„დაწესებული ნორმების დარღვევა სამსახურსა და პირად ცხოვრებაში ნამდვილად ღირს“, ამბობს ჰარვარდის ბიზნესსკოლის პროფესორი, ფრანჩესკა ჯინო. პროფესორის მიერ ნიჭიერი და მეამბოხე ადამიანების შესახებ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ წესებისადმი დაუმორჩილებლობა და შეუპოვრობა ლიდერისათვის აუცილებელი თვისებებია.
მეამბოხე ადამიანებს თამამად შეუძლიათ გაიბრძოლონ მათთვის მიუღებელი და დამაზიანებელი ჩვეულებების წინააღმდეგ და, გონების დაუღალავი წვრთნის დახმარებით, მყისიერად დაამსხვრიონ დამკვიდრებული სტერეოტიპები.
წარმოგიდგენთ 5 სხვადასხვა ქცევას, რომელიც ამტკიცებს, რომ მეამბოხეობა და წესებისადმი დაუმორჩილებლობა ლიდერისთვის ნამდვილად სასარგებლო თვისებებია.
გამოავლინეთ ინდივიდუალიზმი
ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რა გხდით უნიკალურს. ჰკითხეთ საკუთარ თავს – რა გამომარჩევს მე დანარჩენებისგან? თქვენი განუმეორებელი და იშვიათი შესაძლებლობები სწორედ ის ბერკეტებია, რომელთა საშუალებითაც სხვებთან ურთიერთობისას წარმატების მიღწევა შეგიძლიათ.
სამსახურის ძიებისას საკუთარ უნიკალურობაზე ხაზგასმა საუკეთესო ხერხია დამსაქმებელზე შთაბეჭდილების მოსახდენად. გასაუბრების დროს სხვებისათვის მიბაძვა და „ნორმალურად“ მოქცევა არც ისე სასარგებლო სვლაა.
თუკი ზუსტად ისეთი გახდებით, როგორებიც სხვები არიან, რატომ უნდა შეაჩერონ არჩევანი მაინცდამაინც თქვენზე? საკუთარ თავს ნება დართეთ, იყოთ რეალური და გულწრფელი და საშუალებას ნუ მისცემთ დანარჩენებს, თავიანთ ჩარჩოებში მოგაქციონ.
იყავით ცნობისმოყვარე
ნუ დაელოდებით სხვებს, თავად გახდით ინიციატორი. თამამად დასვით შეკითხვები, რათა უკეთ გააგებინოთ გარშემომყოფებს, ვინ ხართ და რა შთაგაგონებთ. დიახ, შეკითხვების დასმა უხერხული გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად ნამდვილად კარგი საშუალებაა. დაე, საკუთარმა გონიერებამ და საერთო ინტერესებმა მიგიყვანოთ ახალ გამოწვევებთან და შესაძლებლობებთან.
თქვით „დიახ“ და არა – „არა“
სიტყვა „დიახ“ თქვენს შესაძლებლობებს მხოლოდ აფართოებს, ხოლო „არა“ კი – კეტავს მას. არ არსებობს არავითარი გარემოება, რომლის გამოც ვალდებული იქნებით, უარი თქვათ პირად სურვილებზე. მიანიჭეთ თავს უფლება, თქვათ „კი“, როცა ეს გულით გწადიათ.
ადამიანებს ხშირად ბევრად უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე ამას წარმოიდგენენ. გაბედეთ და დასთანხმდით ისეთ სამუშაოს, რომლისთვისაც, მიგაჩნიათ, რომ საკმარისად კომპეტენტური არ ხართ. იმუშავეთ საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად და მალევე დაინახავთ, რომ დამსაქმებელს „იმედი გაუცრუეთ“ და გაცილებით მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენეთ, ვიდრე თავად მოელოდა.
ნუ დასჯერდებით და მიეჯაჭვებით იმ ცოდნას, რომელიც მოიპოვეთ
ნუ გაიჭედებით საკუთარ წარსულში. ნუ მისცეთ საშუალებას უკვე ნასწავლს ხელი შეგიშალოთ მომავლისკენ სწრაფვაში. თუკი შეამჩნევთ, რომ რასაც ახლა ხედავთ, თქვენს ნასწავლს არ შეესაბამება, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, იქნებ, მიკერძოებული და სუბიექტური ხართ და განვითარებისათვის რაღაცების გადაფასება გჭირდებათ.
კომფორტის ზონის დატოვება ხშირად ხდება აუცილებელი. მხოლოდ იმის გამო, რომ რომელიმე იდეა თქვენთვის ახალია, არ ნიშნავს, რომ ის ნაკლებად ჭეშმარიტი ან სახიფათოა. „დაივიწყეთ ყველაფერი, მას შემდეგ, რაც ყველაფერს შეისწავლით“, – ამბობს პროფესორი ჯინო და ადამიანებს მუდმივად თვითგანახლებას ურჩევს.
კონცენტრირდით იმაზე, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ და დაივიწყეთ, რაც შეუძლებელია
შეზღუდულ გარემოებებს თქვენი საქმის გამარტივება შეუძლიათ. ზედმეტად ბევრს ნუ იფიქრებთ სცენარის განვითარების ყველაზე ცუდ ვარიანტებზე. უბრალოდ რაციონალურად გაიაზრეთ არსებული რეალობა და ობიექტურად შეაფასეთ ფაქტები.
პროფესორი ფრანჩესკა ჯინო ამბობს, რომ მეამბოხე ლიდერებს შესწევთ უნარი, თავსმოხვეული წნეხის პირობებშიც კი აღმოაჩინონ კუთვნილი თავისუფლება. ისინი სხვების მიერ დაწესებულ ლიმიტებს ჩახერგილ გზებად სულაც არ აღიქვამენ, ვინაიდან თავიანთი მიზნების განსახორციელებლად ახალი გზების აღმოჩენა ყოველთვის შეუძლიათ.
წყარო – Forbes