შეხვედრა ნინო ჩუბინიშვილთან

ჩუბიკას აღქმისა და გარესამყაროს სინთეზი მისი პერსონალური ლაბირინთია, რომელიც აუცილებლად მოგხიბლავს და გაგანდობს დიზაინერის წარმოსახვით საიდუმლოებს.

თუმცა, ფრთხილად უნდა გაიცნო ის, ნელ-ნელა აჰყვე ამ მინიმალისტურ წყობას და კითხვები დაუსვა მის ინსტალაციებს, სკულპტურებსა და არტ-ობიექტებს, როგორც შთაგონების ავტონომიური რესპუბლიკის გმირებს.

25 ოქტომბერს, სტატუს შეხვედრების ფარგლებში, “თიბისი სტატუსისა” და Forbes Woman Georgia-ს მიერ ორგანიზებულმა შეხვედრამ სწორედ ჩუბიკას, ანუ ხელოვან ნინო ჩუბინიშვილს უმასპინძლა.

ჩუბიკა თავის შემოქმედებაში ხშირად იყენებს გრაფიკას, სკულპტურებს, სცენისა და კოსტუმების დიზაინს, ხოლო მისი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებს სტუმრობენ.

ნინო ჩუბინიშვილის მიერ შექმნილი სამოსი მოდისა და ხელოვნების საუკეთესო სინთეზია, მას აქვს უნიკალური ხელწერა, რომელიც უპირისპირდება სამყაროს სტანდარტულ აღქმას და გამოგზაურებს დროისა და ადგილის უსასრულო სივრცეში.

შეხვედრის ფარგლებში ჩუბიკა მის პროფესიულ თავისებურებებზე გვესაუბრა, მოგვიყვა იმ მრავალფეროვან გამოცდილებაზე, რომელიც წლების მანძილზე სხვადსხვა ქვეყნებში დააგროვა. ხელოვნებაში ძალიან მნიშნველოვანია ჯაჭვური კავშირი, როდესაც ხელოვანს შესაძლებლობა ეძლევა სხვისი თვალით დაინახოს საკუთარი ნამუშევარი, ხოლო თავის მხრივ, ხელოვნების მოყვარულებმა შეძლონ თავიანითი ხედვები და წარმოდგენები თავად ხელოვანს გაუზიარონ. ჩუბიკას თქმით, “თიბისი სტატუსისა” და Forbes Woman Georgia-ს მიერ ორგანიზებული შეხვედრა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, ის ახალის სწავლისა და აღმოჩენის საუკეთესო შესაძლებლობა გამოდგა.

ჩუბიკა სულ ცოტა ხნის წინ ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, რომელიც მის ახალ პროფესიას, ინტერიერის დიზაინს უკავშირდება. მას ეკუთვნის ყვარლის ტბაზე არსებული “Kvareli Lake Resort-ის” ლობის დიზაინი, რომელიც დამსვენებელს აბსოლუტურ სიმშვიდესა და ჰარმონიას უქმნის.

თვითონ ასე ჰყვება: “არ მინდოდა გადატვირთული დიზაინი შემექმნა, ისეთი გარემო, რომელიც თავად გკარნახობს როგორ მოიქცე. ბევრი ფიქრი არც იყო საჭირო, უბრალოდ ამ ყველაფრის სწორად დანახვა იყო აუცილებელი. გონებაშიც აქაურობის პოეტური ენა თავისთავად ტივტივდებოდა, უბრალოდ მე ამ პოეტური ენის პირდაპირ თარგმნა არ მიყვარს. ყველაფერი რაღაც ერთ სცენარში უნდა ჩაწერილიყო. ამ დიზაინში ჩემი სკულპტურებია და ჩემ მიერ არჩეული ნივთები, ეს ყველაფერი ერთად რაღაც ამბავს ჰყვება. ატმოსფეროს შექმნისას ბავშვობის მეხსიერება გადმოვიტანე, დავურთე მითოლოგიური ასპექტები, რომელიც ძალიან მიყვარს. ყველაფერი სიმარტივესთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, მე მიყვარს მარტივად ცხოვრება და, მით უმეტეს, დასვენება.”

ეს ჩუბიკაა, მისგან ყოველთვის გაიგებთ რაღაც ახალს, თუმცა ყველგან და ყოველთვის ამოიცნობთ მის ხელწერას, არ აქვს მნიშვნელობა საფრანგეთში მოხვდებით, არაბულ ქვეყნებში იმოგზაურებთ თუ შემთხვევით, დროის მანქანით ოთხმოცდაათიანი წლების ქართულ არტ-სცენას ესტუმრებით.

ის თავისი შემოქმედების სულის ნაწილს ყველგან ტოვებს.