რეჟისორი ლევან აკინი ოსკარის აკადემიის უახლეს წევრებს შორის მოხვდა. პრესტიჟულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ სულ 819 ახალი წევრი მიიწვია. მათ ოსკარზე ხმის მიცემის უფლებაც ექნებათ.
წარმოშობით ქართველი რეჟისორი შვედური კინოს მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. თუმცა, საერთაშორისო აღიარება მას 2019 წელს გადაღებულმა ქართულ-შვედურმა ფილმმა მოუტანა. ,,და ჩვენ ვიცეკვეთ“ არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. საუკეთესო მსახიობად დასახელდა მთავარი როლის შემსრულებელი, ლევან გელბახიანი.
კინოაკადემიაში სხვადასხვა დროს საქართველოდან მიწვეულნი იყვნენ ოპერატორი გიორგი შველიძე, კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე და ნანა ჯორჯაძე.