არა, არანაირი შეცდომა ზევით, სათაურში არაა; მეტიც, ესაა ერთადერთი, ყველაზე სწორი, ეფექტური და მომგებიანი გზა, როგორ შეიძლება დავაღწიოთ თავი „მონურ შრომას“, „მათხოვრულ ხელფასს“ და ყველაფერ იმას, რაზეც ჩვენი სახელით ხან საფუძვლიანად, ხან კიდევ სპეკულაციურად, ბევრს საუბრობენ.
მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ კვალიფიციურ, პროფესიონალ კადრებს შრომის ბაზარზე არ სჭირდებათ დაცვა, ასეთ კადრებზე დიდი მოთხოვნა ავტომატურად განაპირობებს მათ უკეთეს სამუშაო პირობებს.
პრაგმატულად რომ მივუდგეთ, დაბალკვალიფიციური მუშახელის მიმართ ჩვენ გვაქვს ორი ალტერნატივა ‒ შევუქმნათ მათ გარანტიები (ხშირ შემთხვევაში მოჩვენებითი, არარეალისტური), რათა იბრძოლონ, შეინარჩუნონ საკუთარი დაბალკვალიფიციური და დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ან მივუდგეთ საკითხს ბევრად კომპლექსურად და შევუქმნათ მათ საფუძველი და მოტივაცია სათაურად გამოტანილი ფრაზის სათქმელად.
ვიცი, კარგად ვიცი, რა უფრო პოპულარულია, მაგრამ ისიც ვიცი, რომ არსად, არცერთ ქვეყანაში არ არსებობს მდიდარი და ბედნიერი მოლარე, კონსულტანტი და მუშა; არცერთ ქვეყანაში არ არსებობს კანონით დადგენილი იდეალური ბალანსი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, რადგან ეს ბალანსი მხოლოდ ეკონომიკის და უკეთესი სამუშაო პირობების მაძიებელთა კვალიფიკაციის ზრდით მიიღწევა და არა კანონში ცვლილებებით, რომელიც მხოლოდ ეკონომიკური განვითარების დონეს შეიძლება ასახავდეს და არა პირიქით.
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში თვალშისაცემია ის გაცხარებული დისკუსია, რაც შრომის კოდექსში შესაძლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია და ისევ დავდექით იდეოლოგიური ბარიერების მიღმა, ზოგი მარჯვნივ, ზოგიც მარცხნივ და ეს სიახლე სულაც არაა, მე ვიტყოდი, უფრო სიძველეა.
სიახლე ისაა, რასაც მთელ მსოფლიოში ტექნიკური პროგრესი და შრომის ბაზარზე თანამედროვე ტენდენციები მიგვანიშნებს; ეს ტენდენციები უკვე განსაკუთრებით თვალშისაცემია განვითარებულ ქვეყნებში და, მიუხედავად იმისა, რა ტემპებით განაგრძობს საქართველო განვითარებას, ამ პროცესის მიღმა ვერც ჩვენ დავრჩებით.
განვითარებული ქვეყნის სტატუსამდე კი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გვიკლია და ამ „დანაკლისის“ ასახვა მარტივად აღსაქმელი რიცხვებითაა შესაძლებელი. ნორვეგიელი, შვედი, გერმანელი და ამერიკელი იმიტომ კი არ ცხოვრობს ჩვენზე უკეთ, რომ ჩვენზე უკეთესი შრომის კანონმდებლობა აქვთ, უკეთ ცხოვრობენ იმიტომ, რომ მათ აქვთ უკეთესი ეკონომიკა, ანუ არიან უფრო მდიდრები (ნორვეგიაში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე 81.000 აშშ დოლარია, აშშ-ში ‒ 62.000, შვედეთში ‒ 54.000, გერმანიაში ‒ 48.000 და საქართველოში მხოლოდ ‒ 4.400!).
კრიტიკოსი ალბათ იკითხავს, თუ რას გვაძლევს ეს რიცხვები და მართალიც იქნება, რადგან ეს რიცხვები, ცალკე აღებული არაფერსაც არ გვაძლევს; ეს რიცხვები (უფრო სწორად – სიმდიდრე) ადამიანებმა შექმნეს, იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ ქვეყნებში მუშაობენ და ამ ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველს ქმნიან; მათ მიერ ნამუშევარი თითოეული საათის ფასს, მათ მიერვე შექმნილი პროდუქტის ღირებულება განაპირობებს, რომელიც ასევე რიცხვებში იზომება (GDP Per Hour Worked) და დაახლოებით შემდეგი სახე აქვს: ნორვეგია ‒ 86 აშშ დოლარი, აშშ ‒ 64, შვედეთი ‒ 54 და გერმანია ‒ 58.
