ლელა მაჩაიძე 2022 წლის მსოფლიოს ტოპ-50 პროექტის მენეჯერს შორის მოხვდა

LeadersHum-მა პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით 2022 წლის მსოფლიოს ტოპ-50 ლიდერი გამოავლინა. მათ შორის პროექტის მართვის ინსტიტუტის თბილისის წარმომადგენლობის პრეზიდენტი, ლელა მაჩაიძე მოხვდა.

ფოტო: lelamachaidze.com

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს LeadersHum-ის მიერ შედგენილ ჩამონათვალში, ზემოხსენებულ ნომინაციაში მხოლოდ 15 ქალი იყო წარმოდგენილი. ისიც უნდა ითქვას, რომ ლელა მაჩაიძე ამ სიაში წელს პირველად მოხვდა.

„ჩემთვის მოულოდნელი იყო აღნიშნულ სიაში მოხვედრა. შთამბეჭდავია იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, რომლებიც პროექტების მართვაში ტოპ-50 ლიდერის სიას ამშვენებენ“, – განაცხადა ლელა მაჩაიძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

LeadersHum-მა პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით საუკეთესო ლიდერები აღნიშნულ სფეროში მათი მიღწევების, კარიერის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა და პროფესიული ხარისხის დონის გათვალისწინებით დაასახელა.

ლელა მაჩაიძე PMP და BRMP-სერტიფიკატების მფლობელია. მას აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. კარიერის განმავლობაში არაერთი მცირე თუ მასშტაბური პროექტი განუხორციელებია.

ლელა აქტიურად არის ჩართული აკადემიურ სფეროში – რამდენიმე უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორია. გარდა ამისა, ის ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მდებარე დროის მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორია.