როგორ დავამყაროთ ჯანსაღი კომუნიკაცია? რა არის ფიზიკური თუ პროფესიული კეთილდღეობა? რა არის მედიტაცია და რატომ გვეხმარება ის სიმშვიდის მოპოვებაში? რაში გვეხმარება მადლიერების გამოხატვა?
ამ და სხვა კითხვებზე პასუხობს Bloomin.ge
ელენე კვერნაძე პროფესიით ჰოლისტური ფსიქოთერაპევტია. თხრობას ასე იწყებს: „ბავშვობიდან მინდოდა ჩემი პროფესია დამეკავშირებინა ადამიანებთან, დავხმარებოდი მათ და საზოგადოების გაუმჯობესებაში თუნდაც სულ მცირე წვლილი შემეტანა, სწორედ ამიტომ პირველადი განათლება პოლიტოლოგიისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით მივიღე. ამ პერიოდში ძალიან სულსწრაფი და იდეალისტი ვიყავი და პირდაპირ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მინდოდა კონტრიბუციის გაკეთება!“
მსოფლიო კონტრიბუციის ნაწილი იყო გაეროში, საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში მუშაობაზე ოცნებაც. მოხვდა კიდეც, სტაჟირება გაიარა. შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და 6 წლის განმავლობაში არაერთი კუთხით გამოსცადა საკუთარი თავი არასამთავრობო და საჯარო სფეროებში.
მოგვიანებით ისევ ამერიკაში წავიდა. კოლორადოს შტატის უნივერსიტეტში მაგისტრატურა დაამთავრა მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით. კლინიკური სოციალური მიმართულება, შემდეგ კი ჰოლისტური მიდგომა აირჩია. როგორც თვითონ განმარტავს, „მენტალური ჯანმრთელობის სხვა პროფესიებისაგან განსხვავებით, ეს ერთდროულად მოიცავდა მიკრო და მაკრო დონეზე პრობლემის აღქმას, შესწავლასა და გადაჭრას“. ამბობს, რომ სწორედ ამ პროფესიაში შეძლო საკუთარი მსოფლმხედველობისა და მიზნის გაერთიანება: ერთსა და იმავე საკითხზე შეუძლია ერთდროულად იმუშაოს როგორც ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებთან, ასევე მასშტაბურად, საზოგადოებრივ დონეზე.
პრაქტიკა ორ საუკეთესო ჰოლისტურ (ინტეგრირებულ) ცენტრში გაიარა. შემდეგ კი ჰოლისტური ჯანმრთელობის საკუთარი ბრენდი – Bloomin შექმნა.
ამბობს, რომ ახლა ეტაპობრივად ბრუნდება საქართველოში და კარიერის გამოძერწვის პროცესშია. სჯერა, რომ უნიკალურ დროში ვცხოვრობთ, „როცა შეგვიძლია თავად შევქმნათ ჩვენი საოცნებო საქმიანობა და თან ამის გაკეთება არასდროსაა გვიან“.
საკუთარ თავს კი ახლაც და მომავალშიც მის მიერვე შექმნილ Bloomin-ში ხედავს.
როგორ გაჩნდა Bloomin-ის შექმნის იდეა?
2020 წლის თებერვალში გადავწყვიტე Facebook-ზე დახურული ჯგუფი გამეკეთებინა ჰოლისტური მენტალური ჯანმრთელობის შესახებ. იმ დროს ჯერ კიდევ ვსწავლობდი და პრაქტიკას გავდიოდი კოლორადოში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ამ მიმართულებით ვგეგმავდი მუშაობას როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე. ამ ჯგუფის მეშვეობით ჩემი ცოდნისა და გამოცდილების შემოწმება და გაზიარება მინდოდა. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე ვიცი საკუთარი თავისა და ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულების, ჩვევების, ცხოვრების წესის შეცვლის გასაოცარი ძალა… ამავდროულად, მინდოდა გამეგო, რამდენად იყო ინტერესი და მზაობა, რომ ამ მიმართულებით ბიზნესი დამეწყო.
ისე დაემთხვა, რომ ჯგუფის შექმნიდან უმოკლეს დროში პანდემიის გამო ყველაფერი ჩაიკეტა, რაც ბევრი ჩვენგანისთვის სტრესული, მაგრამ, ამავდროულად, სერიოზული გადაფასების პერიოდი აღმოჩნდა. საგრძნობლად გაიზარდა როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები და ამ საკითხების მიმართ საზოგადოების ინტერესი. თითქოს ზუსტად იმ დროს დაიწყო ჩემი კარიერის მომწიფება, როდესაც ამ სფერომ საქართველოშიც ფეხი მოიკიდა.
ჯგუფის წევრების მხრიდან დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ არ ღირდა საქართველოში საბოლოოდ დაბრუნებამდე დაცდა, რომ ამ სფეროში დამეწყო მუშაობა. იყო ბიზნესის ფორმალურად დაფუძნების რამდენიმე მცდელობა – ზოგი წარმატებული, ზოგი – წარუმატებელი, მაგრამ მიზანი და ოცნება არ შეცვლილა და, საბოლოოდ, მივიღეთ Bloomin. ეს არის ჰოლისტური ჯანმრთელობის ბრენდი, რომელიც ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის საჭირო ინფორმაციას, სერვისებსა და პროდუქტებს აწვდის მომხმარებლებს – მათ, ვისაც სურს იცხოვროს სავსე, დაბალანსებული ცხოვრებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ადამიანების თანამგზავრი თვითშემეცნებისა და გამთლიანების გზაზე.
რას ნიშნავს ჰოლისტური ჯანმრთელობა?
ჰოლისტური – სიტყვა Whole-ის ანუ მთლიანის შესატყვისია. ის უმთავრესად მოიცავს იმ მოსაზრებას, რომ ადამიანი კომპლექსური არსებაა და როგორც ჩვენში შიგნით, ასევე ჩვენს გარემოში ყველაფერს აქვს გავლენა ერთმანეთზე და, შესაბამისად, ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზეც.
აქედან გამომდინარე, უნდა ხდებოდეს ადამიანისა და მისი მთლიანი ეკოსისტემის შეფასება. ამ შეფასების შედეგად ხდება ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, რომელიც არა მხოლოდ არსებული პრობლემის სიმპტომების შემცირებას, არამედ პრობლემის ძირიანად აღმოფხვრას მოიაზრებს.
ჰოლისტურ შეფასებაში შედის ყველაფერი: ფიზიკური მდგომარეობა, გენეტიკა, დაავადებები, ჰორმონები, კვება, ძილი, ფიზიკური აქტიურობა, ურთიერთობები, გარემო, კარიერა, ადამიანის სულიერი მდგომარეობა, გამოცდილებები, აღზრდა, კულტურა და ა.შ. ყველაფერს აქვს გავლენა როგორც ერთმანეთზე, ასევე ჩვენს ჯანმრთელობაზე.
იოგას რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?
პირველად იოგასთან შეხება ღრმა ბავშვობაში მქონდა, როდესაც ვუყურებდი დედაჩემს როგორ ვარჯიშობდა იოგას. მე თავად 2012 წელს დავიწყე პრაქტიკა. დროთა განმავლობაში, მისი უფრო სიღრმისეულად შესწავლით, დავინახე ამ პრაქტიკის დადებითი გავლენა ჩემს სხეულსა და გონებაზე… იოგა თავისი არსით ისედაც ჰოლისტური მიდგომაა. ამიტომ, როდესაც კოლორადოში გადავედი სასწავლებლად, ძალიან ბუნებრივად მოხდა ჩემი პროფესიისა და იოგას პრაქტიკის სინთეზი. გავეცანი უამრავ კვლევას, რომელიც ადასტურებს, რომ იოგას აქვს აუარებელი სამკურნალო თვისება ჩვენი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის: მაგალითად, გვეხმარება შფოთვასთან, დეპრესიასთან, სტრესთან გამკლავებაში, თანამედროვე ცხოვრების წესით გამოწვეული ბევრი პრობლემის დაბალანსებაში, ძილის გაუმჯობესებაში, სხეულსა და გონებას შორის კავშირის გაძლიერებაში, აწმყოზე ფოკუსირებაში და ა.შ. ამიტომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი იოგას სერტიფიცირებული ინსტრუქტორი. გავიარე ინდური პროგრამა, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ განათლების წყარო ყოფილიყო იოგას სამშობლო.
