცრადაც იზრდებოდა. როცა ეკითხები ყველაზე მეტად რითი გავხარ ნოდარ ლომოურს ამბობს: – „პასუხიმგებლობით“. ბავშვობის ტრავმა ახალ წელს უკავშირდება, როცა 31-ში მამა 11 საათზე დგებოდა და სამსახურში სამორიგეოდ მიდიოდა, წლების განმავლობაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე ვერავის ავალებდა დღესასწაულზე მორიგეობას, ყოველთვის სხვანაირ პასუხისმგებლობას გრძნობდაო. თუკი რამ ჩარჩა მეხსიერებაში, ეს 90-იანი წლების ქართული საგანძურის გატანა – ვერ გატანის ისტორია ა.შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმს მაშინ ნოდარ ლომოური ხელმღვანელობდა. ამერიკაში საგამოფენოდ ოქროს ფონდი და გამორჩეული ექსპონატები მზადდებოდა, გამოსვლებიც ამას მოჰყვა, და ისევ „ეროვნულ ღირსებაზე“ თამაში – საგანძურს გვართმევენ, უკან მულაჟებს დააბრუნებენ… „ქართველობის“ აბსტრაქტული დაკარგვა ყოველთვის უფრო რეზონანსულია, ვიდრე რეალური საფრთხეები და ტალღაც აგორდა. ნატაშა ამბობს, რომ მაშინ სახელმწიფოს ნება არ აღმოაჩნდა, მამა დამარცხდა, უფრო კი საქმე. თურმე ნოდარ ლომოურზე მეტად შესტკიოდათ გული. გამოფენა, დღევანდელი გაგებით, დიდი პრომოუშენი უნდა გამხდარიყო საქართველოსთვის, საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის შემდგომ, ეს იქნებოდა გაცნობა და აღმოჩენა. როგორც ხშირად ხდება, ნამდვილი ეროვნული საქმე ცრუ პატრიოტიზმმა ჩაკლა. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, სადაც შემთხვევით არაფერი ხვდება და აქ გამოფენა ყველაზე პრესტიჟულია, ექსპოზიცია მაინც გაიხსნა, მხოლოდ საქართველოს გარეშე. როცა მუზეუმის დირექტორი ნოდარ ლომოური ამერიკაში ჩავიდა, უცნაური სანახაობა დახვდა: საქართველოსთვის განკუთვნილი საგამოფენო სივრცე ნახევრად ცარიელი იყო…
ნატაშას დროც დადგა, გამოწვევებიც მოვიდა. ახლა ის უნდა ყოფილიყო პრინციპული, როცა იმაზე ედავებოდნენ, რის გაკეთებასაც აბრალებდნენ. რადგან დაიწყო, ბოლომდე უნდა მიეყვანა. რეფორმები კი ყოველთვის მტკივნეულია, არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი. არსებობდა მწერალთა სხვა ორგანიზაციები, მაგრამ მათთვის მაჩაბლის 13 დაკეტილი იყო.
არადა, მის ცხოვრებაშიც იყო მთავარი მწერალი, ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მის ცხოვრებაში, ისიც იმ ძველი თაობიდან იყო, ჯემალ აჯიაშვილი – მწერალი, პოეტი, მთარგმნელი. როცა ებრაულმა ენამ გაიტაცა, ივრითს მასთან სწავლობდა. შემდეგ კი როგორც ამბობს, მისი ხედვა მთლიანად ამოატრიალა ალიკა რონდელმა. არჩევანზეც იმოქმედა და საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩააბარა. დიპლომატია, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო ორგანიზიციები, უნივერსიტეტი და უცებ, ლიტერატურის მუზეუმი. და ბოლოს „მწერალთა სახლის“ ხელმძღვანელობა – არადა, როგორ რომანტიკულად ჟღერს.
