მასთან შეხვედრა გულწრფელი და სასიამოვნო ღიმილით იწყება, ასე იყო ყოველთვის, ასეა ახლაც, როცა წლების შემდეგ ისევ გადავიკვეთეთ. ანთებული თვალებიო რომ ამბობენ, როცა საქმეზე საუბარს იწყებს, ეს ისეთი თვალშისაცემი ხდება, არ გერიდება რომ აღნიშნო კიდეც. მერე ფიქრობ, ნეტავ რას აკეთებს იმისთვის რომ, მისი გუნდის წევრებიც ასეთი ენთუზიაზმით სავსენი იყვნენ. ჰოდა, გპასუხობს, რომ ბედნიერი თანამშრომელი ბედნიერ მომხმარებელს უდრისო. ნინო ჩიხლაძე გვეუბნება, რომ ეს ფორმულა მუშაობს ყველგან – ფარმაცევტულ სექტორშიც, ტელევიზიაშიც, სამშენებლო ინდუსტრიაშიც, მძიმე მრეწველობასა და ბანკშიც. ახლა მის კარიერაში ბანკის დროა, ბანკის, რომლის ამბიციაა გახდეს უნივერსალური საფინანსო ინსტიტუტი.
ნინო ჩიხლაძე, უკვე სამი წელია „ლიბერთის“ ადამიანური მართვისა და ადმინისტრაციის მიმართულების ხელმძღვანელია. სულ ფიქრობდა, რომ კარიერულ გზაზე ბანკი ასცდა, თუმცა როგორც გაირკვა, ასე არ ფიქრობდნენ ისინი, ვინც ნინოს შესაძლებლობებს უკვე იცნობდნენ. ამიტომაც, როცა „ლიბერთიში“ დიდი სიახლეების ეტაპი იწყებოდა, ნინო ჩიხლაძე ბანკისთვის სასურველი და აუცილებელი გახდა. როცა გაიგო, რომ წინ დიდი სიახლეები ელოდა, ბევრი არ უფიქრია და ახალი სექტორისკენ გაეშურა.
„ისე მოხდა, რომ კარიერულ გზაზე სულ ტრანსფორმაციაში ვარ ჩართული, ცვლილებები და სიახლეები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ახლაც ბანკში ძალიან დიდი ცვლილებების ეტაპი გვაქვს და მე ბედნიერი ვარ, რომ ამის ნაწილი ვარ“.
„ლიბერთი“ 5000-ზე მეტი თანამშრომლით ნინოს კარიერაში ყველაზე დიდი დამსაქმებელია. ეს მასშტაბები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როცა შენი საქმე ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვაა. დასაქმებულთა ეს რაოდენობა ბანკს ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსაქმებლადაც აქცევს, ეს კი ნინო ჩიხლაძეს უპირატესობადაც მიაჩნია. „ლიბერთი“ მოიცავს მთელ საქართველოს, ამიტომაც უდიდესი გამოწვევაა სწორი კომუნიკაცია ააწყო, როცა შენი ერთი თანამშრომელი ხულოშია, მეორე ‒ თბილისში, მესამე ‒ მესტიაში. ნინო ამბობს, რომ ეს მარტივი არა, მაგრამ ძალიან საინტერესოა, ამიტომაც არის იქ, სადაც არის!
„ლიბერთის“ ისტორია ბევრ ათწლეულს მოიცავს, ჩვენს გუნდში შეხვდებით სულ პირველი ორგანიზაციის თანამშრომელსაც და წლევანდელ კურსდამთავრებულებსაც. ვთვლი, რომ ეს სერიოზული განაცხადია, როცა შეგიძლია ასეთი დივერსიფიცირებული გუნდი გყავდეს“.
