ნობელის ლაურეატი ქალი მწერლები – ნაწილი 3

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ ჯილდოს, ნობელის პრემია წარმოადგენს. წინა სტატიებში გამოჩნდა, რომ ნობელიანტმა ქალმა მწერლებმა კაცობრიობის უკეთესობისკენ შეცვლაში, მის განვითარებისა და გაკეთილშობილებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ამ სტატიაში ნობელიანტი მწერალი ქალების სიის სხვა წევრები არიან წარმოდგენილი.

Photo from the Nobel Foundation archive.

ტონი მორისონი  ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი და ესეისტია. მისი ლიტერატურული კარიერა დაიწყო 1970 წელს, როდესაც თავისი პირველი ნაწარმოები, „ყველაზე ცისფერი თვალები“ გამოსცა. მისი ნაწარმოებების მთავარ თემას საკუთარი „მეს“ ძიება და გააზრება წარმოადგენს. მწერალი ცხადად წარმოაჩენს იმ პერიოდის ამერიკის რასისტულ რეალობას და სწორედ ამიტომაც, 1993 წელს ნობლის პრემია მოიპოვა ლიტერატურის დარგში: „მას ვისი რომანებიც ხასიათდება და შთაგონებულია მრავლისმხედველი ძალითა და პოეტური მნიშვნელობით, რომელმაც საჭირო სიცოცხლე შთაჰბერა ამერიკული რეალობის არსებით ასპექტს.“

Photo from the Nobel Foundation archive.

ელფრიდე იელინეკი ავსტრიელი რომანისტი, დრამატურგი, პოეტი და ლიტერატურის კრიტიკოსია. მკითხველისთვის საბედნიეროდ, ის დედამისის მიერ ნაწინასწარმეტყველებ მუსიკალურ გზას არ გაჰყვა და მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო უნივერსიტეტი მიატოვა, თერაპიის მიზნით წერას მიჰყო ხელი. ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულმა მწერალმა 2004 წელს ნობელის პრემიაც კი მოიპოვა „თავისი მუსიკალური ხმის დინებისა და კონტრავერსიალური ხმისთვის თავის რომანებსა და პიესებში, რომლებშიც ექსტრაორდინალური ლინგვისტური გულმოდგინებით გამოავლინა საზოგადოების აბსურდულობა, კლიშეები და „დამორჩილების“ ძალა“.

© The Nobel Foundation. Photo: U. Montan

დორის მეი ლესინგი ქირმანშაჰში დაბადებული ინგლისელი ფანტასტი-მწერალია. მწერლობის პარალელურად იყო აქტიური ფემინისტი, რაც მის შემოქმედებაშიც აისახა. თუმცა მისი ნაწარმოებების მთავარ იდეა მაინც ძლიერ ცივილიზაციებს შორის მიმდინარე ომის შუაგულში აღმოჩენილი სუსტი ადამიანისა და ამ ომში მისი პასიური მონაწილეობის ფილოსოფიური პრობლემების მიმართ განსხვავებული თვალსაზრისებია. მან ნობელის პრემია 2007 წელს მიიღო, ნობელის კომიტეტმა კი ჯილდოს გაცემისას აღნიშნა, რომ ის  ქალური გამოცდილების ეპოსის შემქმნელია, რომელმაც სკეპტიციზმით, ცეცხლითა და მრავლისმხედველი ძალით განიხილა დაყოფილი ცივილიზაცია.”

© The Nobel Foundation. Photo: U. Montan

ჰერტა მიულერი რუმინელი, გერმანულენოვანი მწერალია. მისი შემოქმედება მიმართულია ინდივიდის სისუსტეების მიმართ, ჩაგვრისა და დევნის დროს. მისი ნაწარმოებები სათავეს მისი გამოცდილებიდან იღებენ —  ის აღწერს ჩაუშესკუს  რეჟიმში  ცხოვრებასა და  იმას, თუ როგორ ჩნდება ინდივიდში  შიში და გაუცხოება, რომელიც არასდროს ქრება მას შემდეგ რაც დიქტატორის მმართველობის ქვეშ ცხოვრობს. მან  „ვინც პოეზიის კონცენტრაციითა და პროზის გულწრფელობით გამოსახავს გათავისუფლებულთა ლანდშაფტს”, ნობელი 2009 წელს მოიპოვა.

Photo: J. Munro

ელის მანრო კანადელი მწერალია, რომელმაც, შეიძლება ითქვას,  კარიერა მოკლე მოთხრობებს მიუძღვნა. ის პატარა დასახლებაში გაიზარდა, რაც  ხშირად გამოიკვეთება მისსავე ნაწარმოებში და ინსპირაციის წყაროდ იქცევა  ამ გამორჩეული მწერლისთვის. მართლაც, რთულია მისი მოთხრობების კრებულის „ძვირფასი სიცოცხლე“ წაიკითხო და იგივე მორალური პრობლემებისა თუ ურთიერთობის პრობლემების წინაშე არ დააყენო საკუთარი თავი. სწორედ ამიტომ, 2013 წელს მან ნობელის პრემია მოიპოვა, სიმბოლურად ნობელის კომიტეტმა მასზე ისევე  მოკლედ ისაუბრა, როგორც მისი ნაწარმოებებია, თუმცა ამ რამდენიმე სიტყვითაც კი ხაზი გაესვა მის სიდიადეს, „თანამედროვე მოთხრობათა ოსტატი“ — სწორედ ასე უწოდეს მოთხრობათა 21-ე საუკუნის შემოქმედს.

© Nobel Media AB. Photo: A. Mahmoud

სვეტლანა ალექსიევიჩი ბელორუსი მწერალია. იგი აღწერს ინდივიდთა ცხოვრებას საბჭოთა კავშირში და მისი დაშლის შემდგომ. თავის ნაწარმოებებში იგი იყენებს უამრავ ინტერვიუს სხვადასხვა ადამიანებისაგან, რაც  მოსაზრებათა და ადამიანთა ფართო სპექტრს ქმნის. ჟურნალისტი და მწერალი, შეიძლება ითქვას, დოკუმენტურ და მხატვრულ თხრობას შორის ოქროს შუალედს პოულობს, რამაც განაპირობა  2015 წელს მის მიერ მოპოვებული ნობელიც, „მისი მრავალხმიანი, პოლიფონიური ნაწარმოებებისთვის, ჩვენი დროის ტანჯვისა და სიმამაცის მონუმენტის შექმნისთვის.“