მაჩაბლის 13-ში ძალიან გვიან მოხვდა. პირველად ჯიპას ლექციებიდან ცირა ელისაშვილმა წამოიყვანა ჯგუფი შენობის სანახავად. ეს იყო მისი პირველი შეხება და მოულოდნელად ნიკა რურუას შეთავაზება. რამდენიმე დღე იფიქრეო – უთხრა. მაინც არ ელოდა, თუ აქ ჩვეულებრივი ბრძოლის ველი დახვდებოდა. დანაღმული ველი. მწერალთა სახლიდან მის მისვლამდე უკვე გაყვანილი იყო მწერალთა კავშირი, დღემდე მიუღებელი რჩება მისთვის ის ფორმა, თუ როგორ გაიყვანეს მწერლები, სპეცრაზმის ჩარევით. ის, რომ აქ ბევრი რამ შესაცვლელი იყო, ამ აზრს ეთანხმებოდა. მწერალთა კავშირს თავისი საჭიროება და პრივილეგიებიც ამოწურული ჰქონდა. როცა წევრობა გადამწყვეტი იყო საბჭოთა კავშირის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბწკარიც კი არ დაიბეჭდებოდა, არამცთუ წიგნი. დღეს ეს მოთხოვნა უკვე აღარ არსებობს. ძველი მწერლები ჩიოდნენ, რომ მათ აღარ ჰქონდათ სამუშაო სივრცე და აღარ შეეძლოთ ღონისძიებების ჩატარება. პირველ შემთხვევაში სამუშაო კაბინეტები სამუზეუმო სივრცეებად იქცა. პრეზენტაციები კი იმაზე მეტი ტარდება, ვიდრე ოდესმე, ეს მის ყოველთვიურ ანგარიშებშია ასახული, ასევე ყოველთვიურად რომ იგზავნება კულტურის სამინისტროში, მთავარია, იქ ვინმემ წაიკითხოს. და ისეთივე ჭორებს არ აყვნენ როგორც ცოტა ხნის წინ ააგორეს: მწერალთა კავშირიდან ილიასა და აკაკის სურათები გაიტანესო. არადა იქ მოსულს ორივე დახვდა. გული წყდება, როცა ახსენდება რას შეეწირა ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“.
სწორი მენეჯმენტი მისი მთავარი იარაღი აღმოჩნდა. როცა დავით სარაჯიშვილის მიერ აშენებული შენობის რეაბილიტაცია – აღდგენაზე დაიწყო ფიქრი და პირველი ქართველი მეცენატის სახელით ქართველ ბიზნესმენებს მიაკითხა. არ შეცდა, სარაჯიშვილის გვერდით მათი გვარების ხსენება მხოლოდ პატივი იყო. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მწერალთა სახლს მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება მისცა. დავით სარაჯიშვილის საქველმოქმედო ფონდისა და ბიზნესასოციაციის დახმარებით გაკეთდა დავით სარაჯიშვილის მუზეუმი, სარაჯიშვილის ბევრი ნივთი დაიბრუნეს და შეიძინეს, აღდგა აზიური ოთახის უნიკალური ფერადი ჭერი, შეკეთდა ავეჯი. და, რაც მთვარია, ფინანსები ისე გამოიყენა, რომ მწერალთა სახლშივე გააჩინა მუდმივი შემოსავლის წყარო: ბიზნესმენთა შემოწირულობებით მწერალთა რეზიდენცია გააკეთა; დიუმას, სტეინბეკის, პასტერნაკის ოთახები დღეს უკვე მოქმედია; პირველი სტუმარი კი ნობელიანეტი მწერალი სვეტლანა ალექსეევიჩი იყო; რეზიდენციიდან შემოსული თანხა ინახავს შენობას, ისტუმრებს ხარჯებს და, რაც მთავარია, ბევრ საშუალებას აძლევს შეუწყოს ხელი მწერლებს. სახელმწიფოსა და ბიზნესის სწორმა კომუნიკაციამ შედეგი მოიტანა და ეს სწორი მენეჯმენტი იყო, ისე როგორც კაფე „ლიტერა“ და მისი შეფ მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე, რომელზეც წერდნენ უცხოური მედია საშუალებები, ამ გზით მწერალთა სახლისა და დავით სარაჯიშვილის სახელები საუკეთესო საერთაშორისო ჟურნალებში გაჟღერდა. კაფე „ლიტერა“ შემოსავლის ახალ წყაროდ იქცა, რამაც დამატებითი საშუალება გააჩინა სამწერლობო საქმიანობის განვითარების და რაც მთავარია, მეტი დამოუკიდებლობის და როცა ერთ მშვენიერ დღეს ნატაშა ლომოური სამსახურიდან გაათავისუფლეს, საზოგადოების ნაწილი მხარდაჭრისთვის გარეთ სწორედ ნატაშას გაკეთებულმა საქმეებმა გამოიყვანა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა სახელმწიფომ გადაწყვეტილება შეცვალა და ის თანამდებობაზე აღადგინა. ელოდა ასეთ სოლიდარობას? არა! და ეს წარმოუდგენელი იყოო – ამბობს. თუმცა მაჩაბლის 13-ში კედელზე ბარგჩალაგებული დავით სარაჯიშვილი, რომელიც მწერალთა სახლს ტოვებდა, მაინც დარჩა. გაგოშას ეს პოსტერი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
