მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ ჯილდოს, ნობელის პრემია წარმოადგენს. წინა სტატიაში გამოჩნდა, რომ ნობელიანტმა მეცნიერმა ქალებმა მართლაც შეცვალეს სამყარო უკეთესობისკენ და კაცობრიობა პროგრესის გზაზე დააყენეს. თუმცა, არანაკლებ დიდი წვლილი მიუძღვით მწერლებსაც კაცობრიობის უკეთესობისკენ შეცვლაში, მის განვითარებისა და გაკეთილშობილებაში.
სელმა ლაგერლოფი პირველი ქალია ისტორიაში, რომელმაც ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მოიპოვა. ის 1858 წელს შვედეთში დაიბადა და ცხოვრება ლიტერატურასა და ბავშვებს მიუძღვნა. მისი წიგნებით დღემდე ასწავლიან ბავშვებს. ის ასევე პირველი ქალი იყო, რომელიც შვედეთის აკადემიის წევრი გახდა. მან ნობელის პრემია 1909 წელს მოიპოვა „მაღალი იდეალიზმის, ნათელი წარმოსახვისა და სულიერი აღქმისთვის, რომელიც მის ნაშრომებს ახასიათებს“.
გაბრიელა მისტრალი პირველი ლათინოამერიკელი ნობელიანტია. იგი ჩილეში დაიბადა და ცნობილი პოეტი, პედაგოგი, დიპლომატი და ქალთა უფლებების დამცველი იყო. მან ფსევდონიმი ორი საყვარელი პოეტის გაბრიელე დ’ანუნციოს და ნობელიანტი ფრედერიკ მისტრალის სახელებიდან შეადგინა. მას ნობელის პრემია 1945 წელს მიენიჭა, თავისი „ძლიერი ემოციებით შთაგონებული ლირიკული პოეზიისთვის, რომელმაც მისი სახელი მთელ ლათინოამერიკულ სამყაროში იდეალისტური მისწრაფებების სიმბოლოდ აქცია“.
ვისლავა შიმბორსკა პოლონელი მთარგმნელი, ესეისტი და პოეტი იყო. უნივერსიტეტში სწავლის დაწყებასთან ერთად მან ასევე არაჩვეულებრივი მწერალი ჩესლავ მილოში გაიცნო, რომელმაც მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია. მისი გენიალურობა იმ უამრავი ჯილდოსა და ორდენის გარეშეც ცხადია, რომლებიც მას სიცოცხლეშივე მიანიჭეს, მათ შორის კი უმნიშვნელოვანესი 1996 წელს მიღებული ნობელის პრემიაა, „პოეზიისთვის, რომელიც თავისი ირონიული ხედვით საშუალებას აძლევს ისტორიულ და ბიოლოგიურ კონტექსტს ნათელი იხილოს კაცობრიობის რეალობის ფრაგმენტებში“.
ოლგა ტოკარჩუკი პოლონელი მწერალია, რომელმაც სახელი თავისი სატირული და რთული, კომპლექსური სიუჟეტებით გაითქვა. მისი სიუჟეტები სხვადასხვა დროსა და გეოგრაფიულ არეალებში ვითარდება და გაჯერებულია მითოლოგიური სიმბოლოებით. სამშობლოში პოპულარობის მიუხედავად, მსოფლიო არენაზე ის მას შემდეგ გაიცნეს, რაც ბუკერის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა რომანისთვის „მორბენალნი“. 2018 წელს კი ნობელის პრიზიც მოიპოვა „თხრობითი ფანტაზიისთვის, რომელიც ენციკლოპედიური ვნებით წარმოადგენს საზღვრების გადაკვეთას, როგორც სიცოცხლის ფორმას“.
ლუის გლუკი ამერიკელი პოეტია. ნიუ-იორკელი მწერალი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია, მას წარსულში მოპოვებული აქვს პულიცერის პრემია, წიგნის ეროვნული ჯილდო და ბოლინგერის პრემია. გლუკს გამოქვეყნებული აქვს პოეზიის 12 და პროზის რამდენიმე კრებული. 2020 წელს მას ნობელის პრემია ლიტერატურაში გადაეცა „მისი გამორჩეული პოეტური ხმისთვის, რომელიც მკაცრი მშვენიერებით ინდივიდუალურ არსებობას უნივერსალურად აქცევს.“