ამჟამად Bloomin-ის ერთ-ერთი სერვისი მენტალური და ფიზიკური კეთილდღეობისთვის-იოგაა, სადაც სწორედ ამ ცოდნასა და პრაქტიკას ვაერთიანებ და ადამიანებს ვეხმარები, გამოიყენონ იოგა როგორც საკუთარ თავზე ზრუნვის, პრობლემების პრევენციის ერთ-ერთი გზა. ჩემს ინდივიდუალურ კლიენტებთანაც ხშირად ვიყენებ იოგას როგორც თერაპიის ერთ-ერთ ფორმას.
რა იცვლება ჩვენს ცხოვრებაში მაშინ, როცა სავსე, დაბალანსებული ცხოვრებისკენ ვიწყებთ სწრაფვას?
ალბათ, ერთგვარი გამოღვიძებაა და საკუთარ თავთან და გარემოსთან ჯანსაღი ურთიერთების აღდგენა… ჰუმანისტური ფსიქოთერაპიის თანახმად, თვითრეალიზებისკენ სწრაფვა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ამიტომ ეს პროცესი ხშირად არა ახლის სწავლასა და რამის შეცვლას, არამედ უკვე არსებული სიბრძნის, სიძლიერის, რესურსისა და შესაძლებლობების აღმოჩენასა და გახსენებას მოიაზრებს.
მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ ჯანსაღი, დაბალანსებული ცხოვრება არ არის მიზანი – ეს არის მიმდინარე დინამიური პროცესი. ჩვენთან ერთად, ჩვენი გარემოც მუდმივად ცვალებადია. მიზანი არ არის რაიმე იდეალურ მდგომარეობას მივაღწიოთ, მიზანი არის ის, რომ აღვადგინოთ და გავაძლიეროთ ჩვენში არსებული მენტალური, ფიზიკური, თუ სოციალური რესურსი, რომ უკეთ შეგვეძლოს ცხოვრების სირთულეებთან გამკლავება და ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია. თუმცა, ეს გზა ყველასთვის განსხვავებულია. ყველას განსხვავებული წარსული, გამოცდილებები გვაქვს, სხვადასხვა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და გამთლიანების პროცესიც, შესაბამისად, ინდივიდუალურია.
რა არის პროფესიული კეთილდღეობა?
ჩემი აზრით, პროფესიული კეთილდღეობა უპირველესად მოიაზრებს იმას, რომ შენი პროფესია და საქმიანობა თანხვედრაში იყოს შენს შინაგან ღირებულებებთან. ჩემი აზრით, ზოგადად, ადამიანის კეთილდღეობას დიდწილად ის განაპირობებს, როდესაც ვიცით, რომ ჩვენს ცხოვრებას აზრი და მიზანი აქვს და რომ მიზანმიმართულად ჩვენთვის მნიშვნელოვან საქმეს ვუძღვნით დროსა და ენერგიას; რომ ამ საქმის მეშვეობით ჩვენზე ბევრად უფრო დიადი რაღაცის ნაწილი ვხდებით.
უფრო პრაქტიკული მოსაზრებით, პროფესიული კეთილდღეობა ასევე მოიაზრებს, მაგალითად, იმას, რომ თავს დაფასებულად ვგრძნობთ ჩვენს საქმიანობაში, ვიცით, რომ არის განვითარების პერსპექტივა, ჩვენი საქმიანობა საინტერესო გამოწვევაა და არა მუდმივი სტრესი; როდესაც ჩვენს პროფესიაში არ იზღუდება ან არ ირღვევა ჩვენი უფლებები, როდესაც არსებობს ჯანსაღი საზღვრები სამსახურსა და ცხოვრების სხვა სფეროებს შორის და ა.შ.
მესმის, რომ დღეს საზოგადოებაში პროფესიულ წარმატებას ხშირად კონკრეტული ნიშნით განვსაზღვრავთ, მაგალითად, ხელფასის ოდენობით, სტატუსით, ძალაუფლებით, ცნობადობით, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ პროფესიაში საზოგადოების თვალში მიღწეული წარმატება ავტომატურად არ ნიშნავს პროფესიულ კეთილდღეობას.
რით იწყება ცვლილებები, საკუთარ თავზე მუშაობის პროცესი?
