ქალების მხარეს | ინტერვიუ ჰანა ლოიკანენთან

საქართველოს ბანკმა მარტის თვე ქალების თვედ გამოაცხადა და ბიზნესსექტორში წარმოდგენილ ქალებს, სპეციალური ღონისძიებების მასპინძლად, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჰანა ლოიკანენი დაახვედრა.

სადაც – ქალები და ბიზნესი, იქ – Forbes Woman Georgia-ც.

მეამბოხე გოგოები სულ არსებობდნენ. ისევე, როგორც დღემდე არსებობს ‘ქალის’ და ‘კაცის’ საქმე – სტერეოტიპი, რომელიც ჩვენს თავში მძიმე ბარიერად ყალიბდება და მისი გვერდის ავლა, ზოგჯერ, სხვისი შეგულიანების, გვერდით დგომისა და უპირობო მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი ხდება.

მეამბოხე გოგოებს სხვებისგან ცნობისმოყვარეობა და სიჯიუტე გამოარჩევთ. ჯერ უნდა მიაგნონ იმას, რაც ‘ქალის’ საქმე არ არის და მერე სწორედ ‘ქალის’ საქმე უნდა დაარქვან – თან არა სიტყვით, არამედ საქმით. ცნობისმოყვარეობის და სიჯიუტის გარეშე კი ამის მიღწევა, ალბათ, გაცილებით რთული იქნება.

მეამბოხე გოგოებს უფრო უჭირთ; მეტის მტკიცება სჭირდებათ, მეტი უსამართლო შეფასებებისა თუ დამოკიდებულებების მოსმენა და ატანა უწევთ.

მაგრამ მეამბოხე გოგოები უფრო მეტად ახსოვთ.

რადგან მეამბოხე გოგოები მეტს აღწევენ.

თუმცა, ვინ შეძლებს ჩვენს გამხნევებას ისე, რომ ძალა შეგვმატოს და ჩვენში მეამბოხეს გზა გაუხსნას?

ყველაზე მეტად – თავად მეამბოხე.

“საერთაშორისო მაკროეკონომიკა ავირჩიე პროფესიად და ზუსტად იმიტომ, რომ ‘ბიჭების’ საქმედ ითვლებოდა. ჰოდა, გადავწყვიტე, გავერკვე, მაინც რა არის ასეთი საინტერესო ამ საქმეში” – ამას დღეს უკვე შემდგარი და წარმატებული ქალი ამბობს – ჰანა ლოიკანენი, რომელიც საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.
საქართველოში სპეციალურად იმ მიზნით ჩამოვიდა, რომ ქალებში რწმენა ჩანერგოს – ყველაფერი შესაძლებელია: თუ გაქვს მიზანი, აუცილებლად გამოჩნდება გზა ამ მიზნის მისაღწევად და ისიც, ვინც ამ საქმეში მხარს უპირობოდ დაგიჭერს.

საქართველოს ბანკი უკვე წლებია, ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ქალებს და უქმნის მათ შესაძლებლობას, წამოიწყონ ახალი ან გააფართოვონ არსებული ბიზნესი, დანერგონ თანამედროვე მიმართულებები. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) დაფინანსებით საქართველოს ბანკმა ქალებისთვის სპეციალური პროგრამაც შექმნა –„ქალები ბიზნესში“. ამ პროგრამის ფარგლებში, 25 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსით, 1000-მდე ბიზნესი დაფინანსდა.

საქართველოს ბანკი ქალების გაძლიერების იდეას პირადი მაგალითითაც ამყარებს: ლიდერი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე- ქალია.

ჰანა ლოიკანენისთვის ყველაფერი ოჯახიდან იწყება: “მამაჩემს მხოლოდ გოგოები ჰყავდა. არ მახსოვს, როდესმე ეთქვას, რომ რაიმე საქმიანობა მეკრძალება, რადგან გოგო ვარ. ვფიქრობ, ასეთი მხარდაჭერა ოჯახის და გოგოების შემთხვევაში, პირველ რიგში, სწორედ მამების მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია. გოგოებს სჭირდებათ იმის ცოდნა, რომ თუ წაიბორძიკებენ, ვიღაც მათ აუცილებლად დაეხმარება. ასეთი მხარდამჭერი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს“.

