კონტექსტში მოქცეული ლიდერი

ლიდერი ის ადამიანია, რომელსაც აქვს უნარი, უხელმძღვანელოს ადამიანთა ჯგუფსა თუ ორგანიზაციას. ლიდერის პიროვნული თვისებებისა და მახასიათებლების კვლევა მნიშვნელოვანია ორგანიზაციული ფსიქოლოგიის შემსწავლელი მეცნიერებისთვის.

1940 წელს ოჰაიოს შტატში ჩატარებული კვლევის თანახმად დადგინდა, რომ ლიდერს ორი თვისება გამოარჩევს: სტრუქტურის თავისებური მოწყობა, რაც დასაქმებულთათვის ორგანიზაციაში ინდივიდუალურად მასზე მორგებული ფუნქცია – მოვალეობების მინიჭებას გულისხმობს, და ნდობა, რომელიც ლიდერსა და დასაქმებულს შორის არსებობს.

მოდერნული შეხედულებების თანახმად, ლიდერის მოვალეობაა შექმნას ორგანიზაციული გარემო და კონტექსტი, რომელშიც მოტივირებული ინდივიდები კარიერულ წინსვლას, პროფესიული გამოცდილების მიღებასა და წარმატების მიღწევას შეძლებენ. ეს კი სიტუაციურ ლიდერობას გულისხმობს, რაც კონტექსტის მიხედვით, მმართველობის ტიპის ცვლილებას ნიშნავს.

თუმცა, ლიდერის დანიშნულებისა და მოვალეობის სრულიად განსხვავებულ ხედვას აყალიბებს მეცნიერი ფრედ ფიდლერი, მეოცე საუკუნის გამორჩეული ორგანიზაციული ფსიქოლოგი. მის მიერ ჩამოყალიბებული თეორიის თანახმად, ლიდერის ეფექტურობა სიტუაციით არის განპირობებული და იგი კორელაციაში უნდა მოდიოდეს ორგანიზაციულ კონტექსტთან, ანუ მართვის სტილი ფიქსირებულია და მისი ცვლილება არ ხდება.

ამ თეორიის თანახმად, არ არსებობს მმართველობის ერთი დადგენილი წესი თუ სტრუქტურა, რომელიც ყოველთვის წარმატების მომტანი იქნება. გუნდისთვის საუკეთესო სამოქმედო გეგმის შედგენა ლიდერის მოვალეობას წარმოადგენს, რასაც არა ლიდერის მართვის სტილი, არამედ თავად სიტუაცია განაპირობებს.

ფიდლერი ორი ტიპის მმართველს გამოჰყოფს, რომელთაგან ერთის მთავარ მიზანს ურთიერთობებზე კონცენტრირება წარმოადგენს, მეორე ტიპის ლიდერი კი – საქმეზე ორიენტირებული ადამიანია.

საქმეზე ორიენტირებული ლიდერი ორგანიზაციული უნარებითა და დაკისრებული სამუშაოს შესრულების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ურთიერთობებზე კონცენტრირებული ლიდერისთვის კი მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში წარმოქმნილ კონფლიქტებთან გამკლავება და თანაგუნდელებთან ახლო კავშირის დამყარება.

ლიდერის ეფექტურობა დამოკიდებულია მართვის სტილსა და სიტუაციური კონტროლის დონეზე. ფიდლერს მიაჩნია, რომ ლიდერის ჩანაცვლება კონტექსტის მიხედვით უნდა მოხდეს. მისი თეორიის მიხედვით, არსებობს სამი სიტუაციური საზომი: ლიდერსა და ჯგუფის წევრებს შორის ურთიერთობა, რაც საკუთარ თავში ნდობას მოიაზრებს; დავალების სტრუქტურა ‒ ანუ როგორ ახდენს ლიდერი სამუშაოს განაწილებას და, საბოლოოდ, ძალაუფლება.

ფიდლერის მოსაზრების თანახმად, მაღალი სიტუაციური კონტროლის დროს საქმეზე ორიენტირებული ლიდერი წარმატებას სწრაფად აღწევს. საშუალო კონტროლის დროს საჭიროა ურთიერთობებსა და მოტივაციაზე კონცენტრირებული ლიდერის მმართველობა, ხოლო სუსტი სიტუაციური კონტროლის დროს, ეფექტურია ძალაუფლების გადაცემა საქმეზე ორიენტირებული ლიდერისთვის.

ფიდლერის თეორიის გათვალისწინებით, მსოფლიოში გამორჩეული ლიდერი ქალი, ოპრა უინფრი ურთიერთობებსა და მოტივაციაზე ორიენტირებულ ლიდერთა რიცხვს მიეკუთვნება. მისთვის მთავარ ღირებულებას გარშემომყოფები წარმოადგენენ. მას საკუთარ გუნდის წევრებთან და აუდიტორიასთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს, რასაც ოპრა უინფრის მიმართ გაჩენილი ნდობა და პატივისცემა განაპირობებს.

ამგვარი მიდგომა ჯორჯ გრაენისა (George B Graen) და მერი უჰლ-ბიენი (Mary Uhi-Bien) „ლიდერსა და თანაგუნდელს შორის გაცვლის თეორიას“ შეესაბამება, რომლის მიხედვითაც, ჯანსაღი ურიერთობის არსებობისათვის ლიდერსა და მის მიმდევრებს შორის
საჭიროა ორმხრივი ინვესტიციის განხორციელება.

ლიდერი ისეთ შიდა ჯგუფს ქმნის, რომელიც მისი ნდობითა და ყურადღებით სარგებლობს. არ არსებობს ჯგუფის წევრთა შერჩევის ფიქსირებული კრიტერიუმები, თუმცა ჯორჯ გრაენი და მერი უჰლ ‒ ბიენი ვარაუდობენ, რომ შიდა ჯგუფის წევრებს დემოგრაფიული, ატიტუდური ან პიროვნული მსგავსება აკავშირებთ ლიდერთან.

ოპრა უინფრი საკუთარი თავის გარშემო გამორჩეული უნარებისა და ორგანიზაციული ღირებულებების მქონე ადამიანების შემოკრებას ცდილობს, რაც ერთგვარად, განსაზღვრული მახასიათებლების მქონე ჯგუფის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ოპრა უინფრის საკუთარი ღირებულებების მიმართ დამოკიდებულება ავთენტურ ლიდერად აქცევს. ამ ტიპის მმართველებს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებმაც იციან, ვინ არიან და რა სურთ, აქვთ განსაზღვრული ღირებულებები და მიჰყვებიან მას.

თუმცა, ოპრას გამორჩეულ ლიდერად ქარიზმატული თვისებებიც აქცევს. როგორც გერმანელი სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და პოლიტიკური ეკონომისტი მარქს ვებერი ახასიათებს, ქარიზმატული ლიდერები სუპერადამიანები არიან, რომლებსაც ზებუნებრივი და ზეადამიანური თვისებები გააჩნიათ. სწორედ ეს ძალა აქცევთ მათ მმართველებად. ქარიზმატული ლიდერები გამოირჩევიან განსაკუთრებული ხედვით, მზად არიან რისკებისთვის, ხვდებიან გარშემომყოფთა საჭიროებებს და გამოირჩევიან საკუთარი ქცევით.

ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა გახდეს ლიდერი. ამისათვის საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა, ენთუზიაზმის გენერირება, გარშემომყოფთა ინსპირაცია და მოტივაცია.

 

ავტორი: ნინი თურქია

ფოტო:  Shutterstock.com