ჩემი აზრით, ხშირად თვითრეალიზებას, ჯანმრთელობას თუ წარმატებას ისეთ კონტექსტში განვიხილავთ, თითქოს „გამოსავალი“ თუ „გასაღები“ ყოველთვის რაღაც ახლის სწავლასა და გააზრებაშია. ჩვენც გამუდმებით ვეძებთ ამ „ახალს“, წიგნი იქნება ეს, ტრენინგი, თუ დიეტა. სულ ვეძებთ რაღაც ჯადოსნურ ფორმულას და ელექსირს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ყველა ჩვენს პრობლემას; რაღაც გზას, რომელსაც ერთხელ დავადგებით და შემდეგ ინერციით, ძალისხმევის გარეშე შევძლებთ ვიაროთ.
სინამდვილეში არ არსებობს ერთი უნივერსალური ფორმულა, სირთულეები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, არ არსებობს იდეალური ადამიანი და ცხოვრება. ეს არის პროცესი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. როდესაც გავიაზრებთ და შევწყვეტთ რაღაც ჯადოსნური ტაბლეტის, მოკლე გზის თუ ფორმულის ძებნას, როდესაც გაჩნდება მიმღებლობა საკუთარი თავისა და ცხოვრების მიმართ, აი, ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ იმაზე მუშაობა, რისი შეცვლაც გვინდა.
რაც შეეხება ჯანსაღ კვებას, რამდენად გადამწყვეტი ფაქტორია ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის და, ზოგადად, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის?
საკვები არის ჩვენი ენერგიის წყარო. ჩვენ მიერ მიღებული საკვებით საზრდოობს ჩვენი სხეულის ყოველი უჯრედი, ორგანო, ტვინი… საკვები გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესზე: ტვინის ფუნქციონირებაზე, მიკრობიომის დაბალანსებაზე, იმუნიტეტზე, გუნება-განწყობაზე. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ კვება ჩვენი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია.
ასევე უამრავი კვლევა აკავშირებს თანამედროვეობის ბევრ დაავადებას (ჭარბი წონა, დიაბეტი, მაღალი წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შფოთვა, დეპრესია, გაფანტულობა, უძილობა, სახსრების პრობლემები, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ავტოიმუნური დაავადებები) როგორც კვებასთან, ისე ცხოვრების წესის სხვა ფაქტორებთან. საკვები არის წამალი. ყველაფერი, რასაც ვიღებთ, ან ხელს უწყობს ჩვენს ჯანმრთელობას, ან ხელს უწყობს პრობლემების წარმოქმნას.
თუმცა აქვე დავამატებ, რომ ეს იმას არ ნიშნავს ყველა ლუკმის ჩადება სტრესს იწვევდეს და სულ ქიმიურ დონეზე საკვების გარჩევის პროცესში ვატარებდეთ დროს… ჩვენს დიეტაში უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი დამოკიდებულება საკვების მიმართ. კვება თუ იწვევს შფოთვას, სირცხვილის, დანაშაულის გრძნობას, ეს უკვე ჯანსაღი აღარაა. ასევე რამდენადაც ყველა ადამიანის ორგანიზმი განსხვავდება და ეს საკითხიც კომპლექსურია, არ არსებობს ერთი უნივერსალური სწორი დიეტა. მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ ჩვენს სხეულს და მის ინდივიდუალურ საჭიროებებს. აქაც, როგორც სხვა ყველაფერში, საჭიროა ბალანსი, ინდივიდუალური მიდგომა და იმის გააზრება, რა განაპირობებს ჩვენს კვებით ჩვევებს.
იყო რამე თქვენს ცხოვრებაში, რაც პრობლემას გიქმნიდათ და დაძლიეთ? მაგალითად, სისუსტე, კომპლექსი, რაც წარსულში დარჩა?
როგორც საკუთარ თავთან, ასევე ჩემს კლიენტებთან მიმართებაში, ვცდილობ მოვერიდო საკითხების ასე შავ-თეთრად აღქმას. კი, ნამდვილად დავძლიე პრობლემები და გავიუმჯობესე ჩემი ემოციური იმუნიტეტი და ბევრად დიდი რესურსი მაქვს სირთულეებთან გასამკლავებლად, მაგრამ, ამავდროულად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარაფერია რთული და რომ მომავალში არ შეიძლება გადავაწყდე ისეთ პრობლემას, რომელიც სულ სხვანაირ ძალას მოითხოვს ჩემგან.
მუდმივად თვითგამორკვევის, ძველი ჭრილობების მოშუშების პროცესში ვარ. ყოველ ახალ დღეს ახალი გამოწვევები მოაქვს, მაგრამ ამავდროულად, მოაქვს ახალი შესაძლებლობები, ახალი შანსი, რომ ხელახლა ვცადოთ. რაც მთავარია, ვცდილობ არ დავკარგო კონტაქტი ჩემს შინაგან ხმასთან (მე-სთან), რომელიც, მჯერა, ყველაზე მეტ სიბრძნეს ფლობს და რომელმაც, როგორც წესი, იცის, რა არის ჩემთვის უკეთესი.
რა კომპონენტების ერთობლიობა განსაზღვრავს ცხოვრების მიმართ თქვენს პოზიტიურ ხედვას?
პოზიტიური ხედვაც ნამდვილად არ არის მუდმივი თანდაყოლილი თვისება ჩემთვის. ესეც გამომუშავებული განწყობაა, რომელიც ზოგ დღეს უფრო ადვილად მოდის და ზოგჯერ ბევრად დიდი შრომა მჭირდება, რომ ასე ვიფიქრო. ასე ვიტყოდი: ცხოვრების მიმართ უფრო პოზიტიურ ხედვაში ხელს მიწყობს გამომუშავებული ჩვევები და არჩეული ცხოვრების წესი: როდესაც ვარ ბუნებაში, მზეზე, სუფთა ჰაერზე, როდესაც ჩემს ორგანიზმს ვაწვდი საჭირო ნუტრიენტებს, როდესაც ვარ კარგად გამოძინებული, როდესაც ვმოძრაობ, იოგათი ვარ დაკავებული, როდესაც ჩართული ვარ იმ საქმიანობაში, რომელიც მიყვარს და მაინტერესებს, როდესაც ახალს ვსწავლობ, გამოვხატავ მადლიერებას, როდესაც დროს ვატარებ საყვარელ ადამიანებთან, როდესაც ვიცი, რომ რასაც დროსა და ენერგიას ვუთმობ, ვიღაცასაც სადღაც რაღაცაში ადგება… აი, ასეთ დროს ვარ კარგად და ვგრძნობ დადებით ემოციებს… შესაბამისად, ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ხშირად ვაკეთო ის, რაც დადებით გავლენას ახდენს ჩემზე და ჩემს ცხოვრებაზე და ვიცი, რომ რაც უფრო ხშირად გავაკეთებ, ნაკლები ძალისხმევა დასჭირდება ამ პროცესს და უფრო მძაფრად ვიგრძნობ მის შედეგს.
ამ პროცესში ყველაზე ძალიან მაინც დამეხმარა მედიტაციის დაწყება და მადლიერების დღიურის წარმოება, რამაც ჩემს ფიქრებსა და ემოციებზე განსჯის გარეშე, გარედან დაკვირვების საშუალება მომცა და დამეხმარა ჩემს ცხოვრებაში არსებული დადებითის უფრო დაფასებაში… ეს კი დამეხმარა საკუთარი თავის მიმართ მეტი ემპათიის, მიმღებლობისა და სიყვარულის კულტივაციაში.
როგორია თქვენი გეგმები? სად, რა მიმართულებით ხედავთ მომავალს?
ამჟამად ჩვენი ბლოგისა და ინსტაგრამ გვერდის მეშვეობით საზოგადოებას ვაწვდით სანდო, გამარტივებულ და საინტერესო ინფორმაციას, გვაქვს ჰოლისტური ფსიქოთერაპიის სერვისი და იოგას მცირე ჯგუფები და ასევე, ვახორციელებთ სხვადასხვა თემატურ პროექტებს და კოლაბორაციას მსგავსი ღირებულებების მატარებელ ბრენდებთან და კომპანიებთან.
ჩემი მიზანია გავაგრძელო BLOOMIN-ის როგორც ჰოლისტური ჯანმრთელობის ბრენდის/ცენტრის განვითარება – რომ ის იყოს ადამიანების გზამკვლევი და მეგზური თვითშემეცნების, თვითრეალიზებისა და გამთლიანების პროცესში.
ძალიან ბევრი საინტერესო მიმართულების განვითარების და განხორციელების პროცესში ვართ. ვაპირებ ისეთი პროფესია და ბრენდი შევქმნა, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება და მისგან დასვენება და მისი შეცვლა არასდროს მომინდება!