ქალების გაძლიერება მხოლოდ ამაღელვებელი და ლამაზი ფრაზა არ არის, რომელსაც ადვილად ‘გააპიარებ’. მაკკინზის საერთაშორისო ინსტიტუტმა დათვალა, რომ თუ გლობალურ ბაზარზე ქალების დასაქმების მაჩვენებელი კაცებისას გაუთანაბრდება, მსოფლიო ეკონომიკა 2025 წლამდე ყოველწლიურად 26%-ით გაიზრდება.

ქალების დასაქმების მაჩვენებელი საქართველოსთვისაც გამოწვევაა: რიცხვებს თუ შევხედავთ, დავინახავთ რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი კაცია დასაქმებული, ვიდრე ქალი. ამასთან, მმართველ პოზიციებზე, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის ან მიკრობიზნესის სეგმენტის დონეზე, კაცები აშკარად ჭარბობენ ქალებს. თუმცა, ეს ფაქტებიც – ისე, როგორც ყველა დანარჩენი, ეკონომიკაში შეიძლება ერთდროულად აღვიქვათ როგორც პრობლემად, ისე შესაძლებლობადაც.

ჰანა ლოიკანენი მათ შესაძლებლობად აღქმას ემხრობა – მისთვის აშკარაა, რომ ქალებს საქართველოში დიდი პოტენციალი აქვთ, ეკონომიკურად უფრო აქტიურები გახდნენ და ბიზნესშიც ფეხი უფრო მყარად მოიკიდონ.

“ქართველ ქალს ბუნებრივი ძალა აქვს. როცა ამ ძალას გამოვლენის პირობებს უქმნი, ნაპერწკალივით ენთება“ – ამბობს საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის მოადგილე და აქვე, მთელი მონდომებით, ძალიან მარტივად და გასაგებად გვიხსნის, რა აკლიათ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ქალებს იმისთვის, რომ მეტად ჩაერთონ ეკონომიკაში, – „როგორც წესი, არ აქვთ ინფორმაცია, როგორ დაიწყონ ბიზნესი. აკლიათ იმის ცოდნა, თუ საიდან უნდა მოიპოვონ ეს ინფორმაცია, როგორ შეაფასონ ის შესაძლებლობები, რაც ბაზარზეა, მაგრამ, პირველ რიგში, მათ მხარდაჭერა აკლიათ – ვინმე, ვინც ეტყვის: რა კარგი იდეები გაქვს, შენ აუცილებლად შეძლებ მათ განხორციელებას!“.

სწორედ საქართველოს ბანკია ქალების ასეთი მხარდამჭერი.

ჰანა ლოიკანენს სჯერა, რომ წარმატება გადამდებია,- „ამიტომ ყველა ქალის მაგალითზე, როცა მან შეძლო თავისი მიზნების ბოლომდე მიყვანა, როცა ნამდვილ ანტრეპრენერად ჩამოყალიბდა, შეძლო დამოუკიდებლად ოჯახის რჩენა და თავი ძლიერ არსებად იგრძნო –ბევრი უნდა ვისაუბროთ, ბევრი ვწეროთ და ვიმსჯელოთ“.

საქართველოს ბანკს ისიც კარგად ესმის, რომ მხოლოდ ცალკეული ამბების გაზიარებით ქალთა ჩართულობის ზრდის შენარჩუნება ვერ მოხერხდება. ქალების ქცევის განმტკიცებას ისეთივე თანმიმდევრული მუშაობა სჭირდება, როგორც მის შეცვლას.

ბანკს ამაზეც ნაფიქრი აქვს.