მწერალთა სახლის კედლები ერთ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიას ინახავს. მუზეუმის კედელზე რამდენიმე გვარს ამოიკითხავ და მიხვდები, როგორ იცოდა დავით სარაჯიშვილმა რაში და ვისში უნდა ჩაედო ინვესტიცია: აკაკი შანიძე, ნიკო ნიკოლაძე, ზაქარია ფალიაშვილი, ვანო სარაჯიშვილი… ადამიანებმა, ვინც ამ ქვეყნის ისტორია დაწერეს. მაგრამ ამ კედლებს პაოლო იაშვილის თვითმკვლელობაც ახსოვს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ახალმა თაობამ ამის შესახებ ბევრი არაფერი იცის და ეს გახდა მისი ახალი იდეის ბიძგის მიმცემი; გაზაფხულზე რეპრესირებული მწერლების მუზეუმი გაიხსნება. ციფრიც შემზარავი აღამოჩნდა- 100 მდე რეპრესირებული მწერალი. ეს ეპოქა დღესაც საინტერესო სამუშაოდ რჩება ბევრისთვის და როცა კლვევაზე მუშაობა გამოაცხადა ერთ დღეში 31 აპლიკაცია დახვდა- მწერლები, მეცნიერები, ბლოგერები თითქმის მთელი მსოფლიოდან. მათ სულ სხვანაირად შეუძლიათ გაიტანონ ამბავი. ეს, როგორც კონფლიქტოლოგმა, იცის რა ძალა აქვს სიტყვას, კადრს. ამიტომაც იყო, როცა სოფელ არბოში, სახელმწიფომ მისი პაპის, ნიკო ლომოურის მუზეუმის აღდგენა დაიწყო, მწერალთა რეზიდენციის პროექტის გაკეთება იქაც დაგეგმა. სახლი, ე.წ. საზღვრიდან 6 კილომეტრში დგას. იქ ჩასული მწერალი, ჟურნალისტი, ფოტოგრაფი სულ სხვანაირად აღიქვამდა იქაურ ცხოვრებას, გაცილებით ახლოს მივა მოსახლეობამდე და დაინახავს პრობლემებს, დაწერს, გადაიღებს და ეს იქნება ხმა, რომელიც კონფლიქტის ზონიდან გავა. ინფორმაცია, რომელიც ბევრს და სხვანაირად მოჰყვება.
ბევრი იდეა და პროექტი აქვს. ხანდახან მგონია, რომ ბევრ რამეს მივედ-მოვედებიო – ამბობს. მაგრამ ყველა მათგანი შემდეგ შედეგს დებს და ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა. რამდენიმე კვირის წინ მსოფლიოში მეორე წიგნის ბაზრობას ესტუმრა მექსიკაში. მწერალთა სახლმა რამდენიმე ავტორი წარადგინა მექსიკის წიგნის ფესტივალზე, რომელიც 700 მილიონიან ესპანურენოვან მკითხველზეა გათვლილი. ეს პირველი გასვლა იყო ამ სივრცეში და ნერვიულობაც ახლდა. მთავარი ისევ პატარ ქვეყნის კომპლექსია. მაგრამ ყველა თემა მოიხსნა, მექსიკელი მკითხველი მომზადებული დახვდა. მათთვისაც არანაკლებ საინტერესო და ეგზოტიკური აღმოჩნდა პატარა ქვეყანა, სახელად საქართველო. პირველ რიგში, ისტორიით, ენით, დამწერლობით. როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ახლაც გადამწყვეტი იქნება სახელმწიფოს ნება – თვლის მწერალთა სახლის დირექტორი.
თარგმანები, თარგმანები – ეს გრძელი, რთული გზაა; იმისთვის, რომ რომელიმე უცხოენოვან ბაზარზე ქართული ლიტერატურის წარდგენა შევძლოთ, სულ ცოტა 5-6 წლის შრომა არის საჭირო და ის ამ შრომისთვისაც მზად არის.
მწერალთა სახლზე როცა ლაპარაკობს, ხვდები, რომ ეს მისი ნაწილია ან უფრო პირიქით, ის არის უკვე აქაურობის ნაწილი.
იცის, რომ ცხოვრება მაჩაბლის 13-ის გარეშე შესაძლებელია, მაგრამ მაინც შეუძლებლად მიაჩნია. თან საქმეც ბევრი აქვს, ეგაა ოღონდ ის ერთია, დრო, როგორც ყოველთვის ცოტა…