ლატვიაში რუსული პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულეს და დაბლოკეს რუსული სატელევიზიო არხების გაერთიანება Russia Today (RT). RT-ის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ფარგლებში, რუსული სატელევიზიო არხები მაუწყებლობას ბალტიისპირეთის ვერცერთ ქვეყანაში ვეღარ შეძლებენ.
ჯამში, საუბარია 7 არხზე, რომელთა შორისაც RT-ის მთავარი ინგლისურენოვანი მაუწყებლობაც მოხვდა. ამას ემატება ესპანურ და არაბულ ენებზე მოქმედი არხები, RT Documentary channel და არხების HD ვერსიები.
ლატვიის სპეცსამსახურების აზრით, აღნიშნული არხები ევროპაში რუსეთის პროპაგანდის ყველაზე გავლენიან პლატფორმას წარმოადგენენ. მათი განცხადებით, RT კრემლის საინფორმაციო პოლიტიკისა და პროპაგანდის სამსახურში 2005 წელს, მისი შექმნის დღიდან იმყოფება.
ლატვიაში ეს რუსული პროპაგანდისტული არხების დახურვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ამ დრომდე, ქვეყანაში მაუწყებლობა ეკრძალება 10 რუსულ არხს, რომელთაგანაც ერთ-ერთს, Rossiya RTR-ს, უკრაინის წინააღმდეგ სიძულვილის ენის გავრცელებაში დასდეს ბრალი. კერძოდ, ტელეკომპანია უკრაინელი მოქალაქეების მოკვლაზე ღია მოწოდებებს აკეთებდა.