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გვიმხელს, რომ მალე საქართველოს ბანკისგან ქალებს ისეთი პლატფორმა ექნებათ, სადაც მათთვის საინტერესო საკითხებზე რჩევის მიღებას სხვადასხვა არხით შეძლებენ და გამოცდილებასაც ადვილად გაცვლიან: „რაღაც მომენტში ყველას ვიღაც დაგვეხმარა. როცა უკვე წარმატებული ხარ, გინდა შენი გამოცდილება სხვასაც გაუზიარო და წაახალისო“.

ფილიალებით ყველა რეგიონში და თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით, საქართველოს ბანკს ამოცანის მიღწევა გაცილებით უმარტივდება: საერთოდ აღარ არის საჭირო, ფიზიკურად იყო სადმე იმისთვის, რომ ინფორმაცია გასცე და მიიღო – სამოტივაციო თუ ვორქშოფის სტილის ვიდეოები, ელექტრონული სწავლება თუ სხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტები პლატფორმის ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„ჩვენი კლიენტების ზრდა ჩვენს ინტერესშია. რაც მეტ წარმატებულ ბიზნესს მოვემსახურებით, მით უფრო სრულყოფილად შევასრულებთ ჩვენს მისიას – შევქმნათ წარმატების წინაპირობა ყველასთვის“ – ამბობს ჰანა ლოიკანენი.

ის მისიაც შესრულებული აქვს, რისთვისაც საქართველოში ჩამოვიდა: ბანკის მომხმარებლებს – მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის, მმართველი რგოლის წარმომადგენელ ქალებს საკუთარი 20–წლიანი გამოცდილება გაუზიარა, მათ შორის იმაზეც, თუ რა არის ქალის როლი ბიზნესსა და ეკონომიკაში და რა სირთულეების, თუ გამოწვევების წინაშე დგანან ქალები ბიზნესში.

ჰანას ფილოსოფია ასეთია: წარმატების მისაღწევად, უნდა იყო ცნობისმოყვარე და არ შეგეშინდეს საკუთარი შეცდომების დაშვების, თუმცა სხვის შეცდომებზეც შეგიძლია ისწავლო და ამით, მძიმე შეცდომები აირიდო თავიდან. ამისთვის, ბევრი უნდა იკითხო, საკუთარ ნაჭუჭში არ უნდა ჩაიკეტო, პროფესიული ქსელები გააფართოვო, ასოციაციებთან მჭიდრო კომუნიკაცია დაამყარო, როცა დაგჭირდება, რჩევა ითხოვო და გლობალურად იაზროვნო.

ვთანხმდებით: საქართველოს მეტი მეამბოხე გოგო სჭირდება – გოგოები, რომლებიც ადვილად აღარ დაიჯერებენ, რომ მათი როლი მხოლოდ დიასახლისის, დედის და ოჯახის მომვლელის როლია; გოგოები, რომლებიც უფრო ადვილად იმას დაიჯერებენ, რომ არჩევანის წინაშე არ დგანან, შეიძლება ყველაფერი მოასწრონ – კარგი დედობაც და პროფესიული განვითარებაც; გოგოები, რომელთა წარმატებაც მხოლოდ ლოკალურად კი არა, გლობალურად გაიზომება.

უცებ დავფიქრდი: მე ახლა ვზივარ და თქვენთვის ამ სტატიას ვწერ. შეიძლება თუ არა ამის ნაცვლად სამზარეულოში ვტრიალებდე? რა თქმა უნდა, შეიძლება, ოღონდ ეს ჩემი არჩევანი უნდა იყოს, მე უნდა მინდოდეს. თქვენ კი უბრალოდ პატივი უნდა სცეთ ჩემს არჩევანს – იმის მიუხედავად, მოგწონთ თუ არა.

და ეს, პირველ რიგში, თავად გოგოებმა უნდა მოვითხოვოთ.

ქალების მხარდაჭერისთვის მთელი საქართველოს ბანკია!

ერთიანი ძალისხმევით, მალე – მთელი ქვეყანაც!