კიდევ რა გამოარჩევს „ლიბერთის“ სხვა დამსაქმებლებისგან? ნინო გვეუბნება, რომ ეს ღიაობაა, აქ არ ეშინიათ სიახლეების, ექსპერიმენტების, მოსწონთ არაორდინალური იდეების მქონე ადამიანები. ამას ემატება ეტაპი, რომელსაც ახლა „ლიბერთი“ გადის. ნინო ჩიხლაძე ამბობს, რომ ახლა უნიკალური დროა იმისთვის, რომ ბანკის თანამშრომლებმა საკუთარი შესაძლებლობები გამოამჟღავნონ, ამ გზაზე „ლიბერთი“ ხსნის ველს ყველასთვის, ვინც ძალიან მაღალ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
„ჩვენი დღევანდელი მთავარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე – ჩამოვყალიბდეთ უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად – გვჭირდება ძლიერი, მოტივირებული, ჯანსაღი გუნდი და კორპორაციული კულტურა. ჩემი ფორმულა, სადაც არ უნდა ვიყო ასეთია: ბედნიერი თანამშრომელი უდრის ბედნიერ მომხმარებელს. ეს ფორმულა მუშაობს ყველგან. საბოლოოდ კი, როცა ბედნიერ თანამშრომელს მოჰყავს მომხმარებელი, შედეგად კომპანიაც წარმატებულია“.
ნინო გვეუბნება, რომ „ლიბერთის“ მთავარი კაპიტალი თანამშრომლები არიან, მისი მთავარი პოსტულატი კი – მათ გარშემო ააწყოს სწორი ორგანიზაცია. ამოცანა, რომელიც გუნდის წინაშე დგას, არის თანმიმდევრული მიყოლა იმ გრძელვადიანი სტრატეგიისა, რომელიც გუნდმა დაისახა. მიზანი კი ადამიანების ტოპ არჩევანში ღირსეული ადგილის დაკავებაა – როგორც მომხმარებლის, ასევე დასაქმების ბაზარზე. ამისთვის კი, ჯანსაღი და მდგრადი კორპორაციული კულტურის შექმნაა საჭირო.
ჩვეულებრივი ამბავია, რომ დღეში მინიმუმ 14-18 საათს მუშაობს, მისი მონაყოლიდან ვხვდებით, რომ საქმისთვის არ ენანება არც ერთი წუთი, შედეგსაც ხედავს; ენთუზიაზმით სავსე თანამშრომლებზე უფრო დიდ დაფასებად არაფერი მიაჩნია. ბუნებით გერმანელი ვარო, გვეუბნება. ეს ნიშნავს, რომ სტრუქტურირებული მუშაობა უყვარს, ყოველთვის აქვს გეგმა, რომელსაც საფეხურებად ყოფს, მერე ამ საფეხურებს მიჰყვება ზევით!
ერთ-ერთი პირველი, რაც ბანკში მისვლისას გააკეთა, ეს სასწავლო ცენტრის სრული რეორგანიზაცია იყო, ფაქტობრივად ახალი მოდელი შეიქმნა. აქ „ლიბერთი“ ერთდროულად თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ე.წ. რბილი უნარების გამომუშავებაზე ზრუნავს. ნინოს მიაჩნია, რომ კარიერულ კიბეზე მხოლოდ პროფესიული ცოდნით წინ ვერ წახვალ. თანამშრომლებზე ზრუნვის ნაწილია ტალანტების მართვის სისტემის დანერგვაც, ყველაფერი ეს გუნდში ვარსკვლავების ინდენტიფიცრებას ემსახურება, ისევ მათთვის – რომ განვითარდნენ და ბანკმა მათი შენარჩუნება შეძლოს. ეს კი, როგორც ნინო გვეუბნება, რთულია ბაზარზე დიდი კონკურენციის გამო. ღიმილით ამბობს, რომ ზოგჯერ კონკურენციის მასშტაბები შეიძლება „სიკვდილ-სიცოცხლემდე“ მივიდეს, როცა საქმე IT სპეციალისტებს ეხებათ, აქ პანდემიამაც თავისი როლი ითამაშა. მაგრამ ნინოს მიაჩნია რომ „ლიბერთის“ სერიოზული IT გუნდი ჰყავს და მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი ყოფნა „ლიბერთიში“ არა მხოლოდ პროდუქტიული იყოს, არამედ საინტერესო და ხალისიანიც.
