ჩვენი გზა მაინც რაჭისკენ მიდის

„ჩვენი გზა მაინც რაჭისკენ მიდის“, ‒ ამ ფრაზით დავიწყებ ორი გოგოს ამბის შესახებ თხრობას. სალომე და სოფო ლეკიშვილების თავგადასავალი, რომლებმაც წლების წინ, ახალი ტურისტული ადგილების შექმნა გადაწყვიტეს, რაჭა-ლეჩხუმიდან იწყება.

„საქმის კეთებისას ემოციური კავშირი მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მთავარი ბიძგი სწორედ ეს ემოციური მიჯაჭვულობა იყო. რაჭის პროექტი, ბიზნესთან ერთად, შინაგანი მოთხოვნილებაა ჩვენთვის“, ‒ გვიყვება სოფო ლეკიშვილი.

„ყველაფერი მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო, როდესაც ჩვენი დიდი ბაბუა, რამდენიმე ადამიანთან ერთად, რაჭის ერთ-ერთ სოფელში დასახლდა, რომელსაც მოგვიანებით ჭრებალო უწოდეს. დასახლდნენ და მალევე, კომერციული საქმიანობა გააჩაღეს: გახსნეს დუქნები, დააფუძნეს გადამზიდავი კომპანია… ეს შენობა, სადაც დღეს ჩვენი საწარმო „ჭრებალოს მარანია“ განთავსებული, 1895 წელს აშენდა. პირველ ქართულ სრულმეტრაჟიან ფილმში „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ სწორედ ეს შენობა ჩანს კადრებში“, ‒ იხსენებს სალომე ლეკიშვილი.

„ჭრებალოს მარანი“ 2017 წელს ახალგაზრდა მეწარმემ, მირიან ჭიღვარიამ დააფუძნა. სალომე და სოფო ლეკიშვილები მას მოგვიანებით, 2019 წელს, საკუთარი ინვესტიციით შეუერთდნენ და დღეს ერთად აგრძელებენ საქმიანობას.

რაჭა-ლეჩხუმი ქართული მეღვინეობის პატარა, მაგრამ განსაკუთრებული მხარეა. სხვა რეგიონებისგან გამოირჩევა ვენახების სიმცირითა და იშვიათი ჯიშის ყურძნით. კლიმატიც კი იდეალურია: საკმაოდ ნოტიო, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი, შედარებით მშრალი ზაფხულით.

სოფოს და სალომეს კომპანიის მთავარი მიზანი რაჭული ღვინის ცნობადობის ამაღლებაა, არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ბაზარზეც. „ჭრებალოს მარანი“ რაჭა-ლეჩხუმის მხარეში ცნობილ 8 სახეობის ღვინოს აწარმოებს, რომლებიც მათი პარტნიორის მირიან ჭიღვარიას და ადგილობრივი გუნდის შექმნილია.

აქვე გეტყვით, რომ განსაკუთრებით სახელგანთქმულ ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინო „ხვანჭკარას“, რომელიც XIX საუკუნეში გუბერნიის საუკეთესო ღვინოდ ითვლებოდა, სინაზითა და ხავერდოვნებით მაშინდელი ექსპერტები ბურგუნდიულ ღვინოებს ადარებდნენ.

„ქართულ ბაზარზე საკმაოდ ბევრი საინტერესო ბრენდია. მათგან გამორჩეულები რომ ვყოფილიყავით, გადავწყვიტეთ ისეთი დიზაინი შეგვექმნა, რომელსაც კავშირი ექნებოდა რაჭა-ლეჩხუმთან. ძველი ფოტოების თვალიერებისას, ერთ-ერთი რაჭული ოდის აივნის ულამაზესი ორნამენტები აღმოვაჩინეთ. ეს ორნამენტი ჩვენი ბრენდის ეტიკეტსა და ლოგოს შესაქმნელად გამოვიყენეთ“, ‒ ამბობს სალომე.

„ჭრებალოს მარანი“ მხოლოდ ღვინის კომპანიას არ გულისხმობს. როგორც პროექტის ავტორები გვიყვებიან, კომპანია ტურისტული მარნის გახსნასაც გეგმავს, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ როგორც ღვინო, ასევე რაჭული სამზარეულო. სოფოსა და სალომეს თქმით, მალე, „ჭრებალოს მარანი“ მომხმარებელს რაჭულ არაყსაც შესთავაზებს, რომელიც ბაზარზე „რაჭაჭას“ სახელით გამოჩნდება.

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია…

„სოფლის სასტუმროების ქსელი“ ‒ ასე ეწოდება კონცეფციას, რომელიც სალომემ და სოფომ CUSHMAN & WAKEFIELD-ის და RDG ჯგუფის დახმარებით, პარტნიორებთან – ნატალია მაისურაძესთან და ქეთა ბადაშვილთან ერთად შექმნეს.

კონცეფცია გულისხმობს საქართველოში ე.წ. სოფლის სასტუმროების ქსელის განვითარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობის ადგილობრივ ტრადიციებზეა დაფუძნებული. სასტუმროების მართვის მსგავსი კონცეფცია უკვე წლებია მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ინოვაციურია საქართველოს ბაზარზე. ეს არატრადიციული სასტუმროს მართვის მოდელი თავიდან ბოლომდე ადგილობრივი შინაარსის მატარებელია.

