პირველი ექოკარდიოგრაფიული კვლევა რეალურ დროში შეფასებით, პირველი კომპიუტერული ტომოგრაფია, პირველი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ‒ ქეთევან ლაშხი იმ რამდენიმე იღბლიან ექიმს შორის არის, რომლებიც რადიოლოგიაში ნამდვილად პირველები არიან. 26 წელი თოდუას კლინიკის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელად, ეს ხომ სერიოზული პროფესიული განაცხადია?! რომლის უკანაც დიდი შრომა, პროფესიონალიზმი და რთული ყოველდღიურობა დგას. ქეთევან ლაშხის ამბის მოყოლას სულ თავიდან ვიწყებთ.
ექიმობა ბავშვობაში გადაწყვიტა. არჩევანზე გავლენა ოჯახურმა გარემომ იქონია, ქეთევან ლაშხი ექიმების გარემოცვაში იზრდებოდა, ამიტომაც როგორც, თავად გვეუბნება, სხვა პროფესიაზე არასოდეს უფიქრია, მოსწონდა ის, რასაც მისი ოჯახის წევრები აკეთებდნენ და უნდოდა, რომ მათი გზა გაეგრძელებინა. სურვილი რეალობად აქცია, თანაც საკმაოდ წარმატებულად. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის კარდიოლოგიის ინსტიტუტში რადიოლოგიის მიმართულებით გააგრძელა, 1991-1997 წლებში კი სწავლის შემდგომ განათლებას ავსტრიაში, ქალაქ გრაცის საუნივერსიტეტო კლინიკაში კომპიუტერული და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის მიმართულებით მიიღო.
„პროფესიული არჩევანით კმაყოფილი ვარ. რადიოლოგია ის სფეროა, რომელიც მუდმივად ვითარდება, ეს კი საშუალებას მაძლევს ერთ ადგილას არ გავჩერდე. ხასიათიც ასეთი მაქვს, ერთი და იმავე საქმის კეთება დიდხანს არ შემიძლია“.
ქეთევან ლაშხის პირველი სამსახური ამიერკავკასიის რკინიგზის მეორე საავადმყოფო იყო, სადაც 1983-1990 წლებში ორდინატორად მუშაობდა. 1997 წელს კი აკადემიკოსმა ფრიდონ თოდუამ მას მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილება ჩააბარა, ქეთევან ლაშხი დღემდე ამ განყოფილების ხელმძღვანელია.
„პროფესიულად ძალიან გამიმართლა. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ კარდიოლოგია ავირჩიე და ექოკარდიოგრაფიის შესწავლა დავიწყე, შემდეგ მუშაობა ამავე მიმართულებით გავაგრძელე. ეს ის დროა, როცა ქვეყანაში ექოკარდიოგრაფიული კვლევის რეალურ დროში შეფასების სულ ორი აპარატი არსებობდა. მალევე საქართველოში კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი შემოვიდა და ჩემს კოლეგებთან ერთად ერთ-ერთი პირველი ვიყავი.. ასე მოხდა მაშინაც, როცა ქვეყანაში პირველი თანამედროვე, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი გაჩნდა. ამიტომაც ვამბობ, რომ პროფესიულად გამიმართლა“.
როგორც თოდუას კლინიკის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი, ექიმის პროფესიის მიღმა ქეთევან ლაშხი მენეჯერიც არის. მისთვის მთავარი და აუცილებელია, თანამშრომლებს ჰქონდეთ განცდა, რომ ერთი გუნდის წევრები არიან, რომ საერთო საქმეს ემსახურებიან. ქეთევან ლაშხი თვლის, რომ პაციენტის მიმართ ექიმს განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გააჩნდეს. საქმისადმი ზედაპირული დამოკიდებულება ‒ განსაკუთრებით მედიცინაში მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ქალბატონი ქეთევანი გვიხსნის, რომ ყველა პაციენტის დიაგნოზი ინდივიდუალურია, რაც ექიმისაგან მოითხოვს მუდმივ თვითგანვითარებას, სამეცნიერო და თანამედროვე ლიტერატურის გაცნობას. ყოველივე ის, რაზეც ვსაუბრობდით აუცილებელია შედეგზე ორიენტირებული წარმატებული გუნდის შესაქმნელად.
როცა ქეთევან ლაშხი თვითგანვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე საუბრობს, ეს მხოლოდ სხვებისთვის რჩევა არ არის. ასე იყო თავადაც, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა პროფესიული განვითარებისთვის საჭირო პროფესიული ინფორმაციის მოპოვება მარტივი სულაც არ იყო. ჩვენთან ინტერვიუში იხსენებს, რომ წლების წინ ამ გზაზე მისი მხარდამჭერი აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა გახლდათ, ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება სწორედ მუდმივ განვითარებაზე ჰქონდა აგებული. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ქალბატონი ქეთევანი არაერთ საერთაშორისო კონგრესსა და სიმპოზიუმში მონაწილეობდა, ისეთებში, რომლებიც იმართებოდა ჩიკაგოში, ვენაში, ფლორენციაში და კიდევ არაერთ სხვა ქალაქში. ამ ყველაფრის პარალელურად, ქეთევან ლაშხი სახელმწიფო და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ. მუხაძის პრემიის ლაურეატია.
„ახლაც მუდმივად ვცდილობ იმავეს. ვთანამშრომლობთ ევროპის ექიმთა ასოციაციასთან და უცხოელ კოლეგებთან, რაც კარგი შესაძლებლობაა პროფესიული განვითარებისთვის და თანამედროვე დონის შესანარჩუნებლად. ამ მხრივ საქმეს თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობაც ამარტივებს. წლების წინ პროფესიული ლიტერატურა უცხოეთიდან ჩამოგვქონდა, რომელიც გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ახლა ინტერნეტში ნებისმიერი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, მთავარია თვითგანვითარების სურვილი“.
ხანგრძლივი და დამღლელი სამუშაო დღის მიუხედავად, ქეთევან ლაშხი ცდილობს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობას გაუზიაროს, საჭიროების შემთხვევაში მუშაობს რეზიდენტებთან და ცდილობს მათ აღზრდას ვიწრო სპეციალობის მიმართულებით. წლებთან ერთად იზრდება იმ ექიმების რაოდენობა, რომლებმაც მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია სწორედ თოდუას კლინიკის ბაზაზე შეისწავლა და ახლა საკმაოდ ცნობილი რადიოლოგები არიან.
„ერთ კლინიკაში 26 წელი ‒ ციფრები არაფერია მაშინ, როცა ხედავ, რომ სამედიცინო დაწესებულება პროგრესზეა ორიენტირებული და მუდმივად ვითარდება, როცა იცი, რომ წინ კიდევ უფრო საინტერესო პერსპექტივებია. თოდუას კლინიკაში მუდმივად ცდილობენ სამედიცინო პერსონალს კარგი სამუშაო პირობები ჰქონდეს, განაახლონ საჭირო აპარატურა, რათა არ ჩამორჩნენ განვითარებას და პაციენტებს თანამედროვე სერვისები შევთავაზოთ. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს განყოფილებაში მეექვსე, სრულიად ახალი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი დავდგით. მხოლოდ გერმანიაში, ფრაიბურგის ერთ-ერთ კლინიკაში დგას 6 ტომოგრაფი, ევროპაში სხვაგან არსად არ აქვთ ამ რაოდენობის აპარატურა, ეს თოდუას კლინიკის უპირატესობას კარგად აჩვენებს. ჩვენს ყველა აპარატს აქვს თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობა იმისთვის, რომ მომავალში თუ რაიმე ახალი პროგრამა შემუშავდება, ამ აპარატებით ყველა კვლევის ჩატარებას შევძლებთ“.
ექიმის პროფესიაში მთავარი პაციენტის ნდობის მოპოვებაა, ეს ნდობა კი წარმატების პირდაპირპროპორციულია. ქეთევან ლაშხი გვეუბნება, რომ ექიმი ყოველთვის უნდა იყოს ემპათიური და საკუთარი პროფესიონალიზმით შეძლოს პაციენტის მდგომარეობის შემსუბუქება. როცა წარმატების საწინდარზე ვსაუბრობთ ქეთევან ლაშხს მიაჩნია, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, აუცილებელი და მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარებაც.
თუმცა, ქეთევანის აზრით, არც მხოლოდ ექიმთა პროფესიონალიზმი და არც მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარებაა საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი შემცირდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა, პროფილაქტიკური გამოკვლევები. მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ქალბატონ ქეთევანს აჩვენებს, რომ ტენდენცია იმედის მომცემია. ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემის დანერგვამ და მეტად განვითარებამ, პაციენტებს საშუალება მისცა იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ჩაიტარონ პროფილაქტიკური კვლევები.
„ჩვენი განყოფილება დღეში დაახლოებით 100 პაციენტს იღებს, ისინი ძირითადად ონკოპაციენტები არიან. თითოეულს საკუთარი პრობლემა აქვს, რასაც ერთვის მძიმე ემოციური ფონი, რთული სოციალური და ოჯახური მდგომარეობა, ბევრი მათგანი ამ ყველაფერს გიზიარებს და მათი განცდების თანამონაწილე ხდები, ეს ჩვენი, ექიმების პროფესიული ტვირთია, რომლის ღირსეულად ტარებაც დიდი პატივია“.