სამედიცინო ჟურნალმა – The Lancet ახლახან გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნაჩვენებია 2100 წლისათვის მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებისა და სავარაუდო სცენართა განვითარების პროგნოზი.
კვლევის თანახმად, 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის: იტალიაში, იაპონიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, სამხრეთ კორეაში, ესპანეთსა და ტაილანდში, 2100 წლისთვის, მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება და სავარაუდოდ, განახევრდება.
ჩინეთის მოსახლეობა 80 წელიწადში 1.4 მილიარდიდან 730 მილიონამდე შემცირდება, ნათქვამია მკვლევართა საერთაშორისო გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშში.
საუკუნის დასასრულისთვის, 195-დან 183 ქვეყნის მოსახლეობა, რომლებიც იმიგრანტების შემოდინებას აფერხებენ, მნიშვნელოვნად დაიკლებს. ამასობაში კი, კვლევის მიხედვით, სუბსაჰარული აფრიკის მოსახლეობის რაოდენობა სამ მილიარდს მიაღწევს და მხოლოდ ნიგერიის მოსახლეობა 2100 წლისათვის 800 მილიონამდე გაიზრდება.
კვლევის დასკვნის თანახმად, მაღალშემოსავლიანი ქვეყნებისათვის საუკეთესო გადაჭრის გზა მოსახლეობის დონისა და ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად, იქნება მოქნილი საიმიგრაციო პოლიტიკა და იმ ოჯახების წახალისება, რომელთაც ბავშვები სურთ.
კვლევისვე მიხედვით, შემცირებული შობადობიდან და გახანგრძლივებული სიცოცხლის მაჩვენებლიდან გამომდინარე, 2100 წლისთვის 5 წელზე დაბლა მყოფი ბავშვების რაოდენობა 40%-ით, 681 მილიონიდან (2017 წლის მონაცემები) 401 მილიონამდე შემცირდება. მეორე მხრივ კი, 80 წელს გადაცილებულ ადამიანთა რიცხვი 140 მილიონიდან 866 მილიონამდე გაიზრდება.