საქართველოში, ერთი დასაქმებული ერთსაათიანი შრომის შედეგად ქმნის საშუალოდ 3 აშშ დოლარის ღირებულებას, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე ოცჯერ ნაკლებია და სწორედ ამ, ერთი შეხედვით, არაფრისმომცემ რიცხვებშია ყოვლისმომცველი პასუხი იმ ყველაფერზე, რაც არ მოგვწონს ‒ ვმუშაობთ ბევრს, ვიღებთ ცოტას.
ამ რეალობის შეცვლა ორი გზითაა მხოლოდ შესაძლებელი ‒ ჩვენ ან უნდა ვიმუშაოთ კიდევ უფრო მეტი (უფრო ხანგრძლივად), ან უნდა ვაწარმოოთ ის, რაც თანამედროვე სამყაროში უფრო მოთხოვნადი და, შესაბამისად, უფრო ძვირადღირებულია (გავზარდოთ შრომის პროდუქტიულობა).
ზემოთ ტექნიკური პროგრესი ვახსენე და წარმოების პროცესში ავტომატიზებული სისტემების დანერგვა არათუ გრძელვადიან, საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი აზრს უკარგავს ხანგრძლივ მუშაობაზე ორიენტირებას, რადგან ამ პროგრესის შედეგად შექმნილი სისტემები და რობოტები უკვე წარმატებით ანაცვლებენ სამუშაო ადგილებზე ადამიანებს და როგორც ვარაუდობენ, ორ ათეულამდე პროფესია მალე საერთოდ გაქრება.
ყველაზე რეალური გამოსავლის სახით გვრჩება ის, რასაც განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია აკეთებენ – განათლება და ახალი ტექნოლოგიები, რაც მოგვცემს საშუალებას, გავზარდოთ ჩვენი შრომის პროდუქტიულობა, გავხდეთ მეტად მეწარმეები და შევქმნათ ის, რაზეც მოთხოვნაა და რაც მეტ შემოსავალს მოგვიტანს.
არა მგონია, ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე შეთანხმება გაგვიჭირდეს, მიუხედავად იმისა, მარჯვნივ გვაქვს „გამაგრებული“ პოზიციები, თუ მარცხნივ, თუმცა ყოველთვის გვიჭირს შეთანხმება იმაზე, თუ რა უნდა ვქნათ, როდესაც რაიმე არ მოგვწონს.
შეუძლებელია გვქონდეს ევროპული შრომის კანონმდებლობა და სტანდარტები, როდესაც გვაქვს დაახლოებით ისეთივე მოცულობის მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც, მაგალითად, მალის, გაბონს და ავღანეთს; ასეთი კანონმდებლობა უბრალოდ არ იმუშავებს, ისევე როგორც არ იმუშავებს, მაგალითად, მინიმალური ხელფასის შემოღება, რადგან არაერთი კვლევით დასტურდება, რომ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მინიმალური ხელფასი, პირველ რიგში, აზარალებს მათ, ვის საკეთილდღეოდაცაა შემოღებული, ანუ ყველაზე დაბალკვალიფიციურ ან/და დამწყებ მუშახელს.
ქვემოთ მოყვანილი მარტივი მაგალითი ნათლად მიუთითებს, თუ როგორია კორელაცია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და შრომის სტანდარტებს შორის:
გაერთიანებულ სამეფოში კანონით ნებადართულია, რომ დასაქმებულმა, დამსაქმებელთან შეთანხმებით, იმუშაოს ზეგანაკვეთურად; რუმინეთში კი ზეგანაკვეთურად მუშაობა უბრალოდ აკრძალულია.
ევროკავშირის ქვეყნების მასშტაბით ჩატარებული კვლევით, გაერთიანებულ სამეფოში ზეგანაკვეთურად მუშაობს დასაქმებულთა 15%-მდე, რუმინეთში კი, აკრძალვის მიუხედავად, იგივე მაჩვენებელი 35%-ს შეადგენს.
გაერთიანებული სამეფოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 42000 აშშ დოლარია, რუმინეთის – 12 000 და ვერავინ დამარწმუნებს, რომ რუმინელები ზეგანაკვეთური შრომის ამკრძალავ კანონს ჭარბი შრომისმოყვარეობის გამო არღვევენ; აი ასე „მუშაობს“ ეს ყველაფერი.
სწორედ ამიტომ, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე, წინასწარი კვლევისა და შეფასების (RIA) გარეშე განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმა, დასაწყისშივე განწირულია წარუმატებლობისათვის, მიუხედავად იმისა, გვინდა ეს ჩვენ თუ არა.
ავტორი: ნიკოლოზ ნანუაშვილი