პანდემია ვახსენეთ და დავინტერესდით, რა შეცვალა ეპიდემიამ „ლიბერთიში?“
„თუ 2 ან 5 წლის წინანდელ ჩვენს ოფისებს წარმოვიდგენთ, ეს იყო სტატიკური ადგილი, სადაც იყო ბევრი ქაღალდი, სხვადასხვა ოფისის ინვენტარი და ჩვენ ამ ყველაფერში ვიხარშებოდით. პანდემიის პირობებში ფიზიკური ოფისი პრაქტიკულად აღარ არსებობს, თუ ეს არ არის წინა ხაზი და მომსახურების სფერო. როგორც მთელი მსოფლიოსთვის, „ლიბერთისთვისაც“ პანდემია დიდი გამოწვევა იყო, თუმცა ვამაყობ იმით, რომ მალევე გავიაზრეთ – ახალი რეალობა სწრაფად არ დასრულდებოდა და ამიტომ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც თანამშრომლებს დისტანციური მუშაობა შესთავაზა. დღეს, ეპიდემიის ტალღის პიკების გათვალისწინებით, სათავო ოფისის თანამშრომელთა 70-90% სახლიდან მუშაობს. მთელი სისტემა ისე გვაქვს აწყობილი, რომ მნიშვნელობა არ აქვს სად იქნები. გავზომეთ თანამშრომელთა პროდუქტიულობაც და არამც თუ ნაკლებად, პირიქით, ისინი ახლა უფრო პროდუქტიულები არიან. მენეჯმენტმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პანდემია როცა დასრულდება, ჩვენ ამ წესს არ შევცვლით და „ლიბერთის“ თანამშრომლებს ყოველთვის ექნებათ ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობა“.
„ლიბერთიზე“ ვრცელი საუბრის შემდეგ დავინტერესდი, როგორ დაახასიათებდა ნინო ერთი სიტყვით მას. თავისუფალი – პასუხისთვის ფიქრი არ დასჭირვებია. თავისუფლება ჩვენთან მთავარი ამბავიაო გვეუბნება, ამბობს რომ „ლიბერთი“თავისუფლების გარეშე არ არსებობს, არც იმას მალავს, რომ ატარებდე ამ სახელს ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
ბანკში ტელევიზიიდან მივიდა. 2016-2018 წლებში ნინო ტელეკომპანია „იმედის“ ადამიანური მართვისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ახალი სტუდიები, ახალი ფორმატი, ახალი ვიზუალი – ტელევიზიაშიც სიახლეების შესაძლებლობამ მოხიბლა. აქ ყოფნის პერიოდში მედიის მართვის ამერიკულ გამოცდილებასაც ეზიარა – Los Angeles Times, CNN, Facebook, Google,Yahoo, Youtube, ეს არასრული ჩამონათვალია იმ მედიაორგანიზაციებისა, რომელთა მენეჯერებმაც საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს; ნინო ამბობს, რომ იქ მიღებული ცოდნა დღეს ბანკშიც ადგება.
2011-2015 წელი – ნინოს ჩიხლაძის კარიერაში რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეტაპია, მძიმე მრეწველობაში ნინო 4 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული დირექტორი იყო. მეტალურგიული ქარხნით იწყება მისი პირველი შეხება „ჰანიველ პარტნერზის კომპანიათა ჯგუფთან“. როცა თანამშრომლობა შესთავაზეს, პირველი შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა, გარემომ, ხალხმა იმდენი შეძლეს, რომ ახლა ვერც იხსენებს ზუსტად როდის მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, იქვე, პირველ შეხვედრაზე! ამბობს, რომ ასე არ ხდება ყოველთვის, თუმცა ეს განსაკუთრებული შეხვედრა გამოდგა; ამიტომაც არის, რომ საკუთარ კარიერაში ამ კომპანიას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
„იყო წარმოების HR ეს სულ სხვა გამოცდილება და გამოწვევაა. ერთია – ორგანიზაციული HR მენეჯმენტი, სულ სხვაა საწამოო პროცესი, სადაც ჯართიდან მიიღება მილი, აქ ყველა ეტაპზე ადამიანები არიან ჩართული და შენ უნდა უზრუნველყო, რომ ეს ადამიანები ყველა ეტაპზე სწორად იყვნენ პროცესებში ჩართული, შენ უნდა უზრუნველყო მათი სწორად გადანაწილება, მათი ეფექტური მუშაობა“.
ნინოს ადმინისტრაციული დირექტორობის პერიოდში რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ამერიკის მილების ინსტიტუტის (API) სერტიფიკატი აიღო. სერტიფიცირების პროცესში აუდიტორები განსაკუთრებული ყურადღებით სწორედ HR პროცესებს ამოწმებდნენ. დიდი შრომის შედეგი იყო ის, რომ მეტალურგიული ქარხნის HR სამსახურს, ნინო ჩიხლაძის ხელმძღვანელობით, ამერიკული მხრიდან არც ერთი შენიშვნა მიუღია, ცხადია, ეს ეამაყება!
