ორი ქართული ბრენდი, L I Y A და კაშკაში, გაერთიანდნენ პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ხაზის შესაქმნელად. პროდუქცია შექმნილია უნიკალური ფორმულებით და დამზადებულია საქართველოში, “კაშკაშის” ლაბორატორიაში.
LIYA თანამედროვე ქალბატონების ტანისამოსის ბრენდია, რომელსაც სწამს ინდივიდუალიზმისა და ყველა ადამიანში საკუთარი ინდივიდუალობის სიყვარულის. KÁSHKASH თბილისში დაფუძნებული, კოსმეტიკის ფორმულატორების გუნდია. საქართველოს ფლორის საოცრებებისა და კოსმეტიკური წარმოების თანამედროვე მეთოდების შერწყმის იდეა – სწორედ ესაა “კაშკაშის” მთავარი მამოძრავებელი. ბრენდის დამფუძნებლები ამაყობენ, რომ ქვეყანაში დეკორატიული კოსმეტიკის წარმოებას ჩაუყარეს საფუძველი.
ძირითადი იდეა LIYA X KÁSHKASH-ის უკან არის ისეთი დეკორატიული კოსმეტიკის შექმნა, რომელიც კანზეც იზრუნებს და შესაბამისად, ორმაგად გაუსვამს ხაზს ბუნებრივ მშვენიერებას. გუნდი მთლიანად მომართულია უნიკალური ხელნაკეთი პროდუქციის დამზადებაზე – მხოლოდ ნატურალური და ორგანული ინგრედიენტებით.
„LIYA-ს კოსმეტიკური ხაზის დამატება, დიდი ხანია, გეგმაში გვაქვს. თუმცა ეს პროექტი შეჩერებული იყო პროფესიონალი პარტნიორის არარსებობის გამო. შემდეგ კი აღმოვაჩინეთ “კაშკაში”. მე პირადად ვარ მათი მუდმივი მომხმარებელი და ზოგადად, მოგვწონს იდეა, რომ მათი პროდუქტები ბუნებრივი შემცველობის და ხელნაკეთია“,- ამბობს ლიკა გოგლიძე, LIYA-ს დამფუძნებელი.
„უდიდესი პასუხისმგებლობაა პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის შექმნა, რომელიც გლობალურ ბაზარზე გავა. ამიტომაც, LIYA-სთან ერთად, შევქმენით 100% ნატურალური, მცენარეული პროდუქცია, რომელიც არ იტესტება ცხოველებზე. ეს ბრენდი აუცილებლად გახდება კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამბობს ქეთო გიორგობიანი, KÁSHKASH-ის თანადამფუძნებელი.
LIYA X KÁSHKASH საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე დამატენიანებელი ფერადი ტუჩსაცხების ხაზით გამოჩნდა. ხანგრძლივი, კრემოვანი ეფექტის მქონე ბუნებრივი ტუჩსაცხები უზრუნველყოფს საშუალო დონის დაფარვას, ატენიანებს ტუჩის კანს და ტოვებს ხავერდოვან შეგრძნებას. მარგალიტისებრი იისფიდან ალისფერ წითლამდე – ამ ხაზის ფერები შთაგონებულია მზის სინათლით დღის სხვადასხვა მონაკვეთში. კლასიკური წითელი – ლურჯი, ყვითელი და კენკროვანი ქვედა ტონებით იდეალური შერწყმაა ნებისმიერ სტილთან – იქნება ეს ყოველდღიური ჯინსები თუ საღამოს კაბა. მარგალიტისებრი მბზინავი ბაზა კი აუცილებელი პროდუქტია როგორც ფერიანი ტუჩსაცხის ქვეშ, ასევე ცალკე, ტუჩების დატენიანების თუ მინიმალისტური მაკიაჟის გასაკეთებლად.
პროექტი ხორციელდება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით.