ნულიდან მილიონებამდე: კაილი ჯენერი

კარდაშიანები და ჯენერები  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს მონაწილეები, ბიზნესვუმენები, მეწარმეები და მილიონების მფლობელი ქალები არიან. მათი ოჯახის წევრი თითოეული ქალი მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს მოდის, თავის მოვლისა თუ დიზაინის სფეროში. მათ შორის, არც ოჯახის ასაკით ყველაზე პატარა წარმომადგენელი, კაილი ჯენერია გამონაკლისი. მის შესაძლებლობებსა და მიღწევებს უკვე რამდენიმე წელია განუწყვეტლივ დიდი ინტერესით განვიხილავთ.

Photo Credits Forbes

კაილი ჯენერი Forbes-ის უმდიდრესი ამერიკელი Self-Made ქალების სიის ყველაზე ახალგაზრდა წევრია. მიუხედავად ასაკის სიმცირისა, Kylie Cosmetics-ის დამფუძნებელი ამ სიაში 700 მილიონი აშშ დოლარით 29-ე ადგილს იკავებს. გარდა ამისა, ჯენერი 30 Under 30 – Retail & Ecommerce 2017-ის, Billionaires 2020-ისა და Celebrity 100 2020-ის წევრიცაა.

კაილი ჯენერი 23 წლის ახალგაზრდა ქალია. იგი ლოს-ანჯელესში დაიბადა და მშობლების მეორე საერთო შვილია. კაილი სკოლის პერიოდში მხარდამჭერთა გუნდის წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო დადგმებში. ამასთანავე, მონაწილეობა მიუღია არაერთ მუსიკალურ კლიპშიც. მან 2012 წელს სკოლა დატოვა და სახლიდან სწავლის პროგრამაზე გადავიდა. ასე დაამთავრა სკოლა, უმაღლესი განათლება კი ჯერ არ მიუღია.

კაილი ჯენერი ფართო მასებისათვის სატელევიზიო რეალითი სერიალის – Keeping Up With The Kardashians – მეშვეობით გახდა ცნობილი. სერიალში ასახულია კარდაშიანებისა და ჯენერების პირადი და პროფესიული ცხოვრება. სერიალის გადაღება 2007 წელს დაიწყო და იგი ყველაზე ხანგრძლივი ამერიკული რეალითი შოუა. KUWTK ოჯახის ყველა წევრისათვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, მათი საერთო ქონება 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

16 წლის კაილი ჯენერი Time-ის ყველაზე გავლენიანი თინეიჯერების სიის წევრიც კი გახდა. „მინდა ინსპირაცია ვიყო ახალგაზრდა გოგოებისთვის”, – ამბობს კარიერის დასაწყისში მყოფი კაილი გამოცემასთან ინტერვიუში. კაილი ჯენერი  კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ქალებს მართონ ბიზნესი და ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდებმა საკუთარი საქმე გლობალურ პროდუქტად აქციონ, გაუძღვნენ სწრაფად მზარდ ბიზნესს და თან დანარჩენ ქალებზეც იფიქრონ. „მე ზუსტად ვიცი, რისი გაკეთება მსურს და ვხდები ბიზნესვუმენი, რადგან მე ეს მინდა. ჩემი ტუჩსაცხების ნაკრები მალე გამოვა და მინდა, კოსმეტიკის წარმატებული ბიზნესი მქონდეს” – დასძენს ქალი ამავე ინტერვიუში.

Photo Credits Kylie Cosmetics

კაილი უკვე წარმატებული ბიზნესის მფლობელია და ბევრის ინსპირაციის წყაროც გამხდარა. ამჟამად ახალგაზრდა მეწარმის სახელი Kylie Cosmetics-ს, მისსავე შექმნილ დეკორატიული კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ხაზს უკავშირდება. Kylie Cosmetics 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 41.1%-ს კაილი ჯენერი ფლობს. თავდაპირველად ბრენდის მთავარი პროდუქტი ტუჩსაცხი უნდა ყოფილიყო და დღემდე, მიუხედავად არაერთი წარმატებული პროექტისა, ტუჩსაცხები მაინც მთავარი მიმართულებაა. კოსმეტიკის ხაზმა დებიუტისთანავე დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც გაყიდული პროდუქტების რაოდენობაზეც აისახა – Kylie Cosmetics-ის ტუჩსაცხის გაყიდვების დაწყებიდან ერთ წუთში პირველი 15,000 ტუჩსაცხი გაიყიდა. Forbes-ის მიხედვით, კომპანიას პირველ 18 თვეში 400 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, ამჟამად კი ეს მაჩვენებელი 1.2 მილიარდ დოლარს აღემატება.

კაილი ჯენერი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად დასახელდა. მაგრამ, მართლაც არის თუ არა კაილი ჯენერი მილიარდერი? ეს საკითხი კვლავ აქტიურად განიხილება. მას შემდეგ, რაც Kylie Cosmetics-მა გაყიდვები დაიწყო, მალევე გაჩნდა ეჭვი, რომ მისი კომპანია ასეთი მასშტაბებისაც არაა და დოკუმენტებში შეცდომა ან სიყალბეა. Forbes-ის თანახმად, კაილი ჯენერი მილიარდერი აღარაა. გამოცემა ჯენერის კომპანიას ქონების გასაზრდელად დოკუმენტების გაყალბებაში სდებდა ბრალს, კაილი ჯენერს კი მილიარდერის სტატუსი გასულ წელს ჩამოართვეს. ახლაც, Self-Made ქალების სიაში, მას უფროსი ნახევარდა კიმ კარდაშიანი 780 მილიონი დოლარის ქონებით უსწრებს. კაილის ამჟამინდელი ქონება 700 მილიონი დოლარია.

Photo Credits Forbes

მიუხედავად ცნობილი, გავლენიანი და მაღალშემოსავლიანი ოჯახის დახმარებისა, კაილი ჯენერი მაინც რჩება ახალგაზრდად, რომელმაც საკუთარი ბიზნესი თავადვე შექმნა და წარმატებით მართავს კიდეც. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ალბათ უკვე პოპულარული ახალგაზრდისათვის, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია, შესაძლოა, უფრო მარტივი ყოფილიყო საქმის წამოწყება და შემდგომ მისი გაფართოება.