ლაკპა შერპამ ევერესტი მეათედ დალაშქრა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

48 წლის ნეპალელმა ლაკპა შერპამ ევერესტი მეათედ დალაშქრა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. ის მსოფლიოში პირველი ქალია, რომელმაც დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე ასვლა 10-ჯერ შეძლო. შედეგი ნეპალის ტურიზმის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა.

ცნობისთვის, მამაკაცებში რეკორდი ასევე ნეპალელ კამი რიტა შერპას ეკუთვნის, რომელიც პლანეტის უმაღლეს მწვერვალზე 26-ჯერ ავიდა.

ფოტო: Lhakpa Sherpa Facebook

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებულ ექსპედიციამდე ნეპალელმა მთამსვლელმა ქალმა დაახლოებით 8,848 მეტრი სიმაღლის ევერესტი 2018 წელს დალაშქრა.

„როდესაც პირველად ევერესტი დავლაშქრე, ვიგრძენი, რომ ჩემს ოცნებას მივაღწიე. ჩემთვის გავიფიქრე: „აღარავითარი მხოლოდ დიასახლისობა“. მსიამოვნებდა სახლის გარეთ ყოფნა და მინდოდა ეს შეგრძნება ყველა ქალისთვის გამეზიარებინა“,- განაცხადა ლაკპა შერპამ მედიასთან საუბრისას.

ლაკპა ჰიმალაის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის, შერპების წარმომადგენელია. ეს ხალხი მაღალ ადგილებში, რთულ ბუნებრივ პირობებში ცხოვრებას მიჩვეულია.

„გამოქვაბულში დავიბადე. არც კი ვიცი ჩემი დაბადების თარიღი, პასპორტში წერია, რომ 48 წლის ვარ. ევერესტის წინ გავიზარდე. მას სახლიდან ვხედავდი. ევერესტი ჩემს შთაგონებასა და აღფრთოვანებას ახლაც აგრძელებს.“, – აღნიშნავს ლაკპა BBC-სთან საუბარში.

ლაკპა შერპა ამჟამად კონექტიკუტის შტატში ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. თავდაპირველი ექსპედიციების დროს ლაკპას მწვერვალზე ნეპალის დროშა აჰქონდა, ამჯერად კი ევერესტზე აშშ-ის დროშა აიტანა.

1953 წლიდან, მას შემდეგ რაც ევერესტი პირველად დალაშქრეს, მწვერვალზე ასვლის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდებოდა. როგორც ცნობილია, ევერესტის დალაშქვრის მცდელობისას სხვადასხვა დროს 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.