საქართველო, როგორც ახალი ეგზოტიკური ტურისტული მიმართულება, სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში და იზრდება ინტერესი საქართველოს კუთხეების, უნიკალური კულტურისა და ტრადიციების მიმართ. „სოფლის სასტუმროების“ შემუშავებული მოდელი საშუალებას მისცემს ქვეყნის დასათვალიერებლად ჩამოსულ ტურისტს, სრულად შეიგრძნოს ადგილობრივი ცხოვრება ტრადიციულ გარემოში, იცხოვროს ტიპურ ქართულ სახლში (რაჭის შემთხვევაში ოდაში), იაროს წინასწარ დაგეგმილ აქტივობებზე ადგილობრივების სახლებსა თუ მეურნეობებში და გაეცნოს სოფლის მეურნეობის ტრადიციებსა და გასტრონომიულ კულტურებს; ადგილობრივი გიდების თანხლებით დაათვალიეროს და გაეცნოს ისტორიულ მემკვიდრეობას.

შემუშავდა საქართველოზე მორგებული ე.წ „მინი კლასტერის“ მოდელი: ერთი „სოფლის სასტუმრო“ შედგება მთავარი სასტუმროსგან და პატარა ისტორიული ოდა სახლებისგან, რომლებიც მდებარეობენ მთავარ სასტუმროსთან ახლოს.

„სოფლის სასტუმროს ეს მოდელი, რომელსაც ჰორიზონტალურ სასტუმროს უწოდებენ, ძველ რაჭულ ოდებში გაფანტული ოთახებისგან შედგება. ოთახების ეს ქსელი კი, ათი კილომეტრის რადიუსშია განთავსებული,“ – გვიყვება სალომე ლეკიშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ კონცეფცია მასპინძლობის ინდუსტრიაში, სასტუმროს მართვის სპეციფიკურ მოდელს გულისხმობს, რომელიც გარემოსთან, მის ყოფით კულტურასა და ადგილობრივ მცხოვრებლებთან თანხვედრაშია.

სოფო ლეკიშვილი: „დღეს მსოფლიოში, თანამედროვე მოგზაურთა დიდი ნაწილი ეძებს უნიკალურ გამოცდილებას და ბუნებრივ, ხელშეუხებელ გარემოს ირჩევს სამოგზაუროდ. ტურიზმის სფეროს ექსპერტთა ვარაუდით, ნაკლებად ათვისებული ადგილები ბევრად პოპულარული გახდება ტურისტებისთვის. განსაკუთრებით კი ის ქვეყნები, რომლებიც გამოირჩევა ლამაზი ბუნებითა და ხედებით, გემრიელი სამზარეულოთი და სუფთა ჰაერით. ვფიქრობ, რაჭა-ლეჩხუმი სწორედ ის ადგილია, სადაც სათავგადასავლო და სოფლის ტურიზმისთვის საჭირო ყველა პირობა არსებობს: ისტორიული ძეგლები, უნიკალური ღირსშესანიშნაობები, რაჭული ოდა, თვითმყოფადობა, ღვინო, გასტრონომია, კულტურული მემკვიდრეობა, მინერალური წყლები, ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები, მიმზიდველი ბუნება, კლიმატური პირობები და ა.შ. პროექტი, რომელიც შემუშავდა, უზარმაზარი შესაძლებლობაა რეგიონში ტურისტული ბიზნესის განვითარების, მცირე საწარმოების შექმნისა და ახალი ინვესტიციებისათვის“.

სალომე ლეკიშვილი: „რაჭაში უამრავი მიტოვებული ოდაა, რომელიც შესაძლებელია მასპინძლობის ინდუსტრიაში ჩაერთოს. ჩვენი სურვილია, ისევ გაცოცხლდეს ულამაზესი მიტოვებული სოფლები. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ტურისტების მოსაზიდად, მით უფრო, როცა ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთერთი სწრაფად მზარდი სექტორია. ჩვენ გვინდა, რომ რაჭის რეგიონი ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილად იქცეს, რომელიც უნიკალური იქნება თავისი შინაარსით, განვითარების პოტენციალით და ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ ჩვენც მცირე წვლილს შევიტანთ ამ პროცესში“.

როცა სალომეს და სოფოს ანთებულ თვალებს ხედავ, შთაგონებულ და ენთუზიაზმით სავსე გოგოებს უსმენ, რწმუნდები, რომ მათი ჩანაფიქრი, წამოწყებული ახალი საქმე, აუცილებლად წარმატებული იქნება.

„რაჭის განვითარების პოტენციალი დიდია, – გვიყვებიან ისინი, – რაჭა-ლეჩხუმი ის ადგილია, სადაც ყველ პირობაა დრო საინტერესოდ გაატარო. სწორედ ახლაა რაჭაში ინვესტირების დრო. თუ ადრე ინფრასტრუქტურის პრობლემა იყო, ახლა, შედარებით გაუმჯობესდა გზები, დაიწყო სოფლების გაზიფიცირების პროცესი, გაიხნა საოჯახო სასტუმროები და მარნები. რაჭის რეგიონს აქვს ტურისტული რესურსების სრული კომპლექტი, რომ ევროპის წამყვან სამთო კურორტებს კონკურენცია გაუწიოს. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონის ინფრასტრუქტურა მზადაა სიახლეებისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ რაჭაში წამოგვეწყო ჩვენი საქმიანობა“.

დასასრულს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ RDG ჯგუფის (რაჭა-ლეჩხუმის განვითარების ჯგუფი) კონცეფციის განხორციელების პროცესში არამარტო ამოქმედდება ადგილობრივი მცირე საწარმოები, მაცხოვრებლები მომსახურების პროცესში ჩაერთვებიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განადგურებას გადარჩება უნიკალური ოდა – სახლები, ულამაზესი ორნამენტებიანი აივნებით, რომლებზეც ბევრი ისაუბრეს ჩვენმა რესპოდენტებმა.

 

ავტორი: ნინი თურქია

ფოტო: ანა ბოკო