მეტალურგიული ქარხნის შემდეგ გადაწყვიტა, რომ უფრო მეტი დრო ოჯახისთვის დაეთმო, კიდევ ერთი შვილი და ერთწლიანი ტაიმ-აუტი კარიერაში. სწორედ პაუზის მიწურულს უკავშირდებიან “ჰანიველ პარტნერსიდან“ და ასე ჩნდება მის ბიოგრაფიაში მძიმე მრეწველობა, ტელევიზია და ბანკი.
პროფესია დამოუკიდებლად აირჩია, მერე რა რომ ოჯახი მას ფინანსისტად ხედავდა, თავად ფსიქოლოგია მოსწონდა და აკადემიური განათლებაც ამ მიმართულებით მიიღო. შრომით ბაზარზე გასვლასაც ფსიქოლოგიის მიმართულებით ცდილობდა, როცა შემთხვევით HR-ის შესახებ, როგორც თავად გვეუბნება, ძალიან საინტერესო სტატიას გადააწყდა, წაიკითხა და მიხვდა ეს იყო საქმე, რისი კეთებაც უნდოდა. ასე იწყება ბრძოლა, ეპოვა ადამიანური მართვის ბაზარზე საკუთარი ადგილი, იწყებს თვითგანათლებით, მარტივად ხვდება, რომ თუ უნდა იყოს წარმატებული HR, მაშინ აუცილებელია ესმოდეს ბიზნესიც. ამიტომაც მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯერთა გადამზადების ცენტრში აბარებს (SERMA), შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის და უკან საქართველოში დაბრუნებული ქართული და შვეიცარიული კაპიტალით დაფუძნებულ ავიაკომპანიაში HR ასისტენტად საქმდება. ნინო ამბობს, რომ ეს პირველი საფეხური იყო, ამიტომაც არც ქსეროქსის გადაღებაზე ამბობდა უარს, არც მძღოლის გამოძახებასა თუ საელჩოში საბუთების წაღებაზე, აორგანიზებდა შეხვედრებს; მოკლედ, ვისაც დახმარება სჭირდებოდა ყველა მას აკითხავდა, ენთუზიაზმით სავსე HR ასისტენტიც ყველას გვერდით ედგა. ახლა, როცა იმ წლებს აანალიზებს, ამბობს, რომ ტოპ მენეჯმენტის მადლიერია, ხალხის, რომელიც მათთან მუშაობის შესაძლებლობას აძლევდა. ეს უბრალოდ არ ხდება, როგორც ჩანს ნინოს ენთუზიაზმი დაინახეს და საქმესთანაც მიუშვეს.
მანამდე იყო „ბაგები სითი ჯგუფი“ და, უფრო კონკრეტულად, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ლოგისტიკური ცენტრი „ლილო 1“. ნინო ამ კომპანიაში იყო დასაწყისიდან, მშენებლობა, ტერმინალის გაშვება – ჯამში 4 წელი.
უკვე გიყვებოდით, რომ ნინო ჩიხლაძე ტელევიზიის HR დეპარტამენტსაც ხელმძღვანელობდა, თუმცა, ვიდრე მის ცხოვრებაში „იმედი“ იქნებოდა, იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, 2008-2009 წლებში ანუ მაშინ, როცა არხზე რებრენდინგი დაიგეგმა.
ჰანიველის ჯგუფში მისვლამდე იყო წლები, როცა ერთდროულად სამ ქვეყანაში კომპანიების HR მიმართულებას ხელმძღვანელობდა შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Novartis-ში. მიაჩნია, რომ ამ კომპანიამ დიდი შესაძლებლობები გაუხსნა, მათ შორის იმიტომაც, რომ აქ HR-ის განვითარებაზე დიდ რესურსებს ხარჯავდნენ.
„ვთვლი, რომ თუ დღეს რამე ვიცი, რაღაცას ვაკეთებ, ამაში მათი დიდი წვლილია“.
ასე დაიწყო ნინოს მუდმივი მოგზაურობა საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, აქ დრო არასოდეს ჩერდებოდა, საქმე ერთდროულად საინტერესო და რთულიც იყო. ურთიერთობის დასრულება საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებებმა გამოიწვია, რის შედეგადაც Novartis საქართველოს ბაზრიდან გავიდა და ნინოს თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით ქვეყნიდან წასვლა შესთავაზეს. ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა ჰანიველის ჯგუფიდან დაუკავშირდნენ და ასე დარჩა ქვეყანაში.
„ამ გადაწყვეტილების შესახებ არასოდეს მინანია“.
ამ მრავალფეროვანი გამოცდილების ფონზე, ვინტერესდები რას ეფუძნება ნინოს მართვის სტილი.
„აქ ორი რამ არის, ერთი ეს არის სრული დემოკრატია და მიმღებლობა. მე უნდა მქონდეს ჩემი თანამშრომლებისგან უკუკავშირის მიმართ მიმღებლობა. სხვანაირად ვერც მე განვვითარდები და ვერც ჩემი თანამშრომლები. ამასთან ვცდილობ, ისეთი გუნდი შევკრიბო ჩემ გარშემო, რომელსაც ასევე ექნება მიმღებლობა ჩემგან უკუკავშირის. ეს არ არის არც კრიტიკა და არც ჭკუის სწავლება, ეს არის უბრალოდ უკუკავშირი. მუდმივად ვცდილობ, რომ მქონდეს დემოკრატიული სტრუქტურა და არა დაქვემდებარებულის და უფროსის იერარქიული მმართველობის სტილი, ვცდილობ, რომ გადაწყვეტილებები გუნდურ პრინციპებზე დაყრდნობით მივიღო. მესამე და მთავარი – ეს არის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. მე საკმაოდ მძიმე გზა გავიარე, ამიტომაც ვცდილობ ჩემი გუნდის წევრებს ვასწავლო ყველაფერი ის, რისი სწავლაც მე მძიმე გზით მომიწია. საკუთარი თავისთვის მიცემულ ამ პირობას ვასრულებ და გამოცდილებას კოლეგებს მუდმივად ვუზიარებ“.
წარმატება შრომას მოაქვსო გვეუბნება, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო, როცა იწყებდა რთულ 2000-იან წლებში და მაშინ, როცა მწვავედ იდგა გენდერული საკითხი. ნინო ჩიხლაძეს მიაჩნია, რომ ჩვენ, ქალები უფრო შრომისუნარიანები ვართ, ბევრად მიზანდასახულები და უფრო სტრუქტურირებულებიც; ნინო ამბობს, რომ ამას გენოკოდიც განსაზღვრავს.
„ნებისმიერ ქალს თუ გოგოს ვურჩევ, რომ პირველ რიგში, ბევრი იშრომოს, არა მხოლოდ იშრომოს სამსახურში, არამედ იმუშაოს საკუთარ თავზე და ამ პროცესში არასოდეს მოდუნდეს. ყოველთვის უნდა იყო 1,2 და 5 ნაბიჯით წინ, ვიდრე ყველა დანარჩენი, თუ გინდა რომ დროულად დაგინახონ, შეგამჩნიონ, დაგაფასონ“.
ქალების ხელშეწყობა „ლიბერთის“ პრიორიტეტებს შორისაც არის, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ბანკი მეწარმე ქალებს ეხმარება. ორგანიზაციაში დასაქმებულთა 72% ქალებზე მოდის, „ლიბერთის“ სათავო ოფისში დეპარტამენტების ხელმძღვანელები უმეტესად ქალები არიან. ხუმრობით ამბობს, ნელ-ნელა კაცებიც ხედავენ და აღიარებენ, რომ ქალები სერიოზულ საქმეს აკეთებენ, თანაც უფრო სწრაფად და უფრო ხარისხიანად.
„კაცები ხედავენ, რომ ქალების გარეშე უბრალოდ ვეღარ შეძლებენ წინსვლას. ზოგადად, გენდერული პოლარიზაციის წინააღმდეგი ვარ, რადგან ორგანიზაციაში როგორც კაცებს ძალიან სჭირდებათ ქალები, ასეა პირიქითაც. ბალანსი ყველგან საჭიროა! ჩვენი წარმატება კი სრულად ჩვენს ხელშია, ამის საუკეთესო გზა საკუთარ თავზე მუშაობაა, რაც შენ თავად გხდის